ბურჯელალის ბოლო გაბრძოლება - რა ელის გორგოძის, ჩილაჩავას და ალხაზაშვილის "ტულონს"?

AutoSharing Option
საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბის, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის "ტულონის" მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა გადაწყვიტა, საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის (LNR) პრეზიდენტის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

რატომ გადაწყვიტა ბურჯელალმა, ეს ნაბიჯი გადაედგა, ამაზე ოდნავ ქვემოთ. ჯერ გარკვეული პარალელები გვინდა გავავლოთ.

ამჟამად საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის პრეზდენტი პოლ გოზეა, რომელიც იქამდე კატალონიური კლუბის, "პერპინიანის" პრეზიდენტი გახლდათ. ეს გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ლიდერებში იყო და ბოლოს საფრანგეთის ჩემპიონობას გამოჰკრა ხელი. მას შემდეგ, რაც პოლ გოზე საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის პრეზიდენტი გახდა,
კლუბის საქმე სულ უკან და უკან წავიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ "პერპინიანი" მეორე დივიზიონში დაქვეითდა და ახლაც იქ ასპარეზობს.

ამდენად, აქტუალური ხდება შეკითხვა - თუ მურად ბურჯელალი საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის პრეზიდენტი გახდა, ემუქრება თუ არა იგივე "ტულონს"? ვინ უპატრონებს მას? ეს შეკითხვა მით უფრო მწვავეა, რომ ტულონელთა ინფრასტრუქტურა სხვა კლუბებთან შედარებით ძალზე მოუწესრიგებელია. სტადიონი რაა, იმასაც ხშირ შემთხვევაში იჯარით იღებენ, ხან ნიცაში და ხანაც მარსელში.

ერთი სიტყვით, ამ მიმართულებით სრული ბურუსია. თუმცა, ჯერ ბურჯელალმა არჩევნები უნდა მოიგოს. თუ ვერა, მაშინ "ტულონი" გადარჩა.

თვითონ ბურჯელალს რომ დავუჯეროთ, მას არჩევნებში გამარჯვების ძალიან ცოტა შანსი აქვს, მაგრამ მას შანსი ეძლევა, დისკუსია წამოიწყოს რაგბისთვის საჭირბოროტო საკითხებზე.

"ვიცი, რომ გამარჯვების მცირე შანსი მაქვს, მაგრამ მინდა სათავე დავუდო დისკუსიას ახალ თემაზე. ვიცი, როგორ გავხადო საფრანგეთის ნაკრები და ზოგადად, ფრანგული რაგბი დომინანტი მსოფლიოში. ასევ ვიცი, როგორ გავაძლიერო ჩვენი პროფესიული რაგბი, მოვიზიდო ფინანსები და გამოვიყენოთ მისი ძალა.

ვფიქრობ, ჩემი პროგრამა არსებული პრობლემების თანამედროვე გადაჭრის გზაა. როგორც კლუბის პრეზიდენტს, საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა და ვიცი, რატომ არ უნდათ კლუბებს ფრანგი მორაგბეების აყვანა.

ყველა ფიქრობს, რომ წარმოვადგენ პროგრამას, რომელიც მხოლოდ ფულზე იქნება დაფუძნებული. მე კი, გეუბნებით, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაც უფრო ჭკვიანური მოვიმოქმედოთ ფრანგული რაგბის საკეთილდღეოდ", - თქვა "ტულონის" პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული