წინ, ახალი სიმაღლეებისკენ!

AutoSharing Option
ცნობილია, რომ პენსიაში გასვლის შემეგ ადამიანი ისვენებს, წყნარდება. ეს დრო ჯილდოა წლების განმავლობაში გაწეული მუხლჩაუხრელი შრომისა და გადატანილი ბრძოლების გამო. მორაგბეთა უმრავლესობა კარიერის დასრულების შემდეგ ან მწვრთნელობას იწყებს, ან სპორტული მედიის საძმოს უერთდება. მაგრამ სხვა საქმეა, როცა რაგბიდან წასვლას გაიძულებენ, წასვლა არ გინდა, მაგრამ გეუბნებიან - შენი ჯანმრთელობისთვის რაგბი სახიფათოაო.

უელსის ნაკრების ყოფილი უკანახაზელი რიჩარდ პარქსი მხარის ტრავმის გამო იძულებული გახდა 2009 წელს ბუცები ლურსმანზე დაეკიდა. 31 წლის მორაგბისთვის ეს უმძიმესი დარტყმა იყო. ის "ნიუპორტის", "პერპინიანისა" და "ლიდსის" შემადგენლობაში თამაშობდა
და, როგორც პიროვნება, სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა. ერთ მშვენიერ დღეს კი ეს ყველაფერი დაკარგა. მოკლევადიანი დეპრესიის შემდეგ პარქსმა გადაწყვიტა ძალა ეცადა სხვა, სრულიად განსხვავებულ ასპარეზზე.

მსოფლიოს შვიდივე კონტინენტის უმაღლესი მწვერვალების დაპყრობა ნებისმიერი, ყველაზე გამოცდილი მთამსვლელისთვისაც კი ურთულესი საქმეა და რა შეიძლება ვუწოდოთ, როცა ამას მიზნად სრულიად გამოუცდელი ადამიანი დაისახავს? - სიგიჟე! მდგომარობას ისიც ამძაფრებს, რომ პარქსმა გადაწყვიტა, სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებზეც დაადგას ფეხი. და თუ გავითვალისწინებთ, რომ მან ეს სულ რაღაც შვიდ თვეში უნდა შეძლოს, უკვე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, რომ პარქსი სულ მთალად გადაირია.

"რაგბი ჩემი ცხოვრება იყო. როცა მითხრეს, რომ თამაშს უნდა შევეშვა, დიდხანს ვიბრძოლე. ძალიან გავბრაზდი, ცოტა შეშინებულიც ვიყავი. რაგბიდან წასვლისთვის მზად არ გახლდით, ვინაიდან ვერ მივაღწიე იმას, რისი მიღწევაც მიზნად მქონდა დასახული. ეს იყო დრო, როცა საკუთარი თავის წინაშე დანაშაულის გრძნობა მაწუხებდა. არაფრის გაკეთება აღარ მინდოდა, ღრმა დეპრესია დამეუფლა"- იხსენებს რიჩარდ პარქსი.

სწორედ ამ ურთულეს პერიოდში გაუჩნდა იდეა, რომლის განხორციელებაზე ზრუნვამ მის ცხოვრებას აზრი შესძინა.

"მხარზე გადატანილი მეორე ოპერაციის შემდეგ მკურნალობას შინ განვაგრძობდი. ბევრს ვკითხულობდი და ერთ მშვენიერ დღეს, ხელში ჩამივარდა სერ რენ ფაინსონის წიგნი "გიჟი, ცუდი და ხიფათიანი". იქ აღწერილი ამბით მოხიბლული დავრჩი. მალე თავს კიდევ ერთი უბედურება დამატყდა. საყვარელი ბებო გარდამეცვალა, რამაც ჩემი სულიერი მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. ოდნავ მოგვიანებით კონტინენტების უმაღლესი მწვრევალები ინტერნეტში ვნახე და მათზე ასვლა იმავე წამს გადავწყვიტე" - ამბობს პარქსი.

მას მთამსვლელობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. თუმცა არც ის უნდოდა, რომ ვინმესთვის ზედმეტი ბარგი ყოფილიყო. მიზნად დაისახა ალპინსიტების და შერპების დაუხმარებლად, მთაზე დამოუკიდებლად ევლო და ისე მიეღწია მიზნისთვის. ამით პარქსმა მსოფლიოს მთამსვლელთა ოჯახში პატივისცემა დაიმსახურა. "მინდა გავხდე ერთერთი მათგანი" - ამბობდა ის.

ამ მიზნის მისაღწევად რიჩარდ პარქსმა მთელი თავისი დანაზოგი დახარჯა. პენსიიდან მიღებული თითოეული პენსიც ამ საქმეში ჩადო და დიდი იმედი აქვს, რომ სამუდამოდ შევა მთამსვლელობის ისტორიაში.

თავად განსაჯეთ, ის ექსპედიციას დაიწყებს სამხრეთ პოლუსის დალაშქვრით, მერე ანტარქტიკაში, ვინსონის მთაზე უნდა ავიდეს, რომლის სიმაღლეც 4 897 მეტრია. მერე კი რიგში არიან, აკონკახია არგენტინაში (6 962 მეტრი), კილიმანჯარო ტანზანიაში (5 895 მეტრი), კარსტენსზის პირამიდა ინდონეზიაში (4 884 მეტრი), ჩრდილოეთ პოლუსი, ევერესტი ნეპალში (8 850 მეტრი), დენალი ალიასკაზე (6 194 მეტრი) და იალბუზი რუსეთში (5 642 მეტრი). რიჩარდ პარქსს იმედი აქვს, რომ სამხრეთ პოლუსს ახალი წლისთვის დალაშქრავს, ბოლო სიმაღლე ელბრუსი კი, 31 ივლისს დაეცემა.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველა, შვიდივე მწვერვალი დაახლოებით 180 ადამიანს აქვს დაპყრობილი. მაგრამ მხოლოდ 15 კაცია ისეთი, ვინც ფეხი სამივე პოლუსს დაადგა - (სამხრეთ პოლუსი, ჩრდილოეთ პოლუსი და ევერესტი, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთის მწვერვალი.) ამათგან ეს არავის გაუკეთებია ერთი წელიწადის განმავლობაში. ამიტომ, თუ დასახული გეგმა განვახორციელეთ, ეს უნიკალური მიღწევა იქნება" - იმედოვნებს პარქსი.

ცხადია, მომავალი გმირობისთვის პარქსი ბეჯითად ემზადება. ის რამდენიმე ექსპედიციაში გახლდათ, გადასერა რა დედამიწა გრელანდიიდან ეკვადორამდე და უელსიდან ტიბეტამდე. მან უკვე ძალიან კარგად იცის, რა სირთულეებიც ელის, მგრამ გადაწყვეტილებას არაფრით შეცვლის.

"უკვე შევიძინე ბევრი მეგობარი. მივიღე უდიდესი გამოცდილება. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ საშუალება მეძლევა საკმაოდ სოლიდური თანხა გამოვიმუშავო, რასაც ქველმოქმედებისთვის გამოვიყენებ. ძალიან მიხარია, რომ ყოველივე ამაში მონაწილეობას თავად რენ ფაინსონიც მიიღებს. ის ერთ-ერთი საქველმოქმედო აქციის დროს გავიცანი. ვიცოდი, რომ იქ იქნებოდა და თან მისი წიგნიც წავიღე. ჩემი მიზნების შესახებ ვუამბე. აღმოჩნდა, რომ რაგბის დიდი ქომაგი ყოფილა. ავტოგრაფთან ერთად წიგნზე თავის ელექტრონული ფოსტის მისამართიც მიაწერა. ასე დაიწყო და დღემდე გრძელდება ჩვენი ურთიერთობა" - სიამაყით ამბობს პარქსი.

აღსანიშნავია, რომ პარქსთან ერთად ექსპედიციაში გაემგზავრება სამი ცნობილი ბრიტანელი ნიჩბოსანი, ოლიმპიური ჩემპიონები მარი კიური, სტივ ვილიამსი და იან სტიუარტი.

პარქსი და კომპანია სამხრეთ პოლუსისკენ რამდენიმე დღეში გაემართება. ყოფილი მორაგბე, აქამდე უცნობ მღელვარებას განიცდის და ოდნავ შიშობს კიდეც.

"რაგბიში ასე იყო, თამაშისთვის მაქსიმუმ ერთი კვირა ემზადები, განიცდი, ნერვიულობ, მერე თამაში დაახლოებით ერთი საათი გრძელდება, რომელიც მთლიანად ადრენალითაა გაჟღენთილი. ახლა, ჩვენ შემთხვევაში, მდგომარეობა ბევრად რთულადაა. ექსპედიციისთვის 15 თვე ვემზადებოდით, ვნერვიულობდით, განვიცდიდით და, რაგბისგან განსხვავებით, ერთი საათი კი არა, შვიდი თვე უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულნი, შემართულნი და ხომ წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობის ადრენალინის გამოყოფა მოგვიწევს."







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული