"ტულონმა" დიდი მცდელობის შედეგად მაინც მიაღწია შეთანხმებას 2013 წლის ექვსი ერის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულ ლეიგ ჰალფპენისთან და მომავალი სეზონიდან უელსელი მორაგბე მურად ბურჯელალის გუნდის ღირსებას დაიცავს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიის ნაკრებიდან მოკვეთილი ჯეიმზ ოკონორი, რომელიც ამჟამად ინგლისურ "ლონდონ აირიშში" ირჯება, 2014-15 წლების სეზონს "ტულონში" დაიწყებს, თუმცა გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ მურად ბურჯელალის გუნდში
"ტულონის" უმთავრესმა კონკურენტმა - დავით ზირაქიშვილის "კლერმონმა" კი, უკანა ხაზის გაძლიერება გადაწყვიტა და ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილ მორაგბეს, 24 წლის ზაკ გილფორდს გაუფორმა ორწლიანი კონტრაქტი.
"ვულკანების" ხელმძღვანელთა გათვლებით, გილფორდმა უნდა ჩაანაცვლოს გარემარბი სიტივენი სივივატუ, რომელსაც კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და უკვე გადაწყვეტილია, რომ იგი დატოვებს ფრანგულ კლუბს.
რამდენიმე წლის წინ ზაკ გილფორდი უნიჭიერეს მორაგბედ ითვლებოდა. მას 20 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი "ოლ ბლექსის" რიგებში და 20 შეხვედრის ჩატარებაც მოასწრო, თუმცა მოგვიანებით ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები გაუჩნდა და ახალი ზელანდიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობის სპეციალური კურსიც ჩაუტარდა, რის შემდეგაც იგი ეროვნულ გუნდში აღარ გამოუძახებიათ.
99%-ით გადაწყვეტილია, რომ ინგლისის ნაკრების მგეზავი ტობი ფლუდი დატოვებს ბრიტანეთს და სათამაშოდ ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზში" გადაბარგდება. შესათანხმებელი მხოლოდ კონტრაქტის მცირე დეტალებიღა დარჩა.
ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი სტიუარტ ლანკასტერი აღარ აპირებს, ექვსი ერის გათამაშებაში გამოიყენოს ფლუდი, ვინაიდან ბრიტანეთს მიღმა მოთამაშე მორაგბეებისთვის ინგლისის ნაკრების კარი დახურულია.
არცთუ ისე წარმატებულ სეზონს ატარებს დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი" და ლოგიკურად, შოტლანდიური კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდის სათამაშო პოტენციალის გაძლიერება ახალი მოთამაშის დამატებით სცადეს.
მათი ახალწვეული გახდა სამხრეთ აფრიკის ნაკრების შუამარბი ანდრეას შტრაუსი, რომელიც კარიერის განმავლობაში ისეთ კლუბებში ასპარეზობდა, როგორებიცაა: "ჩიტაზი", "ნატალ შარკსი" და "საუთერნ კინგზი". შტრაუსს ორჯერ აქვს მოგებული CURRY CUP, ხოლო ერთხელ ზე რაგბის ნახევარფინალურ სტადიაზეა გასული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"