სპორტული კომპლექსის გახსნის ცერემონიაზე მინისტრმა ლეილა მესხი, 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩოგბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.
სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლეილა მესხის სახელობის საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე აშენდა. კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარეობდა. საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე კეთილმოეწყო ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა, აშენ
ახალი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სპორტული კომპლექსი საერთაშორისო დონის საჩოგბურთო ტურნირების მასპინძლობას შეძლებს.
სპორტკომპლექსის გახსნის ცერემონიას ჩოგბურთის ფედერაციისა და ლეილა მესხის აკადემიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
მიხეილ გიორგაძე (საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი): „განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ თბილისის სპორტულ კომპლექსებს კიდევ ერთი სივრცე შეემატა. ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სპორტის მასობრიობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მნიშვნელოვანია, რომ ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა ლეილა მესხის საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე, სადაც არაერთი ცნობილი ჩოგბურთელი გაზრდილა. ახალი კომპლექსის გახსნასთან ერთად, დღეს ასევე მქონდა დიდი პატივი, ჩოგბურთის აკადემიის ხელმძღვანელისთვის, ქალბატონი ლეილა მესხისთვის გადამეცა კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო სპორტის ნაწილში, სპორტის რაინდის წოდება. უდავოა მისი განსაკუთრებული წვლილი როგორც ჩოგბურთის, ასევე ქართული სპორტის განვითარებაში".
ლეილა მესხი (სპორტის რაინდი, საჩოგბურთო სპორტული კომპლექსის ხელმძღვანელი): „პირადად ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი დღეა. გაიხსნა ახალი სპორტული კომპლექსი, აღინიშნება ჩემი საიუბილეო თარიღი. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბატონ მიხეილ გიორგაძეს, რომელმაც დღეს, ახალი კომპლექსის გახსნასთან და იუბილესთან დაკავშირებით, სპორტის რაინდის წოდებით დამაჯილდოვა.
ამ წოდების მიღება ჩემთვის დიდი პატივია. დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ, ახალი სპორტული კომპლექსი არაერთ წარმატებულ ჩოგბურთელს შემატებს ქართულ სპორტს".
მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით