მედლისთვის ვიბრძოლებ! - ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

AutoSharing Option
შარშან რიოს თამაშებში გამოსვლითა და იქ მეხუთე ადგილის დაკავებით მცხეთელმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ კარგა ხნის მიძინებული ქართული სანიჩბოსნო სამყარო გამოაღვიძა. მან ბოლო დროს სხვა არაერთ წარმატებასაც მიაღწია: ახალგაზრდებში მსოფლიოს (2014) და ევროპის (2016) ჩემპიონატებში ბრინჯაოს მედლები ხვდა, წლეულს მსოფლიოს თასის ეტაპზე მეორე იყო, პლოვდივში ევროპის ჩემპიონატზე კი მესამე ადგილი დაიკავა. მაშინ ჩვენებურს ლიტველმა ჰენრიკას ჟუსტაუტასმა (ჩემპიონობა მოიპოვა) და რუსმა ალექსეი კოროვაშკოვმა გაუსწრეს.

კონტინენტისა და მსოფლიოს პირველობებისთვის ზაზა ბრესტში ემზადებოდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ლომიშვილისა და ადგილობრივი მწვრთნელის - ოლეგ
რადომსკის ხელმძღვანელობით.

შემიძლია ვთქვა, რომ რაჩიცეში კვარცხლბეკზე ასასვლელად მზად ვარ! - გვითხრა ზაზამ ჩეხეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების წინ.

ჩეხეთის სწორედ ამ ქალაქში სამი დღეა გრძელდება კანოე-კაიაკში მსოფლიოს ჩემპიონატი. საპრიზო ადგილებისთვის პაექრობაში ზაზას სერიოზული მეტოქეები ჰყავს. უპირველესად, რუსი ალექსეი კოროვაშკოვი და ბელორუსი არტსიომ კოზირი უნდა გამოვყოთ, ასევე, ესპანელი ალფონსო ბენავიდესიც, რომელმაც რიოში ზაზას აჯობა.

24 აგვისტოს რაჩიცეში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე გაცურვაში ზაზა ნადირაძესთან ერთად ჟუსტაუტასმა მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ნიჩბოსანმა სტარტიდანვე ხელთ იგდო ლიდერობა და 200-მეტრიანი დისტანციის ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა. მისი შედეგია 39,986 წამი. ლიტველი ჩვენებურს 0.355 წამით ჩამორჩა და მეორე იყო. 42,247 წამით მესამე ადგილი მასპინძელმა დან დრანოკუპილმა დაიკავა.

I ჯგუფში ყველას ირანელმა ადელ მოჯალალიმოჩადამმა (ირანი, 39.533), მეორე-მესამე ადგილები არტსიომ კოზირმა (ბელორუსი, 39.666) და ალფონსო ბენავიდესმა (ესპანეთი, 40.005) გაიყვეს. II ჯგუფში უძლიერესი იყო ალექსეი კოროვაშკოვი (რუსეთი, 39.807), რომელმაც მეორე ადგილზე გასულ ყაზახ ტიმურ ხაიდაროვს 0.572 წამით გაუსწრო. საკვალიფიკაციო გაცურვებისას პირველ ადგილებზე გასული ნადირაძე, მოჯალალიმოჩადამი და კოროვაშკოვი A ფინალში პირდაპირ მოხვდნენ. დანარჩენი ექვსი ვაკანტური ადგილი გუშინ საღამოს ნახევარფინალების შემდეგ შეივსო:

I ნახევარფინალი. 1. ჯონათან ჰაიდუ (უნგრეთი, 39.422), 2. ჰენრიკას ჟუსტაუტასი (ლიტვა, 39.588), 3. ალფონსო ბენავიდესი (ესპანეთი, 39.849);
II ნახევარფინალი. 1. არტსიომ კოზირი (ბელორუსი, 39.127), 2. ტიმურ ხაიდაროვი (ყაზახეთი, 40.127), 3. მარეკ მიხალ ლუბნიევსკი (პოლონეთი, 40.327).

მედლების მფლობელები 200 მეტრზე ხვალ გამოვლინდებიან.

* * *
გუშინ ზაზა ნადირაძეს ჩეხეთში შევეხმიანეთ:

- დიდი მადლობა ყველას, ვინც მიქომაგა. მომავალშიც ჩემი გულშემატკივრების თანადგომის იმედი მექნება. რაც შეეხება შედეგს, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ - კვალიფიკაციიდან პირდაპირ ფინალში მოვხვდი. ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დავგეგმეთ.

- ევროპის ჩემპიონატზე 200 მეტრი 38,460 წამში დაფარეთ, ახლა მეტი დრო დაგჭირდათ...
- მერე რა. არც ჩემი სხვა მეტოქეების ნაჩვენები შედეგები მიკვირს, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატია და სპორტსმენები მომზადების პიკში არიან, თუმცა კვალიფიკაციაში ნაჩვენები შედეგებით ზუსტი ანალიზის გაკეთება შეუძლებელია, რადგან არავინ იცის, ვის რა შინაგანი ენერგია აქვს ფინალური პაექრობისთვის.

25-ში დილით დავისვენებ, საღამოს მსუბუქად წავივარჯიშებ, 26-ში კი, ვფიქრობ, მედლებისთვის მებრძოლთა შორის ვიქნები. უმაღლესი შედეგის საჩვენებლად არაფერს დავიშურებ.

- შეჯიბრებას თვალს რომ ვადევნებდი, რატომღაც მომეჩვენა, რომ თქვენი სტარტი შეყოვნდა...
- ასეთი რამ ხშირად ხდება, რადგან ამ დროს ადრენალინის პიკია და მსაჯები სპორტსმენებს დროს აძლევენ, ნავები გაასწორონ. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

- მაჟორულ ფინიშს, მგონი, ნიჩბის ორი მოსმა დააკელით...
- ნიშნულს რომ მივუახლოვდი, გვერდზე მივიხედე. ვნახე, რომ ლიტველი ჟუსტაუტასი უკან იყო. პირველობას ვერავინ შემეცილებოდა, ამიტომ ბოლომდე აღარ დავიხარჯე, ენერგიას გავუფრთხილდი.

- ნახევარფინალურ პაექრობებში ვის ქომაგობდით?
- უზბეკ მეგობარ ვადიმ მენკოვს. თვეზე მეტია, მასთან ერთად ვვარჯიშობ. კარგი ბიჭია. სამწუხაროდ, ის ფინალში ვერ მოხვდა.

- როგორ ფიქრობთ, მთავარი ფინალი სამართლიანად დაკომპლექტდა?
- დიახ, მსოფლიოს ჩემპიონატის მედლებისთვის სწორედ რომ ფავორიტები იბრძოლებენ. საპრიზო ადგილებზე გასვლა, ფაქტობრივად, ყველას შეუძლია. გადამწყვეტი ორთაბრძოლისას, ალბათ, ფიზიკურთან ერთად ფსიქოლოგიური მომზადებაც ითამაშებს დიდ როლს.

- ჩვენი გოგონების გუშინდელ გამოსვლაზეც მინდა გკითხოთ...
- სამწუხარო შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ეს არ არის ქვეყნის დასასრული. ჯერ ახალგაზრდები არიან, გამოუცდელები. მეტი მუშაობაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ისინი ქომაგებს არაერთხელ გაახარებენ...

* * *
ჩეხეთში 500 მეტრზე ორადგილიანი კანოეთი სტარტი აიღეს დუშელებმა - მარიამ ქერდიკაშვილმა და ნატო ჩხუტიაშვილმა, მაგრამ ასპარეზობისას ისინი საკუთარ ბილიკს ასცდნენ და დისკვალიფიკაცია მიიღეს. მათმა მწვრთნელმა შალვა მუსოევმა გვითხრა, რომ გოგონები ბაზალეთზე ემზადებოდნენ და ვარჯიშებისას ისინი ორადგილიან ნავში ერთხელაც არ მსხდარან, რადგან ბაზაზე შესაფერისი ნავი არ ჰქონდათ...

დღეს ქერდიკაშვილი ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრზე წინასწარ გაცურვაში გამოცდის ძალებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვერცხლი აიღო - ბრავო ზაზა
gogig
26 აგვისტო 2017 13:41
0
წარმატება ზაზას! გმადლობთ რომ არ გამოგრჩათ სიახლე. ნიჩბოსნობა მომანდომა ამ კაცმა თავისი შემართშბით.
რეზო
25 აგვისტო 2017 13:27
0
ხვალ ზაზას ჩემპიონობა ვუსურვოთ!
მერაბი
25 აგვისტო 2017 12:55
0

სიახლეები პოპულარული