ზე რაგბი: "ჯვაროსნები" და "გაუხედნავი ცხენები"

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების ნახევარფინალის შესარჩევ მატჩებში, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა გაიმარჯვეს და პირველობისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

პირველ წყვილში ახალზელანდიურმა ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა", რომელიც ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, შინ დაამარცხა ავსტრალიური ბრისბენის "რედსი" - 38:9.

ცხადია, "ჯვაროსნები" ამ შეხვედრაში ფავორიტები იყვნენ, თუმცა ასეთ იოლ გამარჯვებას მათგან მაინც არავინ ელოდა.

არადა, ფაქტია, ქრაისთჩერჩელები გათამაშების მიწურულს, ბოლო სტადიაზე შესანიშნავ ფორმაში არიან და თამაშიდან თამაშამდე სულ უფრო უმატებენ.

"ჯვაროსნების" რიგებში წლეულს პირველად გამოჩნდა ლეგენდარული ახალზელანდიელი მესამეხაზელი რიჩი მაქოა. ის სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 15
წუთი დაჰყო.

"ოლ ბლექსის" კაპიტანი გუნდის თამაშით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ ერთი კვირის თავზე, ვისაც არ უნდა დაუპირისპირდნენ, თუ ასევე ითამაშებენ, აუცილებლად გაიმარჯვებენ.

"ეს შანსია თითოეული ჩვენგანისთვის. საკმარისია, ყველა ბოლომდე დავიხარჯოთ და ისევე კარგად ვითამაშოთ, როგორც დღეს, წინ ვერავინ დაგვიდგება" - თქვა მან.

მასპინძლებმა თამაში თავიდანვე რიხით დაიწყეს და მეტოქეს თავს შეტევების კორიანტელი დაუყენეს. "კრუსეიდერზი" მეათე წუთისთვის უკვე 10:0-ს იგებდა.

პირველი ნახევარი კი 15 ქულის სხვაობით - 21:6 მოიგო. ცხადი იყო, რომ ქრაისთჩერჩელები გამარჯვებას, თანაც საკუთარ კედლებში, ხელიდან არ გაუშვებდნენ. მით უფრო, რომ ვილი გენიასა და ქუადე კუპერის წინამძღოლობით, "წითლები" სახეიროს ვერაფერს ახერხებდნენ.

მეორე ნახევარში თამაშის სურათი დიდად არ შეცვლილა. "ჯვაროსნებმა" პირველ ტაიმში გატანილ ორ ლელოს კიდევ ამდენივე მიუმატეს და დამსახურებულად მოიგეს - 38:9. ორი ლელო შუამარბმა რაიან კროტიმ მიითვალა, მგეზავმა დენ კარტერმა სამი საჯარიმო და ამდენივე გარდასახვა გაიტანა (15 ქულა).

"ჯვაროსნების" მომდევნო მეტოქე ნახევარფინალში ზე რაგბის ამჟამინდელი ჩემპიონი, ახალზელანდიური ჰემილთონის "ჩიფსი" იქნება. შეხვედრა ჰემილთონში გაიმართება.

ნახევარფინალის შესარჩევ მეორე წყვილში თამაში ბევრად უფრო დაძაბული გამოდგა. ავსტრალიურმა კანბერას "ბრამბიზმა" სამხრეთაფრიკულ ბლუმფონტეინის "ჩიტაზს" უმასპინძლა და 15:13 დაამარცხა.

სტუმრებს ცუდად არ უთამაშიათ. მეტიც, მეტოქეს ორი ლელოც გაუტანეს, მაგრამ კანბერელებმა ხუთი ზუსტი საჯარიმოს წყალობით შეძლეს მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა. 12 ქულა მასპინძლებს შუამარბმა კრისტიან ლელიიფანომ მოუტანა.

ავსტრალიურ გუნდს ნახევარფინალში სათამაშოდ ამჯერად სამხრეთ აფრიკაში მოუწევს გამგზავრება, სადაც მეტოქე ბევრად უფრო ძლიერი დაუხვდება. პრეტორიის "ბლუ ბულზი" სამხრეთ აფრიკის კონფერენციის გამარჯვებული და გათამაშების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია.

კრუსეიდერზი-რედსი 38:9
კრუსეიდერზი (15-9) დაგი (ა. ვაითლოქი 69), მარშალი, კროტი, ტეილორი, გილფორდი, კარტერი (ბლეიენდაალი 67), ელისი (ჰეინცი 56). (1-8) კროკეთი (მუდი 65), ფლინი (ფანელი 53), ფრენქსი, რომანო (ლ. ვაითლქოი 65), ს. ვაითლოქი, ჯ. ვაითლოქი, ტოდი (მაქოა 65), რიდი.
4ლ: კროტი (2), კარტერი, მარშალი. 4ს: კარტერი (3), ტეილორი. 3გ: კარტერი.
რედსი (15-9) ლუკასი, შიპერლი, ტაპუაი, ლენსი (მორაჰანი 56) ფეაუაი-საუიტია, კუპერი, გენია. (1-8) ჰოლმსი, ს. ფაინგაა (ანაე 60), სლიპერი, საიმონსი, ჰორვილი (ედმონიდ 60), ქუირკი (სამო 52), გილი, შატცი (რობინსონი 68).
3ს: კუპერი.
მსაჯი: იაკო პეიპერი (სამხრეთი აფრიკა)

ბრამბიზი-ჩიტაზი 15:13
ბრამბიზი (15-9) მოგი, სპეიგთი, კურიდრანი, ლეალიფანო, რათბონი (ტომანე 61), ტოომუა, ვაითი. (1-8) სიო, მური, ალექსანდერი (ჰენრი-სმითი 67), ფარდი, ს. კარტერი (აუელუა 61), კიმლინი, სმითი, მოვენი.
5ს: ლეალიფანო (4), ვაითი.
ჩიტაზი (15-9) დანიელი, ლე რუ, სედი, ებერსონი, რულე, სმითი, ფან ზილი (პრეტორიუსი 61). (1-9) ოსტჰუიზენი, სტრაუსი, ადრიანსე (ჰიაკანე 47), დე იაგერი, ლანდმანი, ბრსოუ, ლაბუსჰაჰნი (პრინსლოო 63), ფან დერ მერვე.
2ლ: სლედი, ბენჯამინი. ს: სმიტი.
მსაჯი: გლენ ჯექსონი (ახალი ზელანდია)

ნახევარფინალი
ჩიფსი-კრუსეიდერზი
ბლუ ბულზი-ბრამბიზი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული