მორაგბეთა ქართული გუნდი გალიდერდა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში ყველაზე ქართული ფრანგული გუნდი "მონპელიე" მოექცა.

მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" შინ დივიზიონის დებიუტანტი "ლა როშელი დაამარცხა - 26:6 და გუნდის ისტორიაში პირველად ლიდერობს. ელიტური, პირველი დივიზიონის ახალბედებთან თამაში საკამოდ მძიმე გამოდგა. სტუმართა გუნდი მედგრად იცავდა თავს. საწყისი 15 წუთი ისე მიილია მონპელიელებმა მონაგარს ვერაფერი შესძინეს. ამის შემდეგ სალელოვე შეტევა საფრანგეთის ნაკრების მგეზავმა ფრანსუა ტრინ-დუკმა წამოიწყო, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა მამუკა გორგოძემ
განაგრძო და შუამარბ სილვენ მირანდს ლელო გაატანინა.

"გულივერა" მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შველიძემ, რომელიც თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო, 71-ე წუთზე ლელო გაიტანა, რამაც "მონპელიეს" საპრემიო ქულა და ლიდერობა მოუტანა. ფრანგულმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა", მე-8 ტურში, სწორედ შველიძის ლელო გამოარჩია.

ჟღენტი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო. ჩხაიძე და ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ. მომდევნო ტურში "მონპელიეს" კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა ელის სტუმრად "სტად ფრანსესთან". მართალია, პარიზული გუნდი ამჟამად მიზეზთა გამო დაუძლურებულია, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა.

მე-8 ტურის შემდეგ ლიდერთა შორისაა დავით ქუბრიაშვილის "ტულონიც". ჩვენებურის გუნდმა სტუმრად გათამაშების აუტსაიდერი "ბურგუენი" დაამარცხა - 26:3. ტულონელთა რიგებში კვლავ გამორჩეული იყო ინგლისის ნაკრების მგეზავი ჯონი ვილკინსონი, რომელიც შეტევებსაც უნარიანად ხელმძღვანელობდა და კარშიც ზუსტად ყრტყამდა. მის ანგარიშზე 16 ქულაა (ორი-ორი საჯარიმო, არეკნი და გარდასახვა).

ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 73-ე წუთიდან გამოჩნდა. ამსობაში თითქმის ჩაშლის პირასაა მისული "ტულონში" ახალი ზელანდიის ნაკრების მგეზავის დენ კარტერის ტრანსფერი.

"კარტერს ზედმეტი მოსდის. მან წელიწადში მილიონ ორასი ათასი ევრო მოითხოვა. კონტრაქტი კი სამწლიანი უნდა იყოს. ასეთ დიდ თანხას მსოფლიოში არავის უხდიან. ალბათ, ჩვენც ვერ გადავიხდით". - თქვა "ტულონის" მულტიმილიონერმა მფლობელმა მურად ბურჯელალმა.

საფრანგეთის ჩემპიონმა, დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" შინ მოუგო აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" - 24:6. "ვულკანებმა" ამ გამარჯვებით ოდნავ გამოიკეთეს სატურნირო მდგომარეობა.

ზირაქაშვილი თადარიგში იყო და თამაშში 43-ე წუთიდან ჩაერთო. გიორგაძეს და ფეიქრიშვილის არ უთამაშიათ.

დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი" შინ "ტულუზთან" ფრეს დასჯერდა - 16:16. მასპინძლები თამაშის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე 6 ქულით იგებდნენ - 16:10, თუმცა ტულუზელთა მგეზავმა დავიდ სკრელამ ორი საჯარიმო გაიტანა და თანაგუნდლები მარცხისგან იხსნა.

ხინჩაგიშვილი, რომელიც თამაშში 44-ე წუთიდან ჩაერთო, 59-ე წუთზე არბიტრმა გაასინბინა. კაკოვინი განაცხადში არ იყო.

ისევ დამარცხდა ბექა შეყლაშვილის "აჟენი". ჩვენებურის გუნდმა ამჯერად შინ წააგო "სტად ფრანსესთან" - 12:27. შეყლაშვილი განაცხადში არ იყო.


საფრანგეთი. I დივიზიონი

VIII ტური
ბურგუენი-ტულონი 3:26, კლერმონი-კასტრი 24:6, მეტრო რასინგი-ბიარიცი 17:12, ბრივი-ტულუზი 16:16, ბაიონი-პერპინიანი 25:26, აჟენი-სტად ფრანსე 12:27, მონპელიე-ლაროშელი 26:6.

სატურნირო მდგომარეობა
1. მონპელიე - 27 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 27, 3. ტულუზი - 23, 4. ტულონი - 23, 5. პერპინიანი - 22, 6. ბაიონი - 22, 7. ბიარიცი - 19, 8. კლერმონი - 19, 9. სტად ფრანსე - 19, 10. კასტრი - 18, 11. ბრივი - 17, 12. ლა როშელი - 10, 13. აჟენი - 7, 14. ბურგუენი - 6.

IX ტური
ტულონი-კასტრი, პერპინიანი-ლა როშელი, კლერმონი-აჟენი, სტად ფრანსე-მონპელიე, ბურგუენი-ბრივი, ტულუზი-მეტრო რასინგი, ბაიონი-ბიარიცი.


II დივიზიონი

მეორეადგილოსანმა გურამ კავთიძის "ლიონმა" სტუმრად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბორდოსთან" - 15:3. კავთიძე განაცხადში არ იყო.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ მოუგო "ოშს" - 18:14. მაგრაქველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 35-ე წუთზე შეცვალეს. მირცხულავას არ უთამაშია.

გიორგი მანებდიშვილის "გრენობლმა" სტუმრად მოუგო "ექსს" - 36:21. მენაბდიშვილი განაცხადში არ იყო.

V ტური
კოლომიე-სენტ ეტიენი 23:23, დაქსი-ოიონაქსი 26:14, ტარბი-ოში 18:14, ნარბონი-მონ დე მარსანი 24:13, ექსი-გრენობლი 21:36, კარკასონი-ორიაკი 30:6, ბორდო-ლიონი 15:3, პო-ალბი 13:19

სატურნირო მდგომარეობა
1. ალბი - 22 ქულა, 2. ლიონი - 17, 3. ოიონაქსი - 15, 4. ორიაკი - 14, 5. კოლომიე - 14, 6. ტარბი - 14, 7. გრენობლი - 13, 8. მონ დე მარსანი - 11, 9. კარკასონი - 10, 10. დაქსი - 9, 11. ნარბონი - 9, 12. პო - 8, 13. ბორდო - 7, 14. ოში - 7, 15. სენტ ეტიენი - 7, 16. ექსი - 4.

VI ტური
ოში-დაქსი, ექსი-კოლომიე, ალბი-მონ დე მარსანი, ოიონაქსი-ორიაკი, პო-ნარბონი, ლიონი-გრენობლი, კარკასონი-ტარბი, სენტ ეტიენი-ბორდო.

რუმინეთის ჩემპიონატში პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ბიძინა სამხარაძის, კახაბერ უჩავას, ლაშა თავართქილაძის, ოთარ ტურაშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ფარულმა" ბუქარესტის "სტიაუასთან" 15:21 წააგო და ახლა "დინამოსთან" მესამე ადგილისთვის ითამაშებს.

სამხარაძემ, თავართქილაძემ და ნატრიაშვილმა სრულად ითამაშეს. ტურაშვილი 56-ე წუთზე შეცვალეს, უჩავა თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო.

ფინალში "სტიაუა" 2 ოქტომბერს მოქმედ ჩემპიონს, "ბაია მარეს" დაუპირისპირდება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



 

მკითხველის კომენტარები / 3 /
giorgi, მე საიტზე რომ დადოს ინფორმაცია იმას ვთხოვ თორემ ისე კი ვიცი რომ წერს;)
surameli
23:45 27-09-2010
0
@surameli, ჯანგავაძეს ბოლო 9 წლის განმავლობაში ფედერალ 1-ის არც ერთი ტურის მიმოხილვა არ გამოუტოვებია.
giorgi
17:06 27-09-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული