გიორგი ნიჟარაძე: ახლა გვჭირდება შველა, თორემ ყველაფერი უკან დაგვრჩება

AutoSharing Option
ივნისის ტესტები დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა განვითარების კიდევ ერთი ეტაპი გადალახა.

"ბორჯღალოსნების" სათავეში ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი წელიწად-ნახევრის წინ მოვიდა და მიზნად სათამაშო სტილის შეცვლა დაისახა.

მიზანი მიღწეულია, ქართველი მორაგბეები, ასე თუ ისე, ხელდახელ ბურთაობენ, თუმცა შედეგი ყოველთვის სასურველი არ არის.

საქართველოს ნაკრებმა "თბილისის თასის" პირველ გათამაშებაში, რომელიც რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ტრადიციულად გაიმართება, სამი თამაშიდან ერთი მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა.

გასულ უქმეებზე "ბორჯღალოსნები" არგენტინას სტუმრობდნენ და თანაბარ ბრძოლაში დამარცხდნენ.

ამ მოვლენების შეფასება და მომავლის გეგმებზე საუბარი
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს ვთხოვეთ.

- IRB-ის ეგიდით საერთაშორისო სანაკრებო ტურნირი თბილისში პირველად ჩატარდა. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს "თბილისის თასის" გათამაშებას ქართული რაგბის განვითარებისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე ავტორიტეტის ზრდის კუთხით?
- ეს ტურნირი თბილისში თავისით არ მოსულა. საამისოდ ჩემმა წინამორბედებმაც ბევრი გააკეთეს და საბოლოო ჯამში, საერთაშორისო ტურნირის ჩატარების უფლება რომ მოგვცეს, ეს ქართული რაგბის დაფასებაა. ეს იმ პროცესების დადებითად შეფასების დასტურია, რაც ქართულ რაგბიში მიმდინარეობს.

მოკლედ გეტყვით "თბილისის თასის" გამართვის პრეისტორიის შესახებ. რაგბის საერთაშორისო საბჭოს დიდხანს ვთხოვდით, ჩვენი ნაკრების განვითარების მიზნით, ძლიერ გუნდებთან პაექრობის საშუალება მოეცა.

ამას მოჰყვა ცნობილი შეხვედრა ლას ვეგასში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორისაა "თბილისის თასის" დაარსება.

- ლას ვეგასის შეხვედრის წინ აცხადებდნენ, რომ ხშირად გვექნებოდა კუნძულელებთან (ფიჯი, სამოა, ტონგა) თამაში, ანუ უნდა შექმნილიყო ახალი ტურნირი, რომელშიც მათთან ერთად აშშ-ის, იაპონიისა და კანადის ნაკრებებიც იქნებოდნენ ჩვენი მეტოქეები...
- IRB-მა, ფინანსური მოსაზრებებიდან გამომდინარე, გააუქმა "ჩერჩილის თასი" და "წყნარი ოკეანის აუზის თასი" დააარსა, სადაც თქვენ მიერ დასახელებული გუნდები ასპარეზობენ.

ბუქარესტში ყოველწლიური ტურნირი "IRB-ის ერთა თასი" კი გაყო და მეორე ნაწილი თბილისში გადმოიტანა.

წინასწარ შევთანხმდით, რომ ბუქარესტის ტურნირის მუდმივი მონაწილეები რუმინეთი და რუსეთი იქნებიან.

სამხრეთ აფრიკის, არგენტინის, ირლანდიისა და იტალიის A ნაკრებები კი როტაციის პრინციპით ხან ჩვენთან ითამაშებენ, ხან რუმინეთში.

წლეულს სამხრეთ აფრიკისა და ირლანდიის გუნდს ვუმასპინძლეთ, მომავალ წელს, წესით, იტალიისა და არგენტინის A ნაკრებები უნდა გვეწვიონ.

- როგორ შეაფასეს წლევანდელი ტურნირი და არიან თუ არა ძლიერები ის გუნდები, რომლებმაც "თბილისის თასზე" იასპარეზეს?
- კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ "თბილისის თასის" გამართვა მნიშვნელოვანი ფაქტია.

უმნიშვნელოვანესი კი ისაა, რომ საორგანიზაციო თვალსაზრისით უმაღლესი შეფასება მიიღო.

გუნდების ხარისხი, ცხადია, საკმაოდ მაღალი იყო. ვერაფრით დავეთანხმები სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოთქმულ აზრს იმის თაობაზე, რომ ირლანდიელ ბავშვებს ვეთამაშეთ. ეს აბსურდია.

გუნდს თან ახლდა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და თითოეულმა მოთამაშემ კარგად იცოდა, რომ თვალყურს ადევნებდნენ. ამ გუნდიდან ხუთი-ექვსი მორაგბე 2015 წლის მსოფლიოს თასზე ითამაშებს.

მომდევნო გათამაშებაში კი, გამორიცხული არ არის, ყველა იქ ვიხილოთ.

სამხრეთ აფრიკის გუნდში ის მოთამაშეები იყვნენ მიწვეულნი, რომლებიც მთავარი გუნდის მწვრთნელების თვალთახედვის არეში არიან.

ამ ქვეყნის არც ერთი რანგის ნაკრებში სუსტი მოთამაშე ვერ მოხვდება. ტურნირის სერიოზულობაზე თუნდაც ის მოწმობს, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭოს ოთხი წევრი იყო ჩამოსული.

აღარაფერს ვამბობ სამხრეთაფრიკელ და ირლანდიელ მაღალჩინოსნებზე.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მოხერხდა ჩვენი გუნდის უახლოესი რეზერვის საქმეში გამოცდა ამ ტურნირზე?
- რაგბის საერთაშორისო საბჭომ ერთმნიშვნელოვნად გამოაცხადა ივნისი, როგორც გუნდების განვითარების თვე.

რაგბის ქომაგებმა თავად ნახეს, რა შემადგენლობებით ითამაშეს ტესტებზე წამყვანმა სარაგბო ნაკრებებმა. მსოფლიოს თასის დაწყებამდე ორი წელიწადია დარჩენილი და ყველა ცდილობს, ეს პერიოდი ახალგაზრდა მოთამაშეების გამოსაცდელად გამოიყენოს.

ხშირად ისმის კითხვა, - შეგვეძლო თუ არა "თბილისის თასის" მოგება. შეგვეძლო, რომ... და ამ რომს მერე მოჰყვება ათასი რამ. ტურნირზე ძირითადი შემადგენლობის 12 მორაგბე გვაკლდა.

ეს პრობლემაა თუ პირიქით? აბა, როდისღა ვნახოთ საქმეში ის მორაგბეები, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში თამაშის პრეტენზია აქვთ?

ტურნირზე გამოჩნდა, რაზე უნდა ვიმუშაოთ. პრობლემები გვაქვს სათამაშო დისციპლინაში, რის გამოც ბევრ ჯარიმას ვიღებთ, ასევე შერკინებასა და სტატიკურ მდგომარეობაში თამაშისას.

სამაგიეროდ, ვნახეთ შესანიშნავი დაცვა, ეპიზოდებში ხელდახელ მშვენიერი ბურთაობა. მიმაჩნია, რომ სწორი გზით მივდივართ, თუმცა ხარვეზების აღმოსაფხვრელად ჯერ კიდევ ბევრი შრომაა საჭირო.

- საქართველოს ნაკრებმა გასულ უქმეებზე არგენტინაში "პუმებთან" წააგო. როგორ შეაფასებთ ჩვენი გუნდის თამაშს?
- კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატო გულისწყრომა იმ ქომაგების მიმართ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არგენტინის მეორე გუნდს ვეთამაშეთ.

"პუმებს" აკლდა იმდენივე მოთამაშე, რამდენიც ჩვენს ნაკრებს. ორივე გუნდი თამაშობდა ეროვნულის სტატუსით.

არგენტინის რაგბის კავშირს IRB-მა ორ-ნახევარი მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოუყო ამ გუნდის შესაქმნელად, რომელიც სამხრეთ აფრიკაში "ვოდაკომის თასზე" თამაშობს.

ეს არის გუნდი, რომელიც 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის შეიქმნა და ვნახავთ, ამათგან ინგლისში რამდენი ითამაშებს.

არგენტინის ნაკრებთან ღირსეულად ვითამაშეთ. მასპინძლებს ღირებული არაფერი შეუქმნიათ.

უდისციპლინობის გამო უამრავი ჯარიმით დავისაჯეთ. შერკინებაშიც რამდენიმე შეცდომა დავუშვით.

ვიღაცამ დაწერა, უსახური თამაში იყოო. რატომ იყო უსახური? გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით.

"თბილისის თასზე" IRB-იდან ჩამოსულმა სტუმრებმა გვითხრეს, ქართველებმა თამაში უკვე ისწავლეთ, მაგრამ ახლა წამყვანი ნაკრებების დამარცხება უნდა ისწავლოთო. თქვენ ლომები ხართ და გინდათ თამაშის ბოლომდე ლომებად დარჩეთ, მაგრამ მატჩის ბოლო ოც წუთში საჭიროა ლომიდან გველად გადაიქცეთ, რათა ეშმაკობით და ჭკუით აჯობოთ მეტოქესო.

აბსოლუტურად ვეთანხმები ამ მოსაზრებას. უნდა ვისწავლოთ ასეთი თამაში.

ამასთან ერთად, არ მესმის, რატომ ვუქმნით ქომაგებს მოლოდინს, რომ ახლა არგენტინაში ჩავალთ და მოვუგებთ. ის გზა გვაქვს გავლილი, რაც არგენტინულმა რაგბიმ განვლო?

მოგება შეგვეძლო, მაგრამ თუ მოვიგებდით, ეს იქნებოდა სენსაცია. რაგბი ლოგიკური თამაშია, ძლიერი ყოველთვის იგებს. რადგან ვერ მოვიგეთ, ესე იგი, რაღაც დაგვაკლდა. აი, ეს არის გასაანალიზებელი. ამაზეა საჭირო მუშაობა.

ვფიქრობ, ნოემბრის ტესტებზე საბოლოოდ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი. იქ კი, მიუხედავად იმისა, რომ კანადისა და აშშ-ის ნაკრებები სერიოზულ პროგრესს განიცდიან, უნდა მოვიგოთ.

ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ უნდა შევძლოთ. მერე დავსხდებით და გადავწყვეტთ, 2015 წლის მსოფლიოს თასამდე რაზეა ყველაზე მეტად ყურადღება გასამახვილებელი.

ფაქტია, წინ მივდივართ. ეს რომ არ დაინახო, ბრმა უნდა იყო. ზუსტად ასევე შეუძლებელია სუსტი მხარეების დაუნახაობაც.

- ორწლიანი განშორების შემდეგ საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა ირლანდიელი მაიკ ბრედლი, რომელიც ამ დროის განმავლობაში შოტლანდიის "ედინბურგს" წვრთნიდა...
- მის დაბრუნებას ყოველთვის ვგეგმავდით. ვიცოდით, რომ 2013 წლის მაისში ბრედლის კონტრაქტი უმთავრდებოდა. ის მაღალი დონის სპეციალისტია, ნაკრების მოთამაშეები პატივს სცემენ და კარგი ურთიერთობა აქვთ.

ვფიქრობდით, რომ მილტონ ჰეიგს აუცილებლად სჭირდებოდა ასისტენტად ასეთი სპეციალისტი. სანამ კონტრაქტს გავუფორმებდით, ბრედლი და ჰეიგი ერთმანეთს საფრანგეთში შევახვედრეთ.

ისაუბრეს, ერთმანეთს კარგად გაუგეს და ხელშეკრულებაც გაფორმდა. ბრედლი, ისევე, როგორც ჰეიგი, საქართველოში ოჯახთან ერთად იცხოვრებს.

- "თბილისის თასის" გათამაშების მსვლელობისას არ ჩანდა ილია ზედგინიძე...
- ილიამ ამ ტურნირზე ოჯახური პრობლემების გამო ვერ შეძლო გუნდთან მუშაობა, თუმცა ნაკრებს არგენტინაში ახლდა.

- მომავალ უქმეებზე მოსკოვში შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, სადაც საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს. რა მიზანი აქვს ჩვენს გუნდს ამ შეჯიბრებაში?
- გულწრფელად გეტყვით, რომ შვიდკაცა რაგბის საქმე საქართველოში სახარბიელოდ არ არის.

ოლიმპიური ციკლი დაიწყო და, მიუხედავად იმისა, რომ განვითარების პროგრამა შემუშავებული გვაქვს, დაფინანსება არ ჩანს.

უფულოდ კი არაფერი არ ხდება. ასეთ პირობებში რა მიზანი უნდა დაუსახო გუნდს? თვით ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდით, დიდი წარმატებაა.

ამასთან ერთად, ჯგუფში მეტოქეებად ახალი ზელანდია, კანადა და აშშ გვყავს, სადაც შვიდკაცა რაგბის დიდ ყურადღებას აქცევენ და სერიოზული პროგრესიც აქვთ.

ცხადია, ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ეცდება, წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ ობიექტურად, მეტოქეები ჩვენზე ძლიერები არიან. თუ შვიდკაცა რაგბის დაფინანსება ექნება, მაღალ შედეგებს ვაჩვენებთ, თუ არა და...

- ნოემბრის ტესტებამდე დრო საკმარისად არის. მანამდე სტარტს ქვეყნის ჩემპიონატის გათამაშებაც აიღებს. რა მდგომარეობაა შინაურ რაგბიში?
- შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სტოკჰოლმში მივემგზავრები, სადაც FIRA AER-ის პრეზიდენტის არჩევნები იქნება.

მერე, ივლისში, შინაურ საქმეებზე ვიზრუნებთ. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა ქართული კლუბებისთვის დამატებითი დაფინანსების მოძიება. თუ ეს პრობლემა ივლისშივე არ გადაწყდება, ქართულ რაგბიში რეგრესი დაიწყება და, ყველაფერი, მრავალი თაობის შრომა, რომლებმაც რაგბი დღემდე მოიტანეს, წყალში ჩაიყრება.

არ შეიძლება ქართულ კლუბს წელიწადში ბიუჯეტი 150 ათასი ლარი ჰქონდეს. ეს თუ ასე დარჩა, დაიწყება მასობრივი მიგრაცია ნაკლებად განვითარებულ სარაგბო ქვეყნებში.

ხოლო თუ რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა, რუსული კლუბები მტვერსასრუტივით შეიწოვენ ჩვენს მოთამაშეებს. როგორ მოვიქცეთ? დავსხდეთ და 17 წლის მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდების ჩემპიონატს ვუყუროთ?

სპორტის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტთან კონსულტაციები გავლილი გვაქვს.

ყველა გაგებით ეკიდება ჩვენს პრობლემას, ესმით, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

ყველაფრის საფუძველი არის აქ, საქართველოს ჩემპიონატის კლუბებში, მისახედია პირველი ლიგაც.

რაც წელიწადში გუნდს სჭირდება, იმის მესამედს ვითხოვთ, რათა ამ გარდამავალ ეტაპზე გადავრჩეთ.

მერე კი ქვეყანაც განვითარდება, იმედია, ბიზნესიც მოიხედავს ჩვენკენ, მაგრამ ეს მერე იქნება. ჩვენ ახლა გვჭირდება შველა, თორემ ნაკრებიც, მსოფლიოს თასიც და თბილისის ტურნირიც უკან დაგვრჩება. ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბატონმა გიამ ადრეც გააკეთა კომენტარი იმის შესახებ, რომ არ არის საჭირო ფონდის შექმნით დავეხმაროთ ქართულ რაგბს. მოდი უბრალოდ მაქსიმალურად ვეცადოთ თამაშებს რაც სეიძლება მეტი ხალხი დავესწროთ.
ფონდის შქმნას რაც შეეხება შევქმნათ და ეგ თანხა წლის ბოლოს გადავცეთ ტურნირის გამარჯვებულ კლუბს.
levani
12:37 28-06-2013
0
ბატონმა გიამ ადრე მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ არ არის საჭირო ფონდის შექმნა და იქედან ქართული რაგბის დაფინანსება. ჩემი აზრით უკეთესი იქნება შევქმნათ ეგ ფონდი და საპრიზო ფონდის სახით გადავცეთ პირველგასულ გუნდს.
levan
12:27 28-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული