გიორგი ნიჟარაძე:
"საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბი დაკომპლექტებულია და გადავწყვიტეთ, მისი შემადგენლობა საზოგადოებისთვის უფრო ახლოს გაგვეცნო. ნაკრების მთავარ მწვრთნელ რიჩი დიქსონს
რიჩი დიქსონი გახლავთ IღB-ს მწვრთნელთა გადამზადების კომიტეტის ხელმძღვანელი, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ყველა მწვრთნელს მის ხელში გაუვლია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ ნაკრების საჭე სწორედ მას ვანდოთ. ვფიქრობთ, ის შეძლებს იმ მიზნის მიღწევას, რაც 2011 წლის მსოფლიო თასზე დავისახეთ.
ამაში რიჩი დიქსონს საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტთა ჯგუფი დაეხმარება. დაცვის მწვრთნელად მოვიწივიეთ ჯონ მაგლტონი, რომელისაც დაცვის მეფის სახელითაც იცნობენ. ის წლების განმავლობაში ავსტრალიის ნაკრების დაცვას წვრთნიდა.
ფიზმომზადებაში ეროვნულ ნაკრებთან ავსტრალიელი გერეთ ადამსონი იმუშავებს, რომელიც ამჟამად ინგლისური "ჰარლიქვინზის" ფიზმომზადების მწვრთნელია. ის ჩვენთან საქმიანობას მომავალი წლის ივნისიდან შეუდგება.
უკანა ხაზს შოტლანდიელი დონალდ კასკი გაწვრთნის, რომელიც რიჩი დიქსონის ხელმძღვანელობით თამაშობდა და მისი მოწაფეა. ის დიქსონთან ერთად სპეციალურად ჩამოვიდა "შავი ზღვის თასის" მატჩებზე, რათა საქართველოში მოთამაშე მორაგბეები საქმეში ენახა. ამასთან, ტიმ ლეინისგან განსხვავებით, დონ კასკი სქართველოში 10-11 თვეს დაჰყოფს და ყველა ასაკობრივ ნაკრებსა და კლუბებთან იმუშავებს.
ნაკრების მწვრთნელობის კიდევ ერთი კანდიდატია მაიკლ ბრედლი, ის ირლანდიის ნაკრებში ცხრა ნომრად თამაშობდა. მას ექნება ტექნიკური მრჩევლის ფუნქცია, ძალიან ძლიერია სტრატეგიაში, იმუშავებს ცხრა ნომრებთან და შერკინებასთან. აღსანიშნავია, რომ ბრედლი ირლანდიის A ნაკრების მწვრთნელი იყო. მას ერთთვიან კონტარქტს გავუფორმებთ და ნოემბრის ტესტებისთვის მოვიწვევთ. თუ დავინახავთ, რომ საჭირო კაცია, მაშინ დავტოვებთ, თუ არა და უკვე არსებული მწვრთნელთა შტაბი განაგრძობს მუშაობას.
ახალ ზელანდიაში უმძიმეს ჯგუფში მოგვიწევს თამაში. ინგლისის ნაკრები 2007 წლის მსოფლიო თასის ფინალისტია, არგენტინის ეროვნული გუნდი კი ამავე მსოფლიო თასზე მესამე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება შოტლანდიას, პერიოდულად რაც უნდა სერიოზული ჩავარდნები ჰქონდეს, მსოფლიო თასზე ყოველთვის ძლიერად ასპარეზობს. მეოთხე მეტოქეს ნოემბერში რუმინეთისა და ურუგვაის დაპირისპირება გაარკვევს. არც ერთი მათგანი ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის.
მსოფლიო თასისთვის მზადების პროგრამა შემუშავებულია. მზადებას ნოემბრის ტესტებით ვიწყებთ. 20 და 27 ნოემბერს, შესაბამისად, კანადისა და აშშ-ის ნაკრებებს ვუმასპინძლებთ. ეს მწვრთნელების პირველი შეხვედრა იქნება გუნდთან და ვფიქრობ, ორი კვირა ერთმანეთის გასაცნობად და იმის დასანახად, რაზეა მეტი სამუშაო ჩასატარებელი, საკმარისი ინება.
უშუალოდ მსოფლიო თასისთვის მზადებას ივნისში თბილისში სწორედ ამ სანაკრებო ბაზაზე დავიწყებთ. იმ დროისთვის უკევ აშენებული იქნება სასტუმროც, რომელიც 52 კაცზეა გათვლილი. მერე ნაკრები საფრანგეთში გადაბარგდება და იქ განაგრძობს მზადებას. იქვე ტრადიციულ, პრესტიჟულ "არმან ვაკერენის" სახელობის ტურნირში ითამაშებს. ახალ ზელანდიაში "ბორჯღალოსნები" 5 სექტემბერს ჩავლენ. პირველი თამაში კი 14 სექტემბერს გვექნება შოტლანდიის ნაკრებთან.
ჩვენი პროგრამა-მინიმუმია ერთი თამაშის აუცილებლად მოგება და სხვა მატჩებში ღირსეულად თამაში. მაქსიმუმი კი მსოფლიო თასის მსვლელობისას გამოჩნდება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ერთი რამ გადაჭრით შემიძლია გითხრათ - საქართველოს ნაკრები ყველა თამაშზე მოსაგებად გავა."
ლადო ვარძელაშვილი:
"რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო რაგბის კავშირს მაქსიმალურად მხარს უჭერს. ეს პროგრამა მომავალ წელსაც იმუშავებს და არ მარტო ეროვნული ნაკრების განვითარებას, არამედ მთლიანად ქართულ რაგბის მოიცავს.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რაგბის კავშირს საკუთრებაში გადაეცეს მიწის ნაკვეთები, სადაც კერძო სექტორი ჩინებულ სპორტულ ბაზებს აშენებს. ეს არის შესანიშნავი მაგალითი სახელმწიფოსა და ბიზნესის ერთობლივი საქმიანობისა, ურთიერთმხარდაჭერისა.
რაგბი სპორტის სტრატეგიული, ძალზე მნიშვნელოვანი სახეობაა და მას მომავალშიც ყველანაირად დავეხმარებით"
რიჩი დიქსონი:
"კარგი იქნებოდა, ფიზმომზადების მწვრთნელი გერეთ ადამსონი ნოემბრის ტესტებისას ჩვენთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ ის საწვრთნელ პროცესში მაინც მიიღებს მონაწილეობას. მარტში კი ერთა თასის გათამაშებისას აუცილებლად ჩამოვა და ახლოს გაიცნობს თითოეულ მოთამაშეს, მათ შესაძლებლობებს. ამასთან ერთად, ის დაუკავშირდება იმ ფრანგული გუნდების ფიზმომზადების მწვრთნელებს, სადაც ჩვენი მორაგბეები თამაშობენ და მათთან კონსულტაციის საფუძველზე მზადების გეგმას შეიმუშავებს.
რაც შეეხება ჯონ მაგლტონს, 2007 წლის მსოფლიო თასზე ირლანდიასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს არა მარტო ის, მთელი მსოფლიო კარგად იცნობს. მე ერთი წელია, საქართველოში ვარ და უკვე ვიცი ქართული კულტურა, ქართველების ხასიათი. ვეცდები, ყველა ახალ მწვრთნელს ავუხსნა, გავაგებინო, სწრაფად შევასწავლო თქვენი კულტურა, რათა ინტეგრაცია მაქსიმალურად მალე მოხერხდეს.
ჩვენი მოვალეობაა, მოთამაშეთა არსებულ ბაზაზე შევქმნათ ძლიერი გუნდი. მთავარია, მოთამაშეები დავაჯეროთ, რომ შეუძლიათ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები თავიანთი რაგბის ნაკრებით იამაყებენ."
დონ კასკი:
"შავი ზღვის თასის მატჩებს ყურადღებით ვადევნებ თვალს. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ქართველი მორაგბეების უკომპრომისო თამაშის მანერამ. ცხადია, ქართველ უკანახაზელებს აქვთ დადებითი მხარეები, მაგრამ ჩემი მიზანია, ისინი კიდევ უფრო შთამბეჭდავად ავათამაში-რატომღაც შებოჭილნი, რაღაც დადგენილი ნორმებით თამაშობენ. ვეცდები, მათი თამაში უფრო გახსნილი, ლაღი და შემოქმედებითი გავხადო.
ნაკრების წევრთა უმრავლესობა საფრანგეთში თამაშობს, მაგრამ აქაც ბევრი კარგი მორაგბეა და თუ სწორად ვიმუშავებთ, კონკურენცია გაიზრდება, საქართველოს ნაკრებში მოხვედრა ძალიან ძნელი იქნება."
მწვრთნელთა შტაბი:
ჯეიმზ რიჩარდ დიქსონი (შოტლანდია) - მთავარი მწვრთნელი
დაიბადა 1947 წლის 3 იანვარს
1966-69 წლებში დაამთავრა ჯორდანჰილის პედაგოგიური კოლეჯი და შოტლანდიის ფიზიკური კულტურისა და სპორტის უნივერსიტეტი.
1969-80 წლებში იყო შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მოთამაშე.
1975-79 წლებში შოტლანდიის B ნაკრების კაპიტანია.
1981-83 წლებში შოტლანდიის ოცდაერთწლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა.
1981-90 წლებში "გლაზგო ვორიორზის" მთავარი მწვრთნელია.
1987-90 წლებში შოტლანდიის B ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
1993-95 წლებში ედინბურგის ქალაქის საბჭოს სპორტის დეპარტამენტის თანადამფუძნებელია.
1991-95 წლებში შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია (შერკინების მწვრთნელი).
1995-98 წლებში შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად იმუშავა.
1999-2002 წლებში "გლაზგო ვორიორზის" მთავარი მწვრთნელია.
1999-2005 წლებში შოტლანდიის რაგბის კავშირში მწვრთნელთა განვითარების განყოფლების ხელმძღვანელია.
2005-07 წლებში შოტლანდიის რაგბის კავშირის დირექტორია.
2007-09 წლებში შოტლანდიის რაგბის კავშირის სტრატეგიული პროექტების მენეჯერია.
2009 წლიდან IღB-ს სანაკრებო რაგბის კონსულტანტია.
ჯონ მაგლტონი (ავსტრალია) - დაცვის მწვრთნელი
დაიბადა 1960 წლის 16 იანვარს
1978-81 წლებში სწავლობდა კასლ ჰილის კათოლიკური კოლეჯში, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სპეციალობაზე.
1976-89 წლებში თამაშობდა რაგბი ლიგის ანუ ცამეტკაცა რაგბის სხვადსხვა კლუბში.
1990-97 წლებში მუშაობდა მწვრთნელად რაგბი ლიგის გუნდ "ნორთ სიდნეი ბეარსის" მწვრთნელად.
1991-99 წლებში ფიზკულტურის მასწავლებელია ავსტრალიის რამდენიმე უმღლეს სასწავლებელში.
1997-2000 წლებში კანბერის "ბრამბიზის" დაცვის მწვრთნელია.
1997-2007 წლებში ავსტრალიის ეროვნული ნაკრების დაცის მწვრთნელია.
შედეგები:
1999 წელი-მსოფლიო თასის მფლობელი.
2000-01 წლები- სამი ერის ჩემპიონი
2003 წელი- მსოფლიო თასის ფინალისტია.
2000-2003 წლებში სიდნეის "ვორათაზის" დაცვის მწვრთნელი.
2003-2005 წლებში ბრისბენის "რედსის" დაცვის მწვრთნელია.
2006 წელი-ავსტრალიის A ნაკრების მწვრთნელი.
2008-2010 წლებში უელსური "ჰლანეჰლის" დაცვის მწვრნელია.
გერეთ ადამსონი (ავსტრალია) - ფიზმომზადების მწვრთნელი
დაიბადა 1972 წლის 27 მაისს.
თამაშობდა ავსტრალიის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის კლუბ "ისტვუდში".
1997-99 წლებში ვესტფილდის სპორტული სკოლის მწვრთნელია.
1999-2001 წლებში სიდნეის "ვორათაზის" ოცდაერთწლამდელთა გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელია.
2001-2005 წლებში საფრანგეთის ელიტური, პირველი დივიზიონის "გრენობლის" ფიზმომზადების მწვრთნელია.
2006 წლიდან ინგლისის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის კლუბ "ჰარლიქვინზის" ფიზმომზადების მწვრთნელია.
დონ კასკი (შოტლანდია)-უკანა ხაზის მწვრთნელი
დაიბადა 1965 წლის 12 დეკემბერს.
1983-85 წლებში თამაშობდა ინგლისურ კლუბ "ბრისტოლში".
1985-89 წლებში "ლონდონ სკოტიშის" ღირსებას იცავდა.
1989-97 წლებში ინგლისური "გლოსტერის" მოთამაშეა.
1983-97 წლებში შოტლანდიის სტუდენტური, ოცდაერთწლამდელთა, A და B ნაკრებების მოთამაშეა.
2003-2004 წლებში ინგლისური გუნდის, "ჩელტენჰემის" უკნა ხაზის მწვრთნელია.
2004-2010 წლებში ინგლისური კლუბის, "მოსლის" უკანა ხაზის მწვრთნელი და ვიდეო ანალიზის სპეციალისტია.
მაიკლ ბრედლი (ირლანდია) - ტექნიკური მრჩეველი
დაიბადა 1962 წლის 17 ნოემბერს.
1984-95 წლებში ცხრა ნომრის პოზიციაზე თამაშობდა ირლანდიის ეროვნულ ნაკრებში, მოიხვეჭა 40 კეპი.
1987 და 1995 წლების მსოფლიო თასის გათამაშებაში ირლანდიის ეროვნული ნაკრების წევრი იყო.
2003-2010 წლებში ირლანდიური "ქონოთის" დირექტორი, ასევე ირლანდიის U-21 და A ნაკრებების მწვრთნელი.
2008 წელს იყო ირლანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. ის ხელმძღვანელობდა "სამყურებს" ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში გამართულ ტურნეში. ასევე, "ბარბაროსებთან" გამართულ მატჩში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"