ახლახან "ბრივმა" სოჭში, "ჩელენჯ კაპის" გათამაშების მეორე ტურში კრასნოიარსკის "ენისეის" სძლია. ლობჟანიძე ამ შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ფრანგულ მედიაში დადებითმა გამოხმაურებამაც არ დააყოვნა.
- რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძისა და შალვა მამუკაშვილის წყვილი ლელო
ვებგვერდ lamontagne.fr-ზე წერილი გამოქვეყნდა, რომელიც ვასილ ლობჟანიძეს მიეძღვნა. გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
"სოჭში ძალიან კარგი თამაშის შემდეგ, ვასილ ლობჟანიძე გუნდში პოზიციას იმყარებს.
ბოლოს, როცა ვასილ ლობჟანიძე პრესას ესაუბრა, თარჯიმანი სჭირდებოდა. ეს ივლისში მოხდა და მაშინ მას თანამემამულე კარლენ ასეიშვილი დაეხმარა. ხუთი თვის გასვლის შემდეგ ბრიველთა ცხრა ნომერს დახმარება აღარ სჭირდება, მაგრამ ჩვენთან საუბარს, ყოველი შემთხვევისთვის, მისი კიდევ ერთი ბრიველი თანამემამულე სოსო ბეკოშვილი დაესწრო.
საერთო აღიარებით, ვასილ ლობჟანიძემ უდიდესი ძალისხმევა გასწია, რათა თანაგუნდელებთან თამაშისას ურთიერთობა დაელაგებინა.
რაც არ უნდა ასწავლო, ცხრა ნომრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად წარმოსათქმელი სიტყვებია: მარჯვნივ, მარცხნივ, მიწა, ჩვენ ვხსნით, - ხუმრობით ამბობს მისი ფრანგული ენის მასწავლებელი, ვისთანაც კურსებზე ლობჟანიძე ყოველ სამშაბათს, დადის დღის მეორე ნახევარში.
მან ჯერ კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ამ პოზიციაზე ლიდერი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარაა, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ნოემბრის ტესტებზე ლობჟანიძემ ეროვნულ ნაკრებში სამი შთამბეჭდავი ლელო მიითვალა.
"ნოემბრის ტესტებზე საუკეთესო თამაშები მქონდა ჩემს კარიერაში", - თქვა მორიდებით ვასილმა, რომელმაც შარშან ინგლისში გამართულ მსოფლიოს თასზე ითამაშა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე მსოფლიოს თასების ისტორიაში.
"ცხრა ნომერი სულ უნდა ელაპარაკოს თანაგუნდელებს, იმისთვის, რომ წინ წავიდეს გუნდი, უნდა გამოაცხადოს კომბინაციების კოდური სახელები. იმედი მაქვს, მალე ძალიან კარგად შევძლებ ამას", - დაასკვნა ლობჟანიძემ და როცა ხედავ, რა გულმოდგინებით ვარჯიშობს ფეხით დარტყმაში, როგორ ცდილობს, სწორად გამოაცხადოს კომბინაციის სახელი, ვფიქრობთ, რომ ის მალე ძალიან მყარად დადგება ნიადაგზე".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"