შერიდანი გაჭირვების ტალკვესია

AutoSharing Option
2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა ძირითად შემადგენლობაში შერკინების ბურჯი ენდრიუ შერიდანი დააბრუნა.

"პომები" შაბათს ლონდონში, "თვიქნემზე" ნოემბრის ტესტების პირველ მატჩს გამართავენ ახალი ზელანდიის ნაკრებთან. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმების გამო ჯონსონმა ჯონი ვილკინსონი და ჯეიმზ ჰესკლი მოისაკლისა, ისე გამოვიდა, რომ ივნისში სიდნეიში გამართული მატჩისგან განსხვავებით, შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ მაშინ "პომებმა" მასპინძელთა ეროვნულ გუნდს 21:20 სძლიეს. ერთადერთი ცვლილება კი სწორედ შერიდანია.

ენდრიუმ ივნისის ტესტები იმიტომ გამოტოვა, რომ მხარი
ჰქონდა დაშავებული. გამოცდილი შერკინების ბურჯი ჯონსონის სამწყსოსთვის დიდი შენამატია. თუმცა დანაკლისს, ცხადია, ვერაფრით შეავსებს. უვილკინსონობა "პომების" ქომაგებს ახალგაზრდა ტობი ფლუდმა არ უნდა აგრძნობინოს, სიდნეიში ეს მას გამოუვიდა. რა იქნება ამჯერად?

"ოლ ბლექსთან" მატჩში ინგლისელებს ლუის მუდი უკაპიტნებს. ხუთი მორაგბე, ბენ ფოდენი, კრის ეშტონი, შონთაი ჰეპი, ბენ იუნგზი და ქორთნი ლოუ "თვიქნემზე" პირველად ითამაშებენ. სათადრიგოთა შორის კი ორი დებიუტანტია, "გლოსტერის" მეორეხაზელი დევიდ ეთვუდი და "ლიდსის" სამხრეთაფრიკული წარმოშობის მესამეხაზელი ენდრიუ ფური.

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის ნაკრების შემდეგ "პომები" ავსტრალიის, სამოას და სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდებს უმასპინძლებენ.

ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მაიკ თინდოლი, 12. შონთაი ჰეპი, 11. მარკ კუეტო, 10. ტობი ფლუდი, 9. ბენ იანგზი. 1. ენდრიუ შერიდანი, 2. სტივ თომპსონი, 3. დენ კოლი, 4. ქორთნი ლოუ, 5. ტომ პელმერი, 6. ტომ კროფტი, 7. ლუის მუდი, 8. ნიკ ისთერი 16. დილან ჰარლთი, 17. დევიდ ვილსონი, 18. დევიდ ეთვუდი, 19. ენდრიუ ფური, 20. დენ კერი, 21. ჩარლი ჰოჯსონი, 22. დელონ ერმითიჯი


ბოკეს ბურხერი და დე იონგიც გამოკლდნენ
სამხრეთ აფრიკის ნაკრები ნოემბრის ტესტების პირველ შეხვედრას ირლანდიის ნაკრებთან საგრძნობლად შესუსტებული შემადგენლბით გამართავს. "ბოკეს" ტრავმების გამო 13 წამყვანი მორაგბე დააკლდება.

სამხრეთაფრიკელთა ლაზარეთი ახლახან "ვესტერნ პროვანსის" მოთამაშეებმა სხალკ ბურხერმა და იან დე იონგმა შეავსეს. ისინი ქარის თასის ფინალში "ნატალ შარქსთან" მატჩში დაშავდნენ. ბურხერს ნეკნი აქვს გატეხილი, დე იონგს კი მარცხენა ფეხის ტერფი. "ბოკეს" თავკაცმა პიტერ დე ფილიერსმა მათ ნაცვლად ედი იაკობსი და დეონ სტიგმანი იხმო.

უიღბლობის სერია ამით არ დასრულებულა. საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფბიან, მაგრამ ჯერ არ უვარჯიშიათ გრიპის ვირუსით დაავადებულ ჩილიბოი რელეპელეს და იან დე ფილიერსს, რომელსაც საზარდული აწუხებს. ყოველივე ამის გამო საირლანდიო შემადგენლობას დე ფილიერსი ხუთშაბათ საღამოს დაასახელებს.

იმ მორაგბეთა სია, რომლებიც "ბოკეს" ნოემბრის ტესტებზე ვერდაეხმარებიან საკმაოდ შთამბეჭდავია, ესენი არიან: ჯონ სმიტი, ჟაკ ფური, ვინანდ ულიფიე, ანდრეას ბეკერი, ფური დუ პრი, ჰენრიხ ბროსუ, ჯეი პი პიტერსენი, ხუთრო სტენკამპი, ბუჩ ჯეიმზი, ბი ჯეი ბოთა, რიკი იანუარი, სხალკ ბურხერი და იან დე იონგი.

ირალანდიის შემდეგ სამხრეთაფრიკელები უელსს, შოტლანდიასა და ინგლისს სტუმრობენ. "ბოკე" ტურნეს 4 დეკემბერს "თვიქნემზე" "ბარბაროსებთან" მატჩით დაამთავრებს.

სამხრეთ აფრიკა
შერკინება: ვილემ ალბერტსი, ბაკის ბოთა, კიგან დენიელი, ბისმარკ დუ პლესი, იანი დუ პლესი, ალისტერ ჰარგრეივზი, რაიან კანკოვსკი, ვიქტორ მეტფილდი, ტენდაი მთავარირა, სონი ოსტჰოიზენი, ჩილიბოი რელეპელე, ჟუან სმითი, პიერ სპისი, ადრიან სტრაუსი, სი ჯეი ფან დერ ლინდე, ფილიპ ფან დერ მერვე, დეონ სტიგმანი.

უკანა ხაზი: ხიო ეპლონი, ბიორნ ბესონი, ფრანსუა ჰუგარი, ბრაიან ჰაბანა, ელტონ იანტისი, პატრიკ ლამბი, ლუაზი მვოვო, რუან პინარი, ფრანსუა სტეინი, მორნი სტეინი, ედი იაკობსი, ზენ კირხნერი.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული