47 წლის ქირვანმა ამ პოსტზე პეტ ლამი შეცვალა, რომელიც გუნდს ოთხი სეზონი ხელმძღვანელობდა. ახალი მწვრთნელი ოქლენდურ გუნდს ორი წლის განმავლობაში უთავკაცებს.
პეტ ლამის თანამდებობიდან განთავისუფლების მიზეზი "ბლუზის" კატასტროფული სეზონი გახდა.
ოქლენდელებმა, რომლებიც ფავორიტებად ითვლებოდნენ, ზე რაგბის გათამაშებაში ყველა ახალზელანდიურ გუნდზე უარესი შედეგი აჩვენეს და საბოლოოდ მე-12 ადგილს დასჯერდნენ.
ქირვანი მშობლიურ კლუბში საქმიანობას 12 აგვისტოდან შეუდგება. მან "ბლუზის"
მორაგბის კარიერის დასრულების შემდეგ ჯონი 2001 წელს ოქლენდური გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, მერე იტალიის ნაკრებს ხელმძღვანელობდა. შარშან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში კი იაპონიის ნაკრებს მოძღვრავდა. უნდა ითქვას, რომ სანაკრებო ასპარეზზე ქირვანმა, როგორც მწვრთნელმა, თავი ვერაფრით გამოიჩინა.
"ძალიან მიხარია, რომ "ბლუზის" გაწვრთნის საშუალება მომეცა. დარწმუნებული ვარ, მალე ამ გუნდის ისტორიაში ახალი ერა დაიწყება, დიდი მიღწევებისა და ნოვაციების დრო დადგება.
ამასთან ერთად, მოხარული ვარ, რომ შინ, ოქლენდში დავბრუნდი, მას შემდეგ, რაც რამდენიმე წელიწადი საზღვარგარეთ ვიმუშავე. სარაგბო კარიერა ამ რეგიონში დავიწყე და ამაყი ვარ, რომ ოდესღაც "ბლუზის" კვართს ვატარებდი. აქ ძალიან ბევრი სამუშაო დამხვდა, მაგრამ მე სირთულეების არ მეშინია და მზად ვარ ნებისმიერი წინააღმდეგობის დასაძლევად". - თქვა ჯონ ქირვანმა.
"ბლუზის" აღმასრულებელმა დირექტორმა გარი ვეითონმა ქირვანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველას მისი დიდი იმედი აქვს.
"წლეულს "ბლუზს" უმძიმესი სეზონი ჰქონდა. ჩვენი ქომაგები მოუთმენლად ელიან, როდის ითამაშებს გუნდი დიდ რაგბის. მიზანი ჯონისთვის კარგადაა ცნობილი და ჩვენ წარმატებებს მალე ველოდებით. ცხადია, ჯონი სასწაულმოქმედი არ არის, თუმცა საკმარისი გამოცდილება აქვს საიმისოდ, რათა "ბლუზს" ძველი დიდება დაუბრუნოს.
ძალიან კარგად გვესმის პეტ ლამისიც. მას ახლა ურთულესი პერიოდი აქვს ცხოვრებაში. ლამი დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად ემსახურა "ბლუზს" და ამისთვის მხოლოდ მადლობას იმსახურებს" - თქვა მან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"