game, set, match - Nikoloz Basilashvili! - ქართველი ჩოგბურთელი ბუდაპეშტის ტურნირის მოგებისკენ მიიწევს

AutoSharing Option
გუშინ, 25 აპრილს, ბუდაპეშტის ტურნირის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 85-ე ჩოგანი პიტერ გოიოვჩიკი 3 სეტში ანგარიშით 6:3, 0:6, 6:3 დაამარცხა.

პიტერ გოიოვჩიკი საკმაოდ კარგი ჩოგბურთელია. გათამაშებაში სახიფათო არაა, თუმცა ძლიერი დარტყმები აქვს, კარგი მოწოდება. იმ ტიპის ჩოგბურთელია, როგორთანაც ნიკოლოზს თამაში უჭირს ხოლმე. თან აქამდე ერთმანეთთან ჩატარებული 2 მატჩიდან ორივე პოლონელს ჰქონდა მოგებული.

შეხვედრაში გერმანელს 5 ეისი ჰქონდა, ნიკოლოზს - არცერთი. ორმაგი შეცდომების მხრივ გოიოვჩიკმა აჯობა - 4:3.

ბასილაშვილის პირველი მოწოდების სიზუსტე მატჩში 66% გახლდათ, ხოლო 0:6 წაგებულ სეტში პირველი მოწოდების სიზუსტე
67% ჰქონდა. ამას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ საკმაოდ უცნაური მოცემულობაა.

ჩოგბურთელი, რომელიც სეტში 67 %-ის სიზუსტით აწვდის, ფაქტობრივად, გამორიცხულია, რომ იმან საკუთარ მოწოდებაზე ერთი გეიმიც ვერ მოიგოს, თან, როცა საქმე მსოფლიოს მე-18 ჩოგანს ეხება. მსგავსი რამ დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელს შეიძლება დაემართოს. ისიც იმას,  ვინც ძალიან სუსტია გათამაშებაში და მასზე გაცილებით ძლიერ ჩოგბურთელს ეთამაშება.

თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელები 67%-ის სიზუსტით ვერ აწვდიან ხოლმე და ამიტომაც არიან დაბალ პოზიციაზე მსოფლიო კლასიფიკაციაში.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მეორე სეტში ნიკოლოზმა 3 გეიმი წააგო საკუთარ მოწოდებაზე და სამივე 30:40-დან. ჩოგბურთელებმა გეიმები თანაბარი რაოდენობით მოიგეს და მატჩში უფრო მეტი ქულა გოიოვჩიკმა მოიპოვა - 74:73.

ამ სტატისტიკის ფონზე, მატჩი დაძაბული და თანაბარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ასე საერთოდ არ გახლდათ. პირველ სეტში ნიკოლოზმა 3 გეიმი მოიგო მეტოქის ჩაწოდებაზე, საკუთარზე კი 1 გეიმი დათმო. ძალიან თავისუფლად თამაშობდა, როგორც სჩვევია, შეტევას არ ერიდებოდა. აშკარად ჩანდა, რომ გათამაშებებში მცირე მომატება და უპირატესობა მის მხარეს იყო.

მეორე სეტი კი 0:6 წააგო. ალბათ, გახსოვთ ჰამბურგის ტურნირი. მსგავსი რამ ბასილაშვილმა იქაც გააკეთა, თან როდის - ნახევარფინალსა და ფინალში, ჯერ ჩილელ იარისთან და შემდეგ არგენტინელ ლეონარდო მეიერთან. სხვათა შორის, ჰამბურგის ტრიუმფის შემდეგ, პირველივე მატჩში დამარცხდა მის დღევანდელ მეტოქე ლაზლო ჯერესთან, თუმცა ამაზე ქვევით ვისაუბროთ.

მესამე სეტში ისეთი აქტიური აღარ იყო, კონცენტრაცია საკუთარ მოწოდებაზე ჰქონდა და შანსს ელოდა. ეს შანსიც მე-8 გეიმში მიიღო. 40:15-ს იგებდა და ორმაგი "ბრეიკ პოინტი" ჰქონდა. მერე გერმანელმა გაუთანაბრა, თუმცა ბოლოს მაინც ნიკამ მოუგო. შემდეგ გეიმში უკვე მატჩზე აწვდიდა ბასილაშვილი და გეიმის ბოლოს გაისმა მსაჯის სასურველი სიტყვები: game, set, match - Nikoloz Basilashvili!

Sportall.Ge

ასე მოახერხა მსოფლიოს მე-18 ჩოგანმა პირველი გამარჯვების მოპოვება ბუდაპეშტის ტურნირზე, რომლის მესამე წრეში 23 წლის სერბ ლაზლო ჯერეს შეხვდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 33-ე ჩოგანია.

ჯერე და ბასილაშვილი ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან. პირველად 2015 წლის "როლან გაროსის" საკვალიფიკაციოში, მეოთხედფინალში ნიკოლოზმა სერბი ორ სეტში დაამარცხა - 6:4, 6:4. მეორე შეხვედრა, როგორც ზევით ვახსენეთ, შარშან, 2018 წლის 31 ივლისს გაიმართა ავსტრიაში, კიცბუელში, სადაც სერბმა ასევე ორ სეტში მოუგო ქართველ მეტოქეს - 6:3, 6:3. ეს პირველი შეხვედრა იყო ჰამბურგის ტურნირის მოგების შემდეგ და დაღლილობასთან ერთად, ალბათ, ნიკოლოზი ეიფორიაშიც იყო.

წელს ჯერე საკმაოდ კარგად ასპარეზობს. ჯერ რიოს ტურნირი მოიგო და ფინალში ოჟე ალიასიმი დაამარცხა. რიოს ტურნირის პირველ წრეში კი სერბმა კარიერის უდიდესი გამარჯვება მოიპოვა - დაამარცხა მსოფლიოს მე-5 ჩოგანი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი. მერე სან-პაულუს ტურნირის ნახევარფინალში გავიდა და იქ გუიდო პელასთან წააგო. სან პაულუში, სხვათა შორის, ჯერემ ისევ ოჟე ალიასიმს მოუგო მეოთხედფინალურ სტადიაზე. ეს ის 18 წლის ოჟე ალიასიმია, რომელთანაც ნიკოლოზი მაიამის მასტერსზე ორ სეტში დამარცხდა - 6:7, 4:6.

ბუდაპეშტში ჯერემ ორი მატჩი მოიგო. პირველ წრეში ლატვიელი ერნესტ გულბისი დაამარცხა 3 სეტში - 6:4, 6:7, 7:6. 30 წლის გულბისი ერთ დროს მსოფლიოს მე-10 ჩოგანიც კი იყო. მეორე წრეში ჯერემ 17 წლის იტალიელ ჯანიკ სინერს 2 სეტში მოუგო - 6:3,6:1.

დღეს საკმაოდ საინტერესო მატჩი გველის. ლაზლო ჯერე 188 სმ არის სიმაღლეში, რაც მას საშუალებას აძლევს, ძლიერად ჩააწოდოს. ასევე, ნიკოლოზის მსგავსად, ძალიან უყვარს შეტევა, მიუხედავად იმისა, ბასილაშვილთან შედარებით მისი არც ფორჰენდი და არც ბექჰენდი განსკუთრებული არაა, დიერეს საკმაოდ ძლიერი დარტყმები აქვს.

ნიკოლოზ ბასილაშვილს საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავს დღეს. თუმცა, ნაკლები შეცდომების შემთხევავაში, ნიკოლოზს შეუძლია სერბის დამარცხება. თან, იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირის ფავორიტი მარინ ჩილიჩი ურუგვაელ პაბლო კუევასთან დამარცხდა, ქართველ ჩოგბურთელს ფინალში გასვლის ძალიან კარგი შანსი მიეცა და იქამდე თუ მივიდა, დიდი ალბათობით, კარგად ნაცნობი ბორნა ჩორიჩი დახვდება, ვისთანაც რევანში აქვს ასაღები.

შარშან, ბუდაპეშტის ტურნირზე ნიკოლოზი მესამე წრეში იტალიელ ანდრეას სეპისთან დამარცხდა ორ სეტში - 4:6,6:7. ქართველმა ჩოგბურთელმა უკვე მოახერხა მოპოვებული 45 ქულის დაცვა და გამარჯვების შემთხვევაში 90 სარეიტინგო ქულასა და 26 990 ევროს მოიპოვებს.

შეხვედრა 18:30 წუთზე არის ჩანიშნული, თუმცა, ალბათ, ცოტა მოგვიანებით დაიწყება.

შეგახსენებთ, ბუდაპეშტის ტურნირი 250-იან კატეგორიაში შედის და მისი საპრიზო ფონდი ჯამში 501 345 ევროს შეადგენს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგიით რაა კარგიით, რეებს აკეთეებს ეს ბიჭი გამაგიჟებს :( რას გაავს ეს ბოლო თამაშაები ასეთი არასამაჯერებლობა და ასეთი სუსტი ფისქომდგრადრობა არ ვიცი
გიო
21:18 26-04-2019
0
სამწუხაროდ წააგო
romani bejanidze
21:17 26-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული