არგენტინა VS სამხრეთ აფრიკა - სანტიაგო ფელანმა ხუთი შეცვალა

AutoSharing Option
24 აგვისტოს, არგენტინის პროვინციულ ქალაქ მენდოსაში "პუმები" ოთხი ერის გათამაშების მეორე ტურის მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელთანაც ერთი კვირის წინათ დიდი ანგარიშით 13:73 წააგეს.

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა გუნდის შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა. მან დაშავებული ხუან მარტინ ერნანდესის ნაცვლად ფულბეკის პოზიციაზე ისევ ლუკას გონსალეს ამოროსინო დააბრუნა, ხოლო გარემარბი ხუან იმჰოფი ჰორასიო აგუჯათი შეცვალა.

ფელანმა მთლიანად გამოცვალა მეორე ხაზი. "ბოკესთან" პატრისიო ალბასეტესა და მანუელ კარისას ნაცვლად ხუან ფარიას კაბეჯო და მარიანო გალარსა ითამაშებენ. ადგილები გაცვალეს პირველ ხაზში შერკინების
ბურჯებმა მარკოს აიერსამ და ხუან ფიგალომ. კვლავ ტრავმირებულია გუნდის კაპიტანი ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, ამიტომ არგენტინელებს წინ ისევ ვეტერანი ფელიპე კონტეპომი წაუძღვებათ.

სანტიაგო ფელანი მოუწოდებს რაგბის არგენტინელ სპეციალისტებსა და ქომაგებს, შეეგუონ ოთხი ერის გათამაშებაში არსებულ მწარე რეალობას.

"შარშანდელი მეტ-ნაკლებად წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, გასულ უქმეებზე სამხრეთაფრიკელებმა ღრუბლებიდან მიწაზე დაშვება გვაიძულეს.

მიმდინარე კვირის განმავლობაში ბევრი ვიმუშავეთ მოთამაშეებთან, რათა ისინი ფსიქოლოგიურად მოგვემზადებინა, მათ კარგად ესმით, რომ ოთხი ერის გათამაშების მეორე სეზონი პირველზე გაცილებით რთული იქნება. ჩვენ მსოფლიოს სამი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში.

ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. მუდმივად ასეთი მაღალი დონის გუნდებთან უნდა ვითამაშოთ, რათა კიდევ უფრო გავიზარდოთ და დავიხვეწოთ",
- თქვა არგენტინელთა თავკაცმა სანტიაგო ფელანმა.

კრიტიკულად შეაფასა ერთი კვირის წინათ მომხდარი ამბები არგენტინელთა შუამარბმა მარსელო ბოსხმა:

"დიდი ანგარიშით შარშანაც წავაგეთ ოთხი ერის გათამაშებაში, მაგრამ ჩვენი თამაში მაშინ, თამაშს ჰგავდა. გუნდი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე წლეულს.

ამჯერად, სამხრეთ აფრიკაში რას ვაკეთებდით, არ ვიცოდით. მთლიანად მოიშალა ჩვენი თამაშის სისტემა. უნდა ვეცადოთ, ისევ აღვადგინოთ ჩვენი გაუვალი დაცვა და მძლავრი შერკინება",
- დასძინა მან.

არგენტინა
15. ლუკას გონსალეს ამოროსინო, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. ფელიპე კონტეპომი, 11. ჰორასიო აგუჯა, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. მარტინ ლანდახო. 1. მარკოს აიერსა, 2. ეუსებიო გუინასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. ხულიო ფარიას კაბეჯო, 5. მარიანო გალარსა, 6. პაბლო მატერა, 7. ხუან მანუელ ლეგუსამონი, 8. ლეონარდო სენატორე.
16. ავგუსტინ კრევი, 17. ნაუელ ლობო, 18. ტომას ლავანინი, 19. ბენიამინ მაკომე, 20. ტომას კუბელი, 21. სანტიაგო სფერნანდესი, 22. ხუან იმჰოფი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული