საქართველო-აშშ - მთავარია მოვიგოთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, 14:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდთან გამართავს. "ბორჯღალოსნები" არსებობის ისტორიაში ოკეანისგაღმელებს მეორედ დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ შარშან, "ჩერჩილის" თასის გათამაშებაში, ჩვენი გუნდი 13:31 დამარცხდა და ახლა რევანშია ასაღები.

ამერიკელებმა აქამდე ევროპაში სამი შეხევდრა გამართეს. "არწივებმა" ინგლისურ "სარასენზთან" და შოტლანდიის A ნაკრებთან წააგეს. პორტუგალიის ეროვნულ გუნდს კი 22:18 მოუგეს.

სტუმართა გუნდისგან განსხვავებით საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა. ჩვენმა მორაგბეებმა, იმავე "ჩერჩილის თასეზე" წაგებისთვის, კანადასთან მატჩში აიღეს რევანში
- 22:15.

მართალია, აშშ-ს ნაკრები რეიტინგში კანადაზე უკანაა და მისთვის აგერ უკვე შვიდი წელიწადია არ მოუგია, მაგრამ არანაკლებ ამბიციური და ძლიერი გუნდია.

საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობამ წინასამატჩო პრესკონფერენცია "ქორთიარდ მერიოტში" გამართა და მომავალ მატჩზე დეტალურად ისაუბრა.

რიჩი დიქსონი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: "უწინარესად უნდა აღვნიშნო, რომ კანადის ნაკრებთან მატჩში მიღებული ტრავმების გამო ორი მიორაგბე, გია ლაბაძე და მალხაზ ურჯუკაშვილი დაგვაკლდება. გიამ ნეკნი დაიშავა და დასვენება ჭირდება. მახოს მხარი აქვს დაზიანებული, საშიში არაფერია, მკურნალობას განაგრძობს და მალე გამოჯანმრთელდება, თუმცა, სამწუხაროდ, აშშ-სთან მატჩში ვერ დაგვეხმარება.

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები სერიოზული, ძალიან ძლიერი გუნდია. "არწივებს" დიდი პოტენციალი აქვთ, მძლავრი, სწრაფი და სახიფათო უკანა ხაზი ჰყავთ. მათთნ მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, რათა ამ უპირატესობის ამოქმედების საშუალება არ მიეცეთ.

ამერიკის ნაკრები ნოემბრის ტესტებს უშუალოდ მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებლად იყენებს. აქედან გამომდინარე მოთამაშეთა მოტივაცია იზრდება, ყველა მოინდომებს დაამტკიცოს, რომ ნაკრებში თამაშის ღირსია. ჩვენ ვეცდებით ამ მიზნის მიღწევაში ხელი შევუშალოთ. თუ რას დავუპირისპირებთ აშშ-ს ნაკრებს, ეს მოედანზე, თამაშისას გამოჩნდება. საქართველოს ნაკრებმა ბევრი იმუშავა, გასულ კვირაში დაწყებული სიახლეების დანერგვა ამჯერადაც განვაგრძეთ და ბევრი რამ გავაუმჯობესეთ.

პირველ ხაზში ცლიელბები იმიტომ არ გაგვიხორციელებია, რომ უკმაყოფილონი ვართ. პირიქით, საქართველოს ნაკრებში შერკინების პირველი ხაზი ყველაზე ძლიერი რგოლია. ამ პოზიციაზე ძალიან ბევრი მაღალი დონის მოთამაშე გვყავს, ეს კი საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერ მატჩში მათგან, რაც შეიძლება მეტი გამოვცადოთ.

ბუნებრივია, რომ ყველა მწვრთნელი დიდ ყურადღებას უთმობს ძირითად შემადგენლობას, მაგრამ არანაკლები ყურადღება ესაჭიროებათ სათადარიგოებსაც. თანამედროვე რაგბი ისეთია, რომ ყველა, ოცდაორივე მორაგბე თანაბრად ძლიერად უნდა თამაშობდეს. ამის აუცილებლობა კიდევ უფრო გამოჩნდება, როცა საქართველოს ნაკრები მეტად სწრაფი და ინტენსიური რაგბის თამაშს დაიწყებს.

მსოფლიო თასზე ისეთ გუნდებთან მოგვიწევს რაგბობა, რომლებიც თამაშის სწრაფ ტემპს არიან შეჩვეულნი. ამისთვის მზადება მომავალშიც გაგრძელდება. ამ ეტაპზე კი ვფიქრობ, იგივეს აშშ-ს ძლიერ ნაკრებთან თამაშშიც შევძლებთ.

აუცილებლად უნდა გავითვალსიწინოთ, კანადელებთან მიღებული გაკვეთილები. ცხადია, ამერიკის ნაკრები უნდა დავამარცხოთ, თუმცა ანგარიშს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. იმედგაცრუებულნი დავრჩებით, თუ ვარჯიშებზე დამუშავებულის თამაშში, მოედანზე გადატანას ვერ შევძლებთ".

ლექსო გუგავა, საქართველოს ნაკრების გარემარბი: "ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები თბილისში იმავე შემადგენლობით ჩამოვიდა, რომლითაც შარშან "ჩერჩილის თასზე" გვეთამაშა. ჩვენ მაშინ შესუსტებული შემადგენლობით ვიყავით წასული სასპარეზოდ. ამჯერად მწვრთნელების განკარგულებაში ყველა საუკეთესო მორაგბეა, თანაც შინ ვთამაშობთ.

ამერიკელების მანერა კარგად შევისწავლეთ, მათზე თითქმის ყველაფერი ვიცით, შარშან კი საერთოდ წარმოდგენა არ გვქონდა რა გუნდს ვეთამაშებოდით. ასე რომ, ამჯერად, ვფიქრობ, გამარჯვების მეტი შანსი გვაქვს".


ამერიკელები სასტუმრო "რედისონში" ცხოვრობენ და ჟურნალისტების ცნობიმოყვარეობის დაკმაყოფილებაც იქ გადაწყვიტეს.

ედი ოსალივანი: "თბილისში სავარჯიშოდ შესანიშნავი პირობები გვაქვს. მასპინძლებმა კარგი სარაგბო ინფრასტრუქტურა და მაღალი დონის სასტუმრო დაგვახვედრეს. ერთადერთი პრობლემა ზოგიერთი მოთამაშის მიკროტრავმები იყო, რომლებიც, საბედნიეროდ, მოიშუშეს და ახლა სრულიად ჯანმრთელნი არიან.

საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობ. თქვენი გუნდის გამოსვლებს ჯერ კიდევ 2007 წლის მსოფლიო თასიდან ვადევნებ თვალს. შარშან ამერიკაშიც ითამაშეს "ჩერჩილის თასზე". ჩვენ, კანადა და საქართველო ერთი დონის გუნდები ვართ.

საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარე ღონიერი, საკმაოდ მობილური შერკინებაა, მსოფლიოში ის ერთ-ერთი საუკეთესოა. საკმაოდ აქტიურად თამაშობენ უკანახაზელებიც, გუნდს შეუძლია ბურთი დიდხანს შეინარჩუნოს, ეს კი, ვფიქრობ, თამაშში ბევრ პრობლემას შეგვიქმნის.

ცხადია, საქართველოს ნაკრებთან შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჯერ ერთი, გამარჯვების შემთხვევაში შესაძლებლობა გვეძლევა მსოფლიო რეიტინგში დავწინაურდეთ და მეორე, რაც მთავარია, ვინაიდან ჩვენი ნაკრები მომავალ ივნისამდე აღარ შეიკრიბება, ეს თაამში მსოფლიო თასის მზადების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპად განიხილება.

ტოდ კლევერი: "ქართველ მორაგბეებს ძალიან კარგად ვიცნობ. ხშირად მითამაშია მათ წინააღმდეგ. საკმაოდ ღონიერი, მაღალი დონის პროფესიონალები არიან და, ვფიქრობ, უმძიმესი ბრძოლა გველის."


საქართველო-აშშ
საქართველო: 15. ბესიკ ხამაშურიძე, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. ირაკლი ჩხიკვაძე, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. გოდერძი შველიძე, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. შალვა სუთიაშვილი, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. სიმონ მაისურაძე, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ბესო უდესიანი.
16. ირაკლი ნატრიაშვილი, 17. დავით ზირაქაშვილი, 18. ვიქტორ კოლელიშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. დავით კაჭარავა, 22. მერაბ კვირიკაშვილი
აშშ: 15. კრის ვაილესი, 14. ტაკუძავა ნგვენია, 13. პაულ ემერიკი, 12. ენდრიუ სუნიულა, 11. კევინ სვირინი, 10. ვალენესე მალიფა, 9. ტიმ უსასზი. 1. მატე მოეაკოლა, 2. ფილიპ თიელი, 3. შონ პიტმანი, 4. სამუ მანოა, 5. ჰეიდენ სმითი, 6. ლუ სტანფილი, 7. ტოდ კლევერი, 8. ინაკი ბასაური.
16. კრის ბლერი, 17. მაიკ მაკდონალდი, 18. სკოტ ლავალა, 19. ნიკ ჯონსონი, 20. მაიკ პეტრი, 21. ტაივალუ ენოზა, 22. სეტარეკი ტუილევუკა.

ნოემბრის ტესტები
პორტუგალია-კანადა, ინგლისი-სამხრეთ აფიკა, უელსი-ახალი ზელანდია, იტალია-ფიჯი, საფრანგეთი-ავსტრალია, შოტლანდია-სამოა, ირლანდია-არგენტინა, ესპანეთი-ნამიბია

რეპეშაჟი
რუმინეთი-ურუგვაი


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული