მონპელიე - საფრანგეთის წლევანდელი საოცრება

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა. ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილს "სტად ფრანსესა" და "ბაიონთან" ერთად ლიდერობს ყველაზე ქართული ფრანგული კლუბი, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე".

ჩვენებურთა გუნდის სასტარტო წარმატება მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე დიდი მოულოდნელობაა. ახალი მწვრთნელების, ფაბიენ გალტიესა და ერიკ ბეშუს მისვლის შემდეგ გუნდი სრულიად ახლებურად ათამაშდა. თავად განსაჯეთ: პირველ ტურში სტუმრად ბასკურ "ბიარიცთან" წაგების შემდეგ მონპელიელებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს ჩემპიონატის ფავორიტები, პარიზული "მეტრო რასინგი", შარშანდელი
ფინალისტი, კატალონიური "პერპინიანი" და ფრანგული რაგბის გრანდი "ტულუზი".

"მონპელიეს" შინ ტულუზელებთან უმძიმესი ბრძოლა გადახდა, თუმცა მეტოქეს მინიმალური სხვაობით მაინც მოუგო - 22:21.

ოცდაორივე ქულა მასპინძელთა 25 წლის გარემარბმა მარტინ ბუსტოს მოიანომ მოიპოვა (ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და ხუთი საჯარიმო). აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი მონპელიელებმა 9:16 წააგეს. მეორე ტაიმის პირველ ათ წუთში მოიანომ ორი საჯარიმო გაიტანა, რასაც შუალედში გარდასახული ლელოც დაურთო და თავისიანები 22:16 დააწინაურა.

ეს ანგარიში მატჩის ბოლომდე შენარჩუნდა. ბოლო წუთზე ტულუზელთა მგეზავმა ნიკოლა ბეზიმ შეძლო ლელოს გატანა, თუმცა გარდასახვა გაუცუდდა და გამარჯვება "მონპელიეს" დარჩა.

გორგოძემ სრულად ითამაშა, ჟღენტი 41-ე წუთიდან გამოვიდა. შველიძე, ჩხაიძე და ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ. "მონპელიე" მომდევნო შეხვედრას სტუმრად გამართავს და კიდევ ერთ გრანდს, საფრანგეთის ჩემპიონს დავით ზირაქაშვილის "კლერმონს ეთამაშება".

"ვულკანებმა" მე-4 ტურში სტუმრად წააგეს "მეტრო რასინგთან" - 17:28. ვფიქრობთ, "კლერმონის" ახალზელანდიელ მწვრთნელ ვერნ კოტერისთვის ეს საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს, რადგან "ზირაქას" გუნდმა ოთხი თამაშიდან უკვე ორი წააგო, არადა შარშანდელ ჩემპიონატში სულ სამი წაგება ჰქონდა.

კლერმონელებმა მასპინძლებს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა საწყის ოც წუთში გაუწიეს. მერე კი პარიზელებმა ნელ-ნელა ზეწოლა გაზარდეს, რაც ანგარიშზეც აისახა. "მეტრო რასინგში" ისევ გამოირჩა მგეზავი ჯონათან ვიშნევსკი, რომელმაც ექვსი საჯარიმო, ერთი გარდასახვა და ერთი არეკნი გაიტანა (23 ქულა).

ზირაქაშვილს ისევ ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი და არ უთამაშია.

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ დივიზიონის დებიუტანტ "ლა როშელთან" სტუმრად უმნიშვნელოვანესი და ძნელი გამარჯვება მოიპოვა დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" - 15:13. ჩვენებურის გუნდს ისევ ინგლისელი მგეზავის, ჯონი ვილკინსონის ფეხჩუბინობამ უშველა. ვილკომ ორი საჯარიმო და სამი არეკნი გაიტანა (15 ქულა).

ტულონელებმა პირველი ტაიმი 12:0 მოიგეს. მატჩის 77-ე წუთისთვის კი 15:6-ს იგებდნენ. მასპინძელთა გარემარბმა ნორმან ლიგაირიმ ლელოს გატანა შეძლო, რომელიც შეცვლაზე შესულმა მგეზავმა ბენიამინ დამბიემ გარდასახა - 13:15. დარჩენილ სამ წუთში მასპინძლებმა მეტი ვეღარაფერი მოახერხეს და გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

ქუბრიაშვილი თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო. "ტულონი" მომდევნო შეხვედრას სტუმრად გამართავს დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივთან", რომელმაც ბასკურ "ბაიონთან" სტუმრად წააგო მინიმალური სხვაობით - 18:19.

ბრიველებისთვის წლევანდელი სეზონი უჩვეულოდ წარუმატებლად დაიწყო. ოთხი შეხვედრიდან ჩვენებურთა გუნდმა მხოლოდ ერთის მოგება შეძლო. "ბაიონთან" მატჩში ბრიველებმა ათ წუთში ორი ლელო გაიტანეს და 12:0 დაწინაურდნენ. ბასკები ამის შემდეგ საგრძნობლად გააქტიურდნენ და პირევლი ტაიმი მხოლოდ ორი ქულით დათმეს - 13:15.

შესვენების შემდეგ თამაში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა მასპინძლებმა "ბრივზე" ერთით მეტი, ორი საჯარიმო გაიტანეს და დამსახურებულად მოიგეს - 19:18.

ხინჩაგიშვლი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე კაკოვინმა შეცვალა, რომელიც მატჩის არბიტრმა 66-ე წუთზე გაასინბინა.
ბექა შეყლაშვილის "აჟენმა", რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი აუტსაიდერია, სტუმრად წააგო უშუალო კონკურენტ "ბურგუენთან" - 15:22. ბურგუენელებმა, რომლებსაც, სავარაუდოდ, დროებითი ჩავარდნა აქვთ, მეტოქეს თავიდანვე მოახვიეს თავს საკუთარი თამაში და წლევნადელ ჩემპიონატში პირველად მოიგეს.

შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს.

აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" სტუმრად წაგო გათამაშების ლიდერთან, პარიზულ "სტად ფრანსესთან" - 34:40. მასპინძლებმა თამაში, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში მოიგეს - 37:17. მეორე ნახევარში კასტრელები საგრძნობლად გააქტიურდნენ, მაგრამ გვიანღა იყო.

პარიზელთაგან ორ-ორი ლელო იტალიელმა მესამეხაზელმა სერჯო პარისემ და ინგლისელმა გარემარბმა ოლი ფილიპსმა გაიტანეს, ერთიც საფრანგეთის ნაკრების შერკინების კვაჭის დიმიტრი ზარჟევსკის ანგარიშზეა.

გიორგაძეს და ფეიქრიშვილს არ უთამაშიათ.


საფრანგეთი. I დივიზიონი

IV ტური
მონპელიე-ტულუზი 22:21, პერპინიანი-ბიარიცი 17:12, სტად ფრანსე-კასტრი 40:34, ბურგუენი-აჟენი 22:15, ბაიონი-ბრივი 19:18, ლა როშელი-ტულონი 13:15, მეტრო რასინგი-კლერმონი 28:17.

სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 13 ქულა, 2. ბაიონი - 13, 3. მონპელიე - 13, 4. მეტრო რასინგი - 12, 5. ტულუზი - 11, 6. კლერმონი - 10, 7. კასტრი - 10, 8. ტულონი - 10, 9. ლა როშელი - 9, 10. პერპინიანი - 8, 11. ბიარიცი - 6, 12. ბრივი - 6, 13. აჟენი - 5, 14. ბურგუენი - 4.

V ტური
კლერმონი-მონპელიე, კასტრი -მეტრო რასინგი, ტულუზი-ლა როშელი, ბურგუენი-ბაიონი, აჟენი-პერპინიანი, ბრივი-ტულონი, ბიარიცი-სტად ფრანსე.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული