ლაშა ტალახაძემ გამარჯვება საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს მიუძღვნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 სექტემბერს ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტაილანდში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ გამარჯვება გმირებს მიუძღვნა, რომლებმაც თავი საქართველოს მთლიანობას შესწირეს.

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. სოხუმის დაცემიდან დღეს 26 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა "აფხაზურმა გვარდიამ" ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ
არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების მიუხედავად, "აფხაზურმა გვარდიამ" საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებსა და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება "ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ" და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად.

სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს.

რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება "საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს" ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს.

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-93 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
შენ გაიხარე ლაშა შენი ოჯახით! დიდი მადლობა ამდენი სიხარულის მონიჭებისთვის. რა ბედნიერი და ამაყი ვიყავი, როდესაც ფრანგი კომენტატორები, რომელთაც სხვა ერების მიღწევები არ აინტერესებთ, შენს ქებაში იყვნენ. ტალახაძე ძალოსნობის ტედი რინერი და ჰუსეინ ბოლტიაო. 2 წამს ფორას მისცემს ნებისმიერს და მაინც გაასწრებსო. ასეთი რამ პირველად გავიგე და ეს შენ აიძულე ფრანგები ეღიარებინათ შენი უპირატესობა. კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოს შენი გულშემატკივრები!
არჩილ
29 სექტემბერი 2019 21:43
0
გულში გენაცვალე ლაშა! ღმერთმა გისმინოს!!!
soxumeli veterani
27 სექტემბერი 2019 20:42
1
ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს!
gurulo
27 სექტემბერი 2019 19:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული