საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრებმა რომში მეოთხე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრებმა ახლახან იტალიის დედაქალაქ რომში წარმატებით იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა. ჩვენი გოგონების მეტოქეები ევროპის ზე 12-ის გათამაშების გუნდები იყვნენ.

ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი საქართველოს ქალთა ნაკრებმა ახალი ზელანდიის მაორებთან გამართა, რომელმაც საბოლოოდ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა. ასეთი მაღალი დონის გუნდთან ჩვენს მორაგბეებს არასდროს უთამაშიათ და, ცხადია, თავიდან ძალიან გაუჭირდათ. პირველ ტაიმში მეტოქემ ოთხი ლელო გაგვიტანა.

შესვენების შემდეგ "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" საგრძნობლად გააქტიურდნენ. მართალია, ახალზელანდიელებს ლელო ვერ დაუდეს, მაგრამ ამის საშუალება არც მოწინააღმდეგეს მისცეს.

მეორე მატჩი ჩვენმა
გუნდმა მასპინძელთან, იტალიის ნაკრებთან გამართა, რომელიც ევროპის ელიტური თორმეტეულის წევრია. პირველ ტაიმში გოგონებს თამაში არ გამოუვიდათ და ორი უპასუხო ლელო მიიღეს - 0:10. მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და მასპინძლები 14:10 დაამარცხეს.

"იტალიის ნაკრებთან გამარჯვებამ გოგონებს დიდი სიხ
არული მოჰგვარა. მათ საკუთარი ძალების ირწმუნეს და მომდევნო, არანაკლებ ძლიერი ყაზახეთის ნაკრების დასამარცხებლად მოტივაცია გაუჩნდათ" - გვითხრა საქართველოს ქალთა შვიდკაცა რაგბის ნაკრების მენეჯერმა ია ხურცილავამ.

იტალიის ნაკრებთან მატჩისგან განსხვავებით, ყაზახეთის ეროვნულ გუნდთან ჩვენმა გოგონებმა პირველ ტაიმში შესანიშნავად ითამაშეს და ორი ლელო გაიტანეს, რაზეც მეორე ტაიმში ყაზახებმა ასევე ორი ლელოთი გვიპასუხეს, თუმცა გარდასახვის გატანა ვერ შეძლეს და გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა - 14:10.

ჩვენმა გოგონებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და გზა ნახევარფინალისკენ გაიკაფეს. საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრებისგან ასეთ შედეგს თვით ტურნირის ორგანიზატორებიც არ ელოდნენ.

ნახევარფინალში მეტოქედ მეორე ჯგუფის გამარჯვებული, ძალზე ძლიერი რუსეთის ნაკრები შეგვხვდა, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე ბევრჯერ მიუღწევია წარმატებისთვის და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობს.

რუსებთან თამაშის დალაგება ჩვენმა გუნდმა ვერაფრით შეძლო. მით უფრო, რომ დაშავდნენ წამყვანი მოთამაშეები, გუნდის კაპიტანი ანა პოღოსიანი და ნანა კაშია. რუსებმა ექვსი უპასუხო ლელო გაგვიტანეს.

მესამე ადგილისთვის მატჩში უკრაინის ნაკრებთან ჩვენმა გოგონებმა დაშავებული წამყვანი მორაგბეების გარეშე იასპარეზეს. ცხადია, ამან გუნდის თამაშს დაღი დაასვა.

უკრაინელებთან ოთხი უპასუხო ლელოთი დავმარცხდით. სამწუხაროდ, მატჩის ბოლო წუთზე მძიმედ დაშავდა ელეონორა გიგილაშვილი, რომელმაც ჯვარედინი მყესი დაიზიანა და საოპერაციოა.

ერთი სიტყვით, საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრებმა ამ მაღალი დონის ტურნირზე დიდი გამოცდილება შეიძინა.

ჩვენი ნაკრები პირველი ივნისიდან საწვრთნელ შეკრებაზე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს, რომელიც 9-10 ივნისს ბელგიის ქალაქ გენტში გაიმართება. ჩვენი გუნდის მიზანი B დივიზიონიდან რანგით უფრო მაღალ, A დივიზიონში გადაბარგებაა. პირველ-მეორე ადგილზე გასულ გუნდებს კი საშუალება მიეცემათ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში იასპარეზონ.

საქართველოს ნაკრები: ანა პოღოსიანი, ნინო ელოშვილი, ლელა გოქსაძე, ელეონორა გიგილაშვილი, ნანა გიორგაძე, ნათია ცინცქილაძე, ქრისტინე გვაზავა, სალომე საღარაძე, ნანა კაშია, მარეხი მაისურაძე.

ქალთა შვიდკაცა რომში მეოთხეა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა სჰვიდქალა შენ ხომ არ უბერავ. ეგეთი სპორტის სახეობა არ არსებობს. თუ შენ მოიგონე.
აბა რა ქართველი გქვია და მოიგონებდი, ვონმეს ჩამორჩებოდი განა?
rugby fan
20:54 24-05-2012
0
შვიდქალაა თქვე უბედურები შვიდკაცა კი არა
Qartveli
12:39 24-05-2012
0

სიახლეები პოპულარული