ძალა და სისწრაფე პერსონიფიცირებულია

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე მელბურნში, სამ ერის გათამაშების მატჩში ავსტრალიის ნაკრებთან ახალზელანდიელმა ჯო როკოთოკომ 64-ე კეპი მოიპოვა. მან ამ მაჩვენებლით უკან მოიტოვა "ოლ ბლექსის" ლეგენდარული გარემარბები ჯონ ქირვანი და ჯონა ლომუ. გვინდა, მოგითხროთ ახალი ზელანდიის რაგბიში ყველაზე წარმატებული გარემარბების შესახებ, როგორ დაიწყეს და ამჟამად რას საქმიანობენ.

ჯო როკოთოკო
(64 კეპი, 46 ლელო)
ჯოსევატა ტალიგა როკოთოკო ჯონა ლომუს შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ახალზელანიელი მორაგბე იყო, როცა ეროვნული ნაკრების კვართი მოირგო. მას დებიუტი 2003 წელს 19 წლისას ჰქონდა. უსწრაფესი დრიბლინგებითა და უდიდესი ფიზიკური ძალის წყალობით,
მან იმ წელიწადს 12 ტესტ მატჩში 17 ლელო გაიტანა. საფრანგეთთან და ავსტრალიასთან შეხვედრებში კი სულაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.
2004 წელს როკოთოკომ მსოფლიოს ჩემპიონ ინგლისთან მატჩში კარიერაში მესამე ჰეთ-თრიკი შეასრულა. სამი წლის შემდეგ მან იგივე მსოფლიო თასზე რუმინელებთან დაპირისპირებაში გაიმეორა.
ჯომ საკლუბო დონეზეც საკმაოდ წარმატებით იასპარეზა. 2003 წელს "ბლუზთან" ერთად ზე 14-ის გათამაშება მოიგო. მისი ბოლოდროინდელი წარმატება გასულ უქმეებზე ახალი ზელანდიის ნაკრებში გამართული 64-ე მატჩია, რითაც ყველა დროის რეკორდსმენი გახდა ახალზელანდიელ გარემარბთა შორის.

ჯონ ქირვანი
(63 კეპი, 35 ლელო)
ის ახალი ზელანდიის ნაკრების წარმატებათა ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. "ოლ ბლექსთან" ერთად ქირვანი 1987 წელს პირველი მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებული გახდა. ამ ტურნირზე ის საუკეთესო მელელოვე იყო, ჯონმა მაშინ ექვსი ლელო გაიტანა. მომდევნო წელს კი მან ხუთ ტესტ მატჩში 10 ლელო გაიტანა, ახლი ზელანდიის ნაკრებს 1987-90 წლებში 23-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და ჯონ ქირვანი ამ გუნდის უცვლელი წევრი იყო.
სანაკრებო კარიერა მან იმხანად რეკორდული მაჩვნებლით - 35 ლელოთი დაასრულა და სათამაშოდ იტალიაში, ტრევიზოს "ბენეტონში" გადაბარგდა. ალბათ, კიდევ დიდხანს ითამაშებდა, რომ არა ფეხის საბედისწერო ტრავმა. შემდეგ ქირვანი იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. ამჟამად კი ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იაპონიის ნაკრების თავკაცია და ამომავალი მზის ქვეყნის შვილებს 2011 წლის მსოფლიო თასისთვის ამზადებს.

ჯონა ლომუ
(63 კეპი, 37 ლელო)
ახალზელანდიელი გიგანტი პირველი მორაგბე გახლდათ, რომელსაც არაორდინალურმა ნიჭმა საყოველთაო აღიარება მოუტანა მთლიანდ სპორტის სამყაროში. ის დიდ საერთაშორისო არენაზე 1995 წელს გამოჩნდა მსოფლიო თასის გათამაშებაში, სადაც, რაც კი გზად დახვდებოდა, უმოწყალოდ ლეწდა და ამსხვრევდა.
ლომუმ კარიერა ახლი ზელანდიის შვიდკაცა რაგბის ნაკრებში დაიწყო, ეროვნულ გუნდში კი პირველად 1994 წელს გამოჩნდა საფრანგეთის ნაკრებთან მატჩში და ისტორიაში ისე შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა "კივი", მისი ასაკი 19 წელი და 45 დღე იყო.
მსოფლიო რაგბის სამყარო გაოცებული, გაფართოებული თვალებით უცქერდა სამხრეთ აფრიკაში 1995 წელს გამართულ მსოფლიო თასზე "ოლ ბლექსის" გარემარბს, რომლიც გრიგალივით დაჰქროდა წინ და უკან. ლომუმ ამ მსოფლიო თასზე შვიდი ლელო გაიტანა, რასაც მომდევნო, 1999 წელს გამართულ მსოფლიო თასზე კიდევ რვა მიუმატა.
ცხადია, ის მეტსაც მიაღწევდა, რომ არა მძიმე სენი. თირკმლის გადანერგვის შემდეგ ყველას იმედი ჰოქნდა, რომ ლომუ დიდ რაგბიში დაბრუნდებოდა. თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, მან ნაკრებში დაბრუნება ვეღარ შეძლო. ახალ ზელანდიაში საკლუბო დონეზე თამაშის შემდეგ ევროპაში, უელსურ "კარდიფშიც" მოსინჯა ძალა. ამჟამად კი ფრანგულ "მარსელში" ასპარეზობს.

დაგ ჰაულიტი
(62 კეპი, 49 ლელო)
თუ როკოთოკო კეპების რაოდენობითაა რეკორდსმენი, დაგ ჰაულიტის რეკორდი, ყველაზე მეტი - 49 ლელო ჯერაც არავის გაუუმჯობესებია. ხუჭუჭა გარემარბი "ოლ ბლექსში" შვიდი წლის წინ გამოჩნდა და 2003 წლის მსოფლიო თასზე შვიდი ლელო გაიტანა, რასაც 2007 წელს საფრანგეთში ექვსი მიუმატა.
უნიჭიერესი მორაგბე ამჟამად ირლანდიური "მანსტერის" ღირსებას იცავს. მანამდე კი "ბლუზის" შემადგენლობაში ზე 14-ის გათამაშება მოიგო. "მაგნერს ლიგისა" და ოქლენდის პროვინციის ჩემპიონატის ოქროს მედლებთან ერთად, ჰაულიტმა "მანსტერთან" ერთად 2008 წელს ყველაზე პრესტიჟული ევროპული ჯილდო, "ჰეინეკენის თასიც" მოიპოვა.

ჯეფ ვილსონი
(60 კეპი, 44 ლელო)
ვილსონი, ანუ "გოლდი", როგორც მას ოქროსფერი თმის გამო უწოდებდნენ, იძულებული იყო, არჩევანი რაგბისა და კრიკეტს შორის გაეკეთებინა. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ის კრიკეტით იყო გატაცებული, თუმცა 1993 წელს ოვალური ბურთით თამაში არჩია და ბრწყინვალე კარიერაც ჰქონდა. მან სადებიუტო მატჩში შოტლანდიის ნაკრებთან სამი ლელეო გაიტანა.
მის 44 სანაკრებო ლელოში ცალკე აღნიშვნის ღირსია 1997 წელს ფიჯის ნაკრებთან გატანილი ხუთი ლელო. ორი წლის შემდეგ კი ჰაულიტმა სამოას ეროვნული გუნდი ოთხჯერ დაალელოვა.
დაგმა სარაგბო კარიერა 2001 წელს დაასრულა და ისევ კრიკეტს მიუბრუნდა. აქაც საკმაოდ წარმატებით იასპარეზა. ის "შავი კეპების", ახალი ზელანდიის მოკრიკეტეათა ნაკრების ღირსებას 2005 წლამდე იცავდა.

სიტივენი სივივატუ
(46 კეპი, 31 ლელო)
დაბადებით ფიჯელი სივივატუს დებიუტი ახალი ზელანდიის ნაკრებში 2005 წელს თავისი სამშობლოს ნაკრებთან მატჩში შედგა. მან თვისტომ მეტოქეებს იმ შეხვედრაში ოთხი ლელო გაუტანა. ვესლის კოლეჯის დიპლომირებული სპეციალისტი იმავე სარაგბო სკოლის - "პუკეკოჰეს" აღზრდილია, სადაც ჯონა ლომუ გაიზარდა.
სივივატუს დიდების მწვერვალი 2005 წელს "ბრიტანელ ლომებთან" გამართული ტესტებია. ის საუკეთესო იყო ასევე 2009 წელს მარსელში საფრანგეთის ნაკრების ძლევისას. აღსანიშნავია, რომ ეს იყო "ლე ბლეს"ისტორიაში პირველი მარცხი მარსელის "ველოდრომზე". ახალზელანდიელ მელელოვეთა შორის იმ შეხვედრაში სივივატუც გახლდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული