რა აკლია ჩვენ ნაკრებს მაღალ დონემდე

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებმდე ერთი საათით ადრე ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონის სააქტო დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა შტაბი წარადგინა.

გიორგი ნიჟარაძე:
"წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს, ყველა მათგანთან ხელშეკრულება გაფორმებულია და უკვე ოფიციალურად შეუდგნენ მუშაობას. რიჩი დიქსონი მთავარი მწვრთნელია, მას ყველა კარგად იცნობთ, ის ერთი წელწადია, რაგბის კავშირში ბავშვთა რაგბის განვითარების პროგრამაზე მუშაობს.

შოტლანდიელი დონ კასკი დიქსონს უკანა ხაზის გაწვრთნაში დაეხმარება. ჯონ მაგლტონი მსოფლიოში დაცვის საუკეთესო მწვრთნელადაა აღიარებული. ის ავსტრალიის ნაკრების დაცვის მწვრთნელი
იყო 10 წლის განმავლობაში და1999 წელს გუნდთან ერთად მსოფლიო თასი მოიგო.

მაიკლ ბრედლი ირლანდიის ნაკრებში ცხრა ნომრად თამაშობდა. გუნდში 44 კეპი მოიხვეჭა. მერე ამ ქვეყნის A ნაკრების მწვრთნელი იყო. ის მთავარ მწვრთნელს სტრატეგიის დაგეგმვასა და თამაშის ანალიზში დაეხმარება. კანადისა და აშშ-ის ნაკრებებთან მატჩებისთვის მზადებისას კი ცხრა ნომრებთან და შერკინებასთან იმუშავებს.

ფიზმომზადების მწვრთნელი გერეთ ადამსონი საქართველოს ნაკრებს ივნისიდან შეუერთდება. მანამდე კი მის ფუნქციას შეასრულებს მარკ დიქსონი, რომელიც რაგბის კავშირში ფიზმომზადების პროგრამის შექმნაზე მუშაობს.

ამის გარდა, დონ კასკის დამსხურებაა, რომ ინგლისიდან უსასყიდლოდ ჩამოვა მაღალი კვალიფიკაციის ექიმი ქალი, რომელიც არა მარტო ნაკრებთან იმუშავებს, არამედ საქართველოში სპორტულ მედიცინაზე ლექციებს წაიკითხავს და სპეციალისტების მომზადებაში დაგვეხმარება.

ინგლისიდანვე გვეწვევა ვიდეოანალიზის სპეციალისტი, რომელიც უახლესი ტექნიკით იქნება აღჭურვილი, ისიც ნაკრების პარალელურად კლუბების მწვრთნელებთან იმუშავებს და ვიდეოანალიზის ახალ ტექნოლოგიას შეასწავლის.

ერთი სიტყვით, ნაკრებს სპეციალისტთა საკმაოდ სერიოზუილი ჯგუფი მოემსახურება, მათ ყველა პირობა შეექმნებათ დასახული მიზნის მისაღწევად."

რიჩი დიქსონი:
" ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რა სერიოზულ საქმეს შევეჭიდეთ. მსოფლიო თასამდე ათი თვით ადრე შემუშავებული გვაქვს გარკვეული სტრატეგია, რომლის მიხედვითაც მოემზადება გუნდი. ჩვენ, მწვრთნელთა შტაბი, როგორც ერთი გუნდი, ისე ვიმუშავებთ და ყველანაირად ვეცდებით, ისეთი შედეგი ვაჩვენოთ, როგორსაც ჩვენგან ელიან. უახლოესი მატჩები კანადისა და აშშ-ის ნაკრებებთან გველის. ორივე რანგით ჩვენზე მაღლა დგას და ამიტომ მათთან წარმატების მიღწევა, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია.

ნაკრებში ამჯერად 42 მოთამაშეს ვუხმეთ. ვნახეთ ქართული გუნდები "შავი ზღვის თასის" გათამაშებაში, დავესწარით ჩემპიონატის პლეი ოფებს და ნაკრებში შინაურ ჩემპიონატში მოასპარეზე საკმაოდ ბევრი მოთამაშე მოხვდა.

ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიმდინარეობს მოთამაშეების შერჩევა არა მარტო მომავალი მსოფლიო თასისთვის, არამედ შემდეგი პერიოდისთვისაც. მსოფლიო თასის შემდეგ რაგბი არ ჩერდება, ამიტომ აქედანვე უნდა შევიგულოთ ის მორაგბეები, ვინც ახალზელანდიური ბატალიების შემდეგ ეროვნულ გუნდში დაიკავებენ ადგილს. ასე რომ, ნაკრებში მოხვედრა ყველას შეუძლია, ოღონდ გვანახეთ, რომ იმსახურებთ".


მაიკლ ბრედლი:
"შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო, კანადა და აშშ მსოფლიო კლასიფიკაციაში მეზობლები არიან. ეს ქვეყნები ძალიან გვანან ერთმანეთს რაგბის განვითარების დინამიკით, საქმისადმი დამოკიდებულებით. რაც შეეხება კანადის ნაკრებს, ის სწრაფად მოთამაშე გუნდია, კანადელები შესანიშნავად ირჯებიან რაკში თამაშისას, ძალიან მაღალი აქვთ დაცვის ხარისხი. კანადის ნაკრებს რომ მოვუგოთ, საჭიროა, ყველა ამ კომპონენტში ვაჯობოთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ ამას მივაღწიოთ.

მარკ დიქსონი:
"ქართველები ბუნებრივად, გენეტიკურად ღონიერები არიან. ეს ბუნების საჩუქარია და მას სათანადოდ გამოყენება სჭირდება. ეს ამოდენა ძალ-ღონე, ენერგია ხშირად ფუჭად იხარჯება. უნდა ვისწავლოთ მისი რაციონალურად გამოყენება, რათა ამის ხარჯზე მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდეთ"

დონ კასკი:
"მსოფლიოში ყველამ კარგად იცის, რა ძალას წარმოადგენს საქართველოს ნაკრები, განსაკუთრებით კი მისი შერკინების ხაზი. ჩვენი ამოცანაა, გუნდის თამაში უფრო ეფექტური გავხადოთ. დღესდღეობით საქართველოს ნაკრები ორი დამოუკიდებელი გუნდია, შერკინება და უკანა ხაზი ცალ-ცალკე თამაშობს. აუცილებელია, ეს ორი გუნდი გავაერთიანოთ, იქ, სადაც საჭიროა ღია, ხელდახელ ბურთაობა გავაჩაღოთ და ამაში მონაწილეობას ყველა უნდა იღებდეს, როგორც უკანახაზელები, ისე მორკინალები. ეს ერთბაშად არ მოხდება, ამის მიღწევას გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, გუნდს გამართული რაგბი ვათამაშოთ"

ჯონ მაგლტონი:
"საქართველოს ნაკრები თამაშის უკომპრომისო მანერით გამოირჩევა. ყველამ კარგად იცის, რა თავგანწირვით თამაშობენ ქართველი მორაგბეები დაცვისას. სამწუხაროდ, ეს მთელი მატჩის განმავლობაში არ ხდება. თამაში მონაკვეთებადაა დაყოფილი, აქტიურ ფაზას ხშირად პასიური ცვლის, რომლის დროსაც მეტოქე უპირატესობის მოპოვებას ახერხებს. მაღალი დონის გუნდებთან შედარებით განსხვავება სწორედ ესაა. ისინი თავიდან ბოლომდე ერთ ტემპში თამაშობენ.

ნელ-ნელა ეს ჩვენც უნდა შევძლოთ. ჯერ მივაღწიოთ იმას, რომ გიჟურ ტემპს 20 წუთი გავუძლოთ, მერე 30, 40 და მსოფლიო თასისთვის საქართველოს ნაკრებს უნდა შეეძლოს უდიდესი სიჩქარეებით მატჩის ბოლომდე თამაში. თუ მოთამაშეებმა შეძლეს და მაღალ ტემპს 80 წუთი გაუძლეს, ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი რანგის ნაკრები გვყავს".


საქართველოს ნაკრები:
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), გოდერძი შველიძე, გიორგი ჟღენტი (ორივე-მონპელიე), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ჯაბა ბრეგვაძე (ვისოლი\ყოჩები), ირაკლი ნატრიაშვილი (ფარული), დავით დადუნაშვილი (პერიგო).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ფიჟაკი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი), შალვა სუთიაშვილი (მასი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი).
მესამე ხაზი: გია ლაბაძე (ლა სეინი), გიორგი ჩხაიძე (მონპელიე), ბესო უდესიანი (მაკონი), სიმონ მაისურაძე (ვილერბანი), დიმიტრი ბასილაია (ობენა), გელა შალამბერიძე (აია), ლაშა თავართქილაძე (ფარული), ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი), ვიქტორ კოლელიშვილი (ლელო).
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (ფარული), გიორგი როხვაძე (აია), გიორგი კაჭარავა (ლელო), გიორგი ბეგაძე (ვისოლი\ყოჩები).
#10: ლაშა მალაღურაძე (ბეზიე), მერაბ კვირიკაშვილი (ფიჟაკი).
#12-13: თედო ზიბზიბაძე (პერიგო), დავით კაჭარავა (ნიცა), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი), ირაკლი გიორგაძე (ლავორი), გიგა კორკელია (ლელო), რატი ხუციშვილი (ლოკომოტივი), რეზო გიგაური (ფიჟაკი), ირაკლი ჩხიკვაძე (აია)
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (მაკონი), მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო)
#15. ბესიკ ხამაშურიძე (აია), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული