საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი: მარსელი ვენდეტას მოლოდინში

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის მე-7 ტურის ცენტრალური შეხვედრა მარსელში, "ველოდრომზე" გაიმართება. დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" შარშან ნახევარფინალში წაგების გამო დავით ზირაქაშვილის "კლერმონთან" შურისძიებას ეცდება.

ამ მატჩისადმი ინტერესს ისიც ზრდის, რომ ტულონელები თავს დაჩაგრულად მიიჩნევენ. საქმე ისაა, რომ "ტულონის" პრეზიდენტი მურად ბურჯელალი და გუნდის მწვრთნელები ნახევარფინალში ზირაქაშვილის ლელოს აპროტესტებდნენ. მათი აზრით, "ზირაქას" ჩათვლის მოედანში ბურთი ხელიდან გაუვარდა.

ერთი სიტყვით, ინტერესი დიდია, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ თამაშამდე ერთი დღით ადრე 45 ათასი ბილეთი იყო გაყიდული. ფრანგულ სარაგბო ვებ-გვერდ ლესიტერუგბყ-სთვის მიცემულ
ინტერვიუში ზირაქაშვილი სიფრთხილეს იჩენს:

"ტულონის" შერკინება შარშანდელთან შედარებით საგრძნობლად გაძლიერდა. გუნდს დაემატა ახალზელანდიელი შერკინების ბურჯი კარლ ჰეიმანი. ერთი წელია ტულონელთა ბანაკშია ყოფილი კლერმონელი ლორან ემანუელი, რომელმაც კარგად იცის ჩვენი შერკინების ავ-კარგი და ამჟამინდელ თანაგუნდელებს ბევრ საინტერესოს მოუთხრობს. ასე რომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ და აუცილებელია, მეტოქეს რამე ახალი შევთავაზოთ", - თქვა მან.

ორივე გუნდი ჯერჯერობით შორსაა საუკეთესო ფორმისგან. ორივემ ექვსიდან სამ-სამი შეხვედრა წააგო, რასაც დიდოსტატურ შედეგს ვერაფრით ვუწოდებთ. "კლერმონს" ტრავმის მოშუშების შემდეგ დაუბრუნდნენ ცხრა ნომერი მორგან პარა და მეორეხაზელი ტიბო პრივა. სრულ მზადყოფნაშია "ტულონიც", რომლის მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ ამ შეხვედრას წლევანდელ გათამაშებაში მისი გუნდისთვის გარდამტეხი უწოდა.

პლენეტრაგბი-ს პროგნოზით, უძნელეს მატჩში "ტულონი" მინიმუმ ორი ქულით მოიგებს.

წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი დიდი მოულოდნელობა ყველაზე ქართული ფრანგული კლუბის "მონპელიეს" კარგი თამაშია. მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის გუნდი VII ტურში სტუმრად ეთამაშება დივიზიონის დებიუტანტ, ერთ-ერთ აუტსაიდერს, ბექა შეყლაშვილის "აჟენს".

ფაბიენ გალტიესა და ერიკ ბეშუს ხელმძღვანელობით მონპელიელებმა თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს, ექვსიდან ოთხი მატჩი მოიგეს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან. "აჟენმა" კი ერთი მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა. აღსანიშნავია, რომ შეყლაშვილის გუნდმა ერთადერთი გამარჯვება შინ ბასკურ "ბიარიცთან" მოიპოვა, ფრედ კი შარშანდელ ფინალსიტთან ითამაშა. მაშასადამე, "აჟენს" რეალურად შესწევს ძალა, შესანიშნავად მოთამაშე "მონპელიეს" მოუგოს.

პლანეტრაგბი ფიქრობს, რომ ძნელი, ძირითადად დაცვაზე ორიენტირებული თამაში იქნება და სტუმრები მინიმალური სხვაობით მოიგებენ.

წლეულს შარშანდელთან შედარებით უარესად ასპარეზობს აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" , რომელიც მე-7 ტურში დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივს" მასპინძლობს.

ბრიველებმა წინა ტურში ერთი სენსაცია უკვე გამოაცხვეს, ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად პარიზულ "სტად ფრანსეს" მოუგო და ახლა კიდევ ერთი დიდი სარაგბო ტრადიციების მქონე გუნდის დამარცხებას შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო გიორგაძეს და ფეიქრიშვილს მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ არ უთამაშიათ. ხინჩაგიშვილი და კაკოვინი კი რეგულარულად თამაშობენ.

პლანეტრაგბი-ს პროგნოზით, "კასტრი" მინიმუმ რვა ქულით მოიგებს.

VII ტური
ტულუზი-ბაიონი, პერპინიანი-სტად ფრანსე, კასტრი-ბრივი, მეტრო რასინგი-ბურგუენი, ლა როშელი-ბიარიცი, ტულონი-კლერმონი, აჟენი-მონპელიე

სატურნირო მდგომარეობა
1. ბაიონი - 21 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 18, 3. მონპელიე - 17, 4. ტულუზი - 17, 5. კლერმონი - 15, 6. ბრივი - 15, 7. ტულონი - 15, 8. პერპინიანი - 14, 9. ბიარიცი - 14, 10. სტად ფრანსე - 14, 11. კასტრი - 14, 12. ლა როშელი - 9, 13. აჟენი - 7, 14. ბურგურნი - 6.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული