მილტონ ჰეიგი: მთავარია, ჩვენს ძლიერ მხარეებს როგორ გამოვიყენებთ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიასთან ტესტ-მატჩისთვის ემზადება. შეხვედრა 17 ნოემბერს "მიხეილ მესხზე" გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

"ბორჯღალოსანთა" ახალზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა დაასახელა 23-კაციანი შემადგენლობა და 15-კაციანი სასტარტო გუნდი.

საქართველოს ნაკრები ძლიერ მეტოქეს საბრძოლო შემადგენლობით ხვდება, თუმცა ტრავმათა გამო მაინც მოისაკლისებს რამდენიმე წამყვან მოთამაშეს - ვასილ კაკოვინს, ჯაბა ბრეგვაძეს, გიორგი ჩხაიძეს და დიმიტრი ბასილაიას.

გუნდში არიან და იაპონიასთან თამაშს სასტარტოში დაიწყებენ ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მელელოვე ირაკლი მაჩხანელი, საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილი და გუნდის ლიდერი მამუკა გორგოძე.

ასევე, სასტარტო შემადგენლობაშია 35
წლის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე, რომელიც ნაკრებში 83-ე მატჩს გამართავს და ამ მხრივ ის ეროვნული გუნდის რეკორდსმენია.

მართალია, იაპონიასთან შეხვედრა "ამხანაგურის" სტატუსს ატარებს, რაც საერთაშორისო რაგბიში "ტესტ-მატჩად" იწოდება, მაგრამ ეს თამაში "ბორჯღალოსნებისთვის" მაინც ძალზე მნიშვნელოვანი და პრინციპულია.

იაპონია მსოფლიო რაგბიში მეორე ეშელონის ნაკრებთა რიგშია ისევე, როგორც საქართველო. "ბორჯღალოსნებს" "საკურებთან" ერთადერთხელ უთამაშიათ - 2006 წელს, როდესაც შეთხელებული შემადგენლობით ესტუმრნენ და ოსაკაში 7:32 წააგეს.

ამჟამად იაპონია ევროპაში ტურნეს მართავს. ერთი კვირის წინ ბუქარესტში 34:23 მოუგო საქართველოს პრინციპულ მეტოქე "რუმინეთს" და ამ გამარჯვების შემდეგ მსოფლიო რეიტინგში მე-15 პოზიციაზე ჩაენაცვლა საქართველოს. ასე რომ, თუ "ბორჯღალოსნები" შაბათს მის დამარცხებას შეძლებენ, ამ პოზიციას დაიბრუნებენ.

იაპონია შვიდივე მსოფლიოს თასის მონაწილეა და მსოფლიო რაგბიში ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება.

ეს გუნდი თამაშობს სწრაფად და გაშლილად, ხოლო მის სისუსტედ ჩაითვლება მსუბუქი შერკინება.

"ბორჯღალოსნები" შინ განსაკუთრებით კარგად თამაშობენ - თბილისში არ წაუგიათ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.

16 ნოემბერს "ბორჯღალოსნებმა" "მიხეილ მესხზე" ბოლო ვარჯიში გამართეს, შემდეგ კი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შეკითხვებს უპასუხეს.

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"ყველა ამბიციური მწვრთნელი თვლის, რომ ნებისმიერი თამაშის წინ გუნდი არასაკმარისად არის მომზადებული, თუმცა ამ შემთხვევაში ვიტყვი, რომ სრულფასოვან მზადებაში ძალიან დაგვეხმარა საფრანგეთში გავლილი შეკრება.

თამაშის წინ არ მინდა ჩვენს სისუს
ტეებზე ვილაპარაკო; მთავარია, როგორ გამოვიყენებთ ჩვენს ძლიერ მხარეებს".

ირაკლი აბუსერიძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი):
"რთული თამაში გვექნება. იაპონია ძლიერი გუნდია, ტექნიკური უკანა ხაზი ჰყავს და ყველანაირად ვეცდებით, რომ მათი ძლიერი მხარეები გავანეიტრალოთ.

ტექნიკის დახვეწაში ძალიან გვეხმარება ტანა უმაგა. ტანა ლეგენდარული მოთამაშეა და თავის მდიდარ გამოცდილებას ხალისით გვიზიარებს".


დავით ზირაქაშვილი (საქართველოს ნაკრების მორკინალი):
"დიახ, იაპონია ორგანიზებული და თავგანწირული გუნდია, მაგრამ ჩვენც არანაკლებ ორგანიზებულები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ამ თამაშის მოსაგებად.

მახსოვს დრო, როდესაც ნაკრები საკმაოდ ხშირად მარცხდებოდა თავის მოედანზე; ახლა კი დიდი ხანია, თბილისში არ წაგვიგია. ვეცდებით, ახლაც მოვიგოთ და საამაყო სერია გავაგრძელოთ."


ტესტ-მატჩი. 17 ნოემბერი. თბილისი, "მიხეილ მესხი". 15:00
საქართველო - იაპონია
საქართველო: 15 ირაკლი ყიასაშვილი ("ლელო"), 14 ირაკლი მაჩხანელი ("არმაზი"), 13 დავით კაჭარავა ("როდეზი"), 12 მერაბ შარიქაძე ("ჰართპური"), 11 ალექსანდრე თოდუა ("ალბი"), 10 მერაბ კვირიკაშვილი ("სენ-ჟუნიენი"), 9 ირაკლი აბუსერიძე ("ოსერი"); 8 მამუკა გორგოძე ("მონპელიე"), 7 ვიტო კოლელიშვილი ("კლერმონი"), 6 შალვა სუთიაშვილი ("მასი"), 5 ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი"), 4 გიორგი ნემსაძე ("ტარბი"), 3 დავით ზირაქაშვილი ("კლერმონი"), 2 შალვა მამუკაშვილი ("არმია"), 1 დავით ხინჩაგიშვილი ("ბრივი")
სათადარიგოები: 16 ირაკლი ნატრიაშვილი ("ბრივი"), 17 მიხეილ ნარიაშვილი ("მონპელიე"), 18 დავით ქუბრიაშვილი ("ტულონი"), 19 ვახტანგ მაისურაძე ("ალბი"), 20 გიორგი ბეგაძე ("ბათუმი"), 21 გიორგი თხილაიშვილი ("არმია"), 22 ლაშა ხმალაძე ("ლელო"), 23 თედო ზიბზიბაძე ("პერიგო")

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ტანა უმაგა

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული