უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უიმბლდონის მესამე დღემ ანუ მეორე წრის საწყისმა მატჩებმა დიდი სენასაციების გარეშე ჩაიარა, თუმცა გარკვეული მოულოდნელობები მაინც დაფიქსირდა.

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფილიპ კოლშრაიბერს ამერიკელი დენის კუდლაც მიაყოლა და მსოფლიოს 111-ე ჩოგანიც 3 სეტში დაამარცხა - 6:3, 6:2, 6:2.

მიუხედავად უდიდესი უპირატესობისა სერბმა საკუთარ მოწოდებაზე ორი გეიმი მაინც წააგო. ასევე, ერთ-ერთ ეპიზოდში პუბლიკაზე გათვლილი დარტყმა შეასრულა, როგორც ნიკ კირგიოსს სჩვევია, თუმცა ავსტრალიელისაგან განსხვავებით ნოლემ იმ გათამაშების მოგება ვერ მოახერხა.

მესამე წრეში ნოვაკი პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩს (48) შეხვდება, რომელმაც არგენტინელი
ლორენცო მეიერი 4 სეტში დაამარცხა.

დღის ყველაზე დიდი მოულოდნელობა სტანისლას ვავრინკას (19) მარცხი იყო. დიდი სლემის ტურნირის სამგზის გამარჯვებულმა შვეიცარიელმა ამერიკელ გიგანტ რილი ოპელკასთან 5 სეტში დათმო შეხვედრა - 5:7, 6:3, 6:4, 4:6, 6:8.

21 წლის ოპელკამ, რომელიც ტურში ყველაზე მაღალი ჩოგბურთელია (211 სმ) უიმბლდონზე, საკუთარ კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და მესამე წრეში მსოფლიოს მე-17 ჩოგან კანადელ მილოშ რაონიჩს შეხვდება. თავად რაონიჩმა, რომელიც 196 სმ გახლავთ სიმაღლეში, მსოფლიოს 76-ე ჩოგანი ჰოლანდიელი რობინ ჰაასე 3 სეტში დაამარცხა - 7:6, 7:5, 7:6.

უიმბლდონის ყველაზე ასაკოვანმა მოთამაშე 40 წლის ივო კარლოვიჩმა (80) იტალიელ ტომას ფაბიანოსთან (89) 5-სეტიან ბრძოლაში წააგო - 3:6, 7:6, 3:6, 7:6, 4:6. ფაბიანო მესამე წრეში კიდევ ერთ ვეტერან 35 წლის ფერნანდო ვერდასკოს (37) შეხვდება.

საკუთარი შეხვედრა მოიგო მსოფლიოს მე-9 ჩოგანმა რუსმა კარენ ხაჩანოვმა. მისი მეტოქე ესპანელი ფელისიანო ლოპესი (54) იყო და კარენმა მეტოქის დამარცხება 4 სეტში მოახერხა - 4:6, 6:4, 7:5, 6:4. ხაჩანოვს მესამე წრეში სერიოზული მეტოქე ეყოლება ესპანელი ბაუტისტა აგუტის სახით, რომლის ბელგიელი მოწინააღდეგე სტივ დარცისი(221) მესამე სეტში გამოეთიშა შეხვედრას.

გამარჯვება მოახერხა მსოფლიოს მე-8 ჩოგანმა სამხრეთ აფრიკელმა კევინ ანდერსონმა. მისი მეტოქე ერთ დროს ასევე მსოფლიოს მე-8 ჩოგანი იანკო ტიპსარევიჩი (288) იყო. ანდერსონმა მოწინააღმდეგე 4 სეტში (6:4, 6:7, 6:1, 6:4) დაამრცხა და მესამე წრეში მსოფლიოს 26-ე ჩოგან არგენტინელ გუიდო პელას შეხვდება, რომელმაც 5-სეტიან შეხვედრაში მოუგო იტალიელ ანდრეა სეპის.

გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოს 21-ე ჩოგანმა, 19 წლის ფელიქს ოჟე ალიასიმმა. კანადელი ფრანგი კორენტინ მუტეს წინაღმდეგ თამაშობდა და მსოფლიოს 84-ე ჩოგანი 4 სეტში დაამარცხა - 6:3, 4:6, 6:4, 6:2. მესამე წრეში ფელიქსი კიდევ ერთ ფრანგ უგო უმბერტს (66) შეხვდება, რომელმაც მარსელ გრანოლიერსი დაამრცხა 3 სეტში.

ქალები

ქალების მხარეს მსოფლიოს მე-8 ჩოგანმა უკრაინელ ელინა სვიტოლინას გაუმართლა და რუსი მარგარიტა გასპარიანი (62) მძიმე ბრძოლაში გამოეთიშა შეხვედრას. სვიტოლინა სეტებში ჩამორჩებოდა მეტოქეს, თუმცა მეორე სეტში 6:5-ზე ორმაგი სეტ პოინტი ჰქონდა. სვიტოლინა მესამე წრეში ბერძენ მარია საკარის შეხვდება.

ამჟამად მსოფლიოს მე-40 ჩოგანმა ვიქტორია აზარენკამ უპრობლემოდ მოუგო მსოფლიოს 49-ე ჩოგან აილა ტომლიანოვიჩს - 6:2, 6:0. აზარენკას მეტოქე შემდეგ წრეში მსოფლიოს მე-7 ნომერი სიმონა ჰალეპი იქნება. რუმინელმა ჩოგბურთელმა თანამემამულე მიჰაილა ბუზარნესკუ (31) 3 სეტში დაამარცხა - 6:3, 4:6, 6:2.

მსოფლიოს მე-19 ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ რუსი ვერონიკა კუდერმეტოვა (59) 2 სეტში დაამარცხა - 7:6, 6:3 და მესამე წრეში კორეელ შუაი ჟანგს (50) შეხვდება.

გამარჯვება მოიპოვა უიმბლდონის ერთ-ერთ ფავორიტმა, მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა კაროლინა პრისკოვამ. ჩეხმა ჩოგბურთელმა პუერტორიკოელი მონიკა პუიგი ( 52) 2 სეტში დაამარცხა - 6:0, 6:4 და მესამე წრეში მსოფლიოს 29-ე ჩოგან ტაივანელ სუ ვეი სიეს დაუპირისპირდება.

ასევე, აღსანიშნავია ის, რომ მსოფლიოს 313-ე ჩოგანმა, 15 წლის ამერიკელმა კორი გაუფმა, რომელმაც პირველ წრეში ვინუს უილიამსი დაამარცხა, მეორე წრის დაძლევაც შეძლო. მისი მეტოქე სლოვაკი მაგდალინა რიბალკოვა(139) იყო და გაუფმა ის 2 სეტში დაამარცხა- 6:3, 6:3. მესამე წრეში 15 წლის ჩოგბურთელი მსოფლიოს მე-60 ჩოგან პოლონა ჰერქოგს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაში უიმბლონზე 4 ივლისს ჩვენი დროით 15:30 საათზე იასპარეზებს. მისი მეტოქე ბრიტანელი დენილ ევანსი (61) იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული