ბურჯელალის ანდამატი

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" მსოფლიო რაგბის ვარსკვლავებს ანდამატივით იზიდავს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ინგლისის ნაკრების მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა გუნდთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.

"ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი, რომელიც რაგბიზე სიგიჟემდეა შეყვარებული, უკვე მერამდენე წელიწადია სუპერ გუნდის შექმნას ცდილობს და საამისოდ, მეგავარსკვლავებს იწვევს, არ იშურებს არც ფულს და არც დროს, თუმცა მიზნის მიღწევას ვერაფრით ახერხებს.

ბურჯელალი იმდენად სერიოზულადაა "ავად", რომ გადაწყვიტა ავსტრალიის ნაკრების უკანა ხაზის ყველა მოთამაშე "ტულონში" მიიწვიოს. მას უკვე მიღწეული აქვს შეთანხმება სამხრეთ
აფრიკის ნაკრების მეორეხაზელ ბაკის ბოთასთან და "ბორჯღალოსანთა" მესამეხაზელ მამუკა გორგოძესთან. მურადის ოცნებაა, ახალი ზელანდიის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი, შუამარბი სონი ბილ ვილიამსი "ტულონის" შავ-წითელ კვართში გამოწკეპილი იხილოს.

მეტიც, ბურჯელალმა ყველაფერი იღონა, "ოლ ბლექსისა" და მსოფლიოს საუკეთესო მგეზავის, დენ კარტერის გადასაბირებლად. მან ახალზელანდიელს წელიწადში მილიონი ევრო შესთავაზა, რაც რაგბის საზომებით კოლოსალური თანხაა. დენი პირდაპირ უარის თქმას მოერიდა და ბურჯელალს მილიონ ორასი ათასი ევრო მოსთხოვა. რაზეც ფრანგი მილიონერისგან სასტიკი უარი მიიღო.

ერთი სიტყვით, ბურჯელალი თავისას არ იშლის. არადა, მის გუნდში ისეთი უმაღლესი რანგის მორაგბეებს უთამაშიათ, ენდრიუ მერთენსი, ჯორჯ გრეგანი და დენ ლუგარი რომ არიან. ახლა თითოეული მათგანის ტულონურ ეპოპეაზე გიამბობთ.


ჯორჯ გრეგანი (ავსტრალია)
"ის ყველაზე დიდი ვარსკვლავია ტანა უმაგას შემდეგ, ვისაც ფრანგულ კლუბებში უთამაშია" - განაცხადა მურად ბურჯელალმა 2007 წლის მსოფლიო თასის დასრულებისთანავე, როცა გრეგანთან "ტულონში" გადასვლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

ჯორჯ გრეგანი ზამბიის ქალაქ ლუსაკაში დაიბადა. მან ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში 1999 წელს მსოფლიო თასი მოიპოვა. 2000 და 2001 წლებში კი სამი ერის გათამაშებაში გაიმარჯვა. გრეგანი 34 წლის იყო "ტულონთან" კონტრაქტი რომ გააფორმა. მან დიდი წვლილი შეიტანა ამ გუნდის ელიტური, მეორე დივიზიონიდან პირველში გადაბარგების საქმეში. მაშინ გრეგანთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეორეხაზელი, სამხრეთაფრიკელი ვიქტორ მეტფილდიც თამაშობდა. გრეგანმა ექვს თვეში 400 ათასი ევრო გამოიმუშავა.

"იმ პერიოდს ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ. გუნდში ძალიან კარგი, მეგობრული ატმოსფერო იყო. "სტად დე მაიოლის" ქომაგებმა ხომ საერთოდ გამაოცეს, ასეთი ომახიანი, ერთგული გულშემატკივრობა არსად მინახავს.

კიდევ ის მახსოვს ძალიან კარგად, რომ ყველა მეტოქე ჩვენ წინააღმდეგ გაათკეცებული ენერგიით იბრძოდა და ამას ხელს მედიაც უწყობდა. ვარსკვლავების გუნდი გვიწოდეს და ყველას უნდოდა, თავი ჩვენ წინააღმდეგ თამაშისას გამოეჩინა" - იხსენებს ჯორჯ გრეგანი.

აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, "ტულონში" თამაშობდა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი გია ლაბაძე, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო.

ბოლოს, გრეგანმა, რომელიც 2001 და 2004 წლებში, საკლუბო დონეზე, "ბრამბიზის" შემადგენლობაში ზე 14-ის ორი გათამაშების გამარჯვებული იყო, "ტულონში" ასპარეზობას იაპონიაში თამაში არჩია, სადაც ერთი სეზონი გაატარა და რაგბის სამუდამოდ დაემშვიდობა.


ენდრიუ მერთენსი (ახალი ზელანდია)
"ცხოვრებაში არაფერია იმაზე კარგი, როცა საშუალება გაქვს აკეთო ის, რისი გაკეთებაც ყველაზე უკეთ შეგიძლია. მნიშვნელობა არ აქვს დროს, ასაკს, ადგილს - ჩემთვის მთავარია, რაგბი ვითამაშო და მით უფრო მიხარია, რომ ამის საშუალება საფრანგეთში მომეცა", - თქვა ენდრიუ მერთენსმა, როცა "ტულონთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა.

ახალი ზელანდიის ნაკრების ლეგენდარულმა მგეზავმა 1995-2004 წლებში "ოლ ბლქესის" შემადგენლობაში 70 კეპი მოიხვეჭა. მერთენსი სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში დაიბადა. ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მშობლები საცხოვრებლად ახალ ზელანდიაში გადაბარგდნენ. სწორედ აქ ისწავალა ენდრიუმ რაგბის ანა-ბანა და ქრაისთჩერჩის "კრსუეიდერზის" ღირსებას საკმაოდ დიდხანს იცავდა.

1995 წლის მსოფლიოს თასზე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, ის ჯონა ლომუსთან ერთად ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი დამრტყმელი ძალა გახლდათ, თუმცა მაშინ "ოლ ბლექსმა" ფინალში "ბოკესთან" მაინც წააგო.

მერთენსმა ახალი ზელანდიის ნაკრებში 1999 წლის მსოფლიო თასზეც იასპარეზა, 2003 წლის გათამაშებაში კი ეროვნული გუნდის კარები მიუხურეს. ენდრიუმ უკეთესი მერმისის საძებნელად ევროპას მიაშურა. ჯერ ინგლისში, "ჰარლიქუინზის" შემადგენლობაში ჩაირიცხა და ამ გუნდს გაჩემპიონებაში დაეხმარა. იქიდან კი საფრანგეთში გადაბარგდა. ერთი წელიწადი "ტულონში" გაატარა, ერთიც - პარიზულ "მეტრო რასინგში" და ამჟამად საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონის "ბეზიეში" ასპარეზობს ლაშა მალაღურაძესა და გიორგი მჭედლიშვილთან ერთად.


დენ ლუგარი (ინგლისი)
"არ ვიყავი დარწმუნებული, რომ "ტულონში" კიდევ ერთი სეზონის გატარება მომიწევდა. ბურჯელალთან მოლაპარაკება ცუდად დასრულდა, მაგრამ მერე ტანა უმაგამ სთხოვა, ჩემთან კონტრაქტი გაეფორმებინა. როცა ტანას უნდა მის გუნდში თამაშობდე, ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო და ითამაშო, თანაც გამიმართლა, მურადი დათანხმდა, ჩემთვის იმ ოდენობის ჯამაგირი გადაეხადა , რამდენიც მოვითხოვე", - იხსენებს დენ ლუგარი.

ლუგარი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც ბურჯელალმა 2006 წელს "ტულონური რევოლუციისთვის" უცხოეთიდან მიიწვია. დენის კარიერა რიჩმონდში დაიწყო, მერე "სარასენზსა" და "ჰარლიქუინზში" თამაშობდა. ამ უკანასკნელში მან კარიეირის დიდი ნაწილი გაატარა და დღემდე მის ერთგულ ქომაგად რჩება.

დენ ლუგარის დებიუტი ინგლისის ნაკრებში 1998 წელს შედგა. მან 2001 წელს, "თვიქნემზე" ავსტრალიის ნაკრებს ბოლო წუთზე გამარჯვების მომტანი ლელო გაუტანა, რის შემდეგაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა. 2003 წელს კი "პომების" შემადგენლობაში მსოფლიო თასსაც დაეუფლა.

2003-2005 წლებში ლუგარი "პერპინიანის" ღირსებას იცავდა. კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა მას გუნდიდან წასვლის უფლება იმ პირობით მისცა, თუ ერთი წლის განმავლობაში "პერპინიანის" წინააღმდეგ არ ითამაშებდა. "ტულონში" გატარებული ერთი სეზონის შემდეგ ლუგარმა ბუცები ლურსმანზე დაკიდა და სამწვრთნელო ასპარეზზე გადაინაცვლა. ის ამჟამად საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედრალ 1 დივიზიონის, "ნიცას" მთავარი მწვრთნელია, სადაც საქართველოს ნაკრების შუამარბი დავით კაჭარავა თამაშობს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული