ბესო შენგელია პირველად რაგბს 2000 წელს ეზიარა. პირველკლასელი მშობლებმა თბილისის სარაგბო კლუბ "ყოჩებში" მიიყვანეს, სადაც ბესომ მალევე წარმოაჩინა თავისი პოტენციალი და გუნდის უდავო ლიდერად იქცა. "ყოჩებმა" თავის ასაკობრივ წლოვანებაში საქართველოს პირველობა მოიგეს, მომდევნო 2 სეზონში კი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
რაღა თქმა უნდა, პერსპექტიული მორაგბის წინსვლა არ გამორჩენიათ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებს და
ჭაბუკთა "ა" ლიგის მორიგი სეზონის დაწყების წინ ბესომ წელის ტრავმა მიიღო, თუმცა ისე სურდა რაგბის თამაში, რომ 6 თვის განმავლობაში მალავდა მიღებულ დაზიანებას და ფაქტობრივად, ტრავმირებული ეხმარებოდა საკუთარ კლუბს წარმატების მიღწევაში, თუმცა ექიმთან მორიგი სტუმრობისას მედიკოსებმა სავალალო შედეგი აცნობეს: წელის ქრონიკული ტრავმა აღარ მისცემდა პერსპექტიულ სპორტსმენს რაგბის თამაშის საშუალებას.
შოკისმომგვრელი ინფორმაცია ბესომ ვაჟკაცურად გადაიტანა და გადაწყვიტა, სხვა მხრივ მიხმარებოდა ქართულ რაგბის და საკუთარი პოტენციალის რეალიზება სამწვრთნელო სარბიელიდან დაიწყო. მისი გმირობის ისტორიაც აქედან იწყება.
19 წლის სტუდენტი თავისი ნებით გაემგზავრა დაბა ყაზბეგში და იქ ერთ-ერთ სასტუმროში მიმტანად დაიწყო მუშაობა. მომსახურე პერსონალს თავიდანვე გაუკვირდა ახალი თანამშრომლის თხოვნა, რადგან ახალგაზრდა ბიჭს სურდა, რომ ღამის საათებში ემუშავა.
ყველა კითხვას პასუხი ორიოდე თვეში გაეცა - კვირაში სამჯერ ბესო თბილისიდან დადიოდა ხეობაში, რათა დღის საათებში ყაზბეგის რაიონის ბავშვები სრულიად უსასყიდლოდ რაგბიში ევარჯიშებინა. პარალელურად, ყოფილი მორაგბე ქალაქის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გამოცხადდა და უფლება ითხოვა, რათა გაჭირვებულ ოჯახთა შვილებს უსასყიდლოდ დახმარებოდა ინგლისური ენისა და მათემატიკის შესწავლაში.
რაღა თქმა უნდა, თავდაპირველად წინააღმდეგობა ბევრი იყო - ყველა ეჭვის თვალით შეჰყურებდა ახალგაზრდა ბიჭის ასეთ მონდომებას. სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა უანგარო შეთავაზებისთვის და საბოლოოდ უარით გამოისტუმრა, თუმცა ხეობაში ხმა გავარდა, რის შემდეგაც რამდენიმე მშობელმა "გარისკა" და საკუთარი შვილი მიაბარა ბესოს სამეცადინოდ.
მიღწეულმა შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა - ხეობამ ბესო შენგელიას შეყვარება დაიწყო.
ახალი სარაგბო კერის შექმნა დიდ და განვითარებულ ქალაქებშიც კი ჭირს, მით უმეტეს, მთიან რეგიონში, სადაც მეტეოროლოგიური პირობების გამო ზამთარი თითქმის 7 თვეს გრძელდება.
მონდომებამ და მუხლჩაუხრელმა შრომამ შედეგი გამოიღო - რაგბით დაინტერესებულ ბავშვთა რაოდენობამ ნელ-ნელა იმატა, თუმცა წამოიჭრა ახალი პრობლემა - ტრანსპორტირება და სარაგბო ამუნიციის საჭიროება.
ახალგაზრდა მწვრთნელმა მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი სახსრებით გამკლავებოდა ამ პრობლემასაც - მუშაობაში გათენებულ ღამეებში აღებული ფულით მან მომავალ მორაგბეებს საჭირო ამუნიცია შეუძინა და ტრანსპორტი დაიქირავა. ახალშექმნილი გუნდი თბილისში რეგულარულად დადიოდა სათამაშოდ.
მალევე რაგბით დაინტერესებულ ბავშვთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა, რასაც უკვე ბესოს ხელფასიც აღარ წვდებოდა. მონდომებულმა მწვრთნელმა ფეხდაფეხ დაიარა ყველა კერძო თუ სახელმწიფო კომპანია, უმეტესი მათგანისგან დამაიმედებელი პასუხებიც მიიღო, თუმცა სიტყვა საქმედ მაინც არ იქცა.
საქართველოს რაგბის კავშირმა მხოლოდ ის შეძლო, რომ პერიოდულად სარაგბო ამუნიციით დახმარებოდა, სხვებმა კი, სამწუხაროდ, ესეც ვერ მოახერხა. თუმცა სტუდენტის თავდადებულმა მონდომებამ საბოლოოდ ისევ გამოიღო შედეგი - ქველმოქმედმა კომპანიამ იკისრა გუნდის მცირედი დაფინანსება, რამაც ბესოს ტვირთი, ფაქტობრივად, გაუნახევრა.
რადგან უკვე აქვს გამოცდილება, წლევანდელ ზამთარს "ყოჩების" ყოფილი მორაგბე გაცილებით უფრო მომზადებული შეხვდა, - ცდილობს, საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ავარჯიშოს 70 მორაგბე, თუმცა დარბაზის პარამეტრები საკმაოდ პატარაა და ვერ აუდის ამდენ სპორტსმენს. არსებობს ალტერნატიული ვარიანტი - გამგეობის ბალანსზე არსებული საკმაოდ დიდი დარბაზი, თუმცა იქ გათბობა და სინათლე არ არის და შესაბამისად, ჯერჯერობით გამოუსადეგარია.
უმთავრეს პრობლემად რჩება შიდა ტრანსპორტირების საკითხიც. ბავშვები სხვადასხვა სოფლიდან დადიან ყაზბეგში სავარჯიშოდ. ახლა დღე საკმაოდ მოკლეა, ამიტომაც წვრთნები კვირაში სამჯერ იმართება, მონდომებულ ახალგაზრდა მორაგბეებს კი ვარჯიშზე ფეხით წამოსასვლელად 5-10 კილომეტრამდე უწევთ გავლა.
ბევრი მშობელი პირად საუბრებში აღნიშნავს, რომ დიდი სურვილი აქვთ, მათმა შვილებმა რაგბიზე იარონ, უბრალოდ, ვერ უშვებენ ამ სიშორეზე და დიდი ალბათობით მართლებიც არიან, რადგან არ არის გარანტია, რომ ვარჯიშის დასრულების შემდეგ მათი სოფლისკენ ვინმე სატრანსპორტო საშუალებით წავა და მათ შვილებსაც გაიყოლებს.
არადა, ვარჯიშის მერე დაღლილმა პატარა მორაგბეებმა სახლამდე ცივი ზამთრის პერიოდში რამდენიმე კილომეტრი უნდა გაიარონ ფეხით.
პრობლემიდან გამოსავალს ბესო შენგელია ისევ სპონსორის მოძიებაში ხედავს - კვირაში სამჯერ, ვარჯიშის წინ სატრანსპორტო საშუალება ჩამოივლის ცენტრალურ გზაზე, ბავშვები საკუთარი სოფლებიდან მივლენ დანიშნულ ადგილზე და მერე უკანაც წაიყვანს. ვფიქრობთ, ეს დიდ ფინანსურ ხარჯებს არ მოითხოვს. სამაგიეროდ, საქართველო დამატებით მიიღებს ათეულობით მეტ მორაგბეს.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ახალგაზრდა მწვრთნელი გეგმავს, ჭაბუკთა "ა" და "ბ" ლიგებში გამოიყვანოს თავისი შეგირდები, ხშირი სათამაშო პრაქტიკა კი კიდევ უფრო გაზრდის მოზარდ მორაგბეთა მონდომებას, ხოლო ხეობაში ამ სპორტის პოპულარობა არნახულად მოიმატებს.
ყაზბეგში საკმაოდ კარგ მდგომარეობაში დღემდეა შემორჩენილი საფეხბურთო სტადიონი ტრიბუნებით. ასე რომ, სარაგბო კარის დამონტაჟებით და მოედნის სათანადოდ დახაზვის შემთხვევაში, ბესო შენგელიას გუნდს შეუძლია თამამად უმასპინძლოს სარაგბო მატჩებს.
დრო კი მიდის... სინოპტიკოსთა გათვლებით, საკმაოდ სუსხიანი ზამთარი ელოდება საქართველოს. მთიან ყაზბეგში კი თვითნაბადი სარაგბო კერის მიტოვება არაფრით შეიძლება. მით უფრო, რომ ბესო შენგელია და მისი ნაღვაწი მისაბაძი მაგალითი უნდა გახდეს სხვებისთვის, რათა ქართული რაგბის სასიკეთოდ, მსგავსი კერები საქართველოში სხვაგანაც შეიქმნას.
ბესო შენგელია ქართული რაგბის უჩინარი გმირი და ვარსკვლავია, რომელიც თავისი მონდომებით და მუხლჩაუხრელი შრომით ჭედავს მომავალ "ბორჯღალოსანთა" ბედს. უკანასკნელ სტატისტიკურ მონაცემს თუ დავუჯერებთ - ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებში მოთამაშეთა 65 პროცენტი პროვინციებიდანაა.
ყველაფერი ბავშვთა რაგბის განვითარებიდან იწყება, ამიტომაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, IRB (რაგბის საერთაშორისო საბჭო) ეძებს ბესოს მსგავსი ტიპის უჩინარ გმირებს, რომელთაც უდიდესი წვლილი შეაქვთ სპორტის ამ სახეობის განვითარებაში.
ვფიქრობთ, დადგა დრო, ჩვენმა საზოგადოებამ (არა მარტო სარაგბომ) მეტი ყურადღება მიაქციოს ასეთ შემთხვევებს; სამთავრობო სტრუქტურებმა კი, შეძლებისდაგვარად, ფინანსური და მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ ასეთ თვითნაბად კერას და მის შემოქმედს, თორემ სიტყვიერი დაპირებები, როგორც ზემოთაც ითქვა, აქამდეც ბევრი ყოფილა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ალბათ მართლა დადგა დრო ჩვენ გულშემატკივრებმა დავაფინანსოთ ის რაც ჩვენთვის ახლობელია 5 ლარამდე (მაინც - ვის როგორ) თვეში კონკრეტულ ფონდში, მიზნობრივ ანგარიშზე ტანხის ჩარიცხვით.
ბესო საკუთარი საქმისადმი სიყვარულითა და უანგაროობით შეპყრობელი ბიჭია, ანუ პატრიოტი.
ეს ვიდეო რგოლი კი სენტიმენტებს და სიამაყე ერთად იწვევს.
აი ასე უნდა დაითესოს რაგბისადმი ინტერესი, რომლის მოსავალს როცა მოვიმკით ვიტყვით - რაგბი ჩვენი თამაშია!
შუშის მახინჯი შენობებში მილიონების ყრას , ასეთი პროექტები დააფინანსეთ!!!