კანოე. მსოფლიოს ჩემპიონატი: მარიამ ქერდიკაშვილი ორივე დისტანციაში ნახევარფინალშია

AutoSharing Option
პორტუგალიის ქალაქ მონტემორში, კანოე-კაიაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ორმა წარმომადგენელმა იასპარეზა.

ერთადგილიანი კანოეთი 500 მეტრზე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვერცხლისპრიზიორმა მარიამ ქერდიკაშვილმა (დუშეთი, მლაშე) ეს დისტანცია 2.15,437-ში დაფარა და გაცურვის ცხრა მონაწილეს შორის მეხუთე იყო. ფინიშის ხაზი პირველმა კანადელმა ქეით ვინსენტმა (2.06,507) გადაკვეთა და პირდაპირ ნახევარფინალში მოხვდა.

დუშელმა ნიჩბოსანმა უკეთ იასპარეზა 200 მეტრზე - რვა მონაწილეს შორის 52.887 წამით მეორე ადგილი დაიკავა. ჩვენებურს მხოლოდ კანადელმა ლორენ ვინსენტ-ლაპოტემ (49.341) აჯობა.

ქერდიკაშვილი დღეს ორივე დისტანციის ნახევარფინალებში გადამწყვეტ პაექრობებში მოსახვედრად იბრძოლებს. საამისოდ გაცურვებში პირველ-მესამე ადგილებზე
გასვლაა აუცილებელი. ორივე დისციპლინაში მედლების მფლობელებიც დღესვე გამოვლინდება.

ერთადგილიანი კანოეთი 1000 მეტრზე დუშელი მალხაზ ჭინჭარაშვილი გავიდა სტარტზე. მან ეს დისტანცია 4 წუთსა და 39.269 წამში დაფარა (საუკეთესო დრო აჩვენა გერმანელმა სებასტიან ბრენდელმა - 4.17,098) და ცხრა მონაწილეს შორის ბოლო ადგილზე გავიდა - იმ ექვსეულში ვერ მოხვდა, რომელმაც ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. მართალია, მეორე გაცურვაში თურქი ჩაილენ ხატალის ჩვენებურზე ბევრად უარესი შედეგი ჰქონდა - 4.47,131, მაგრამ მან ნახევარფინალში დაიბევა ადგილი.

25 აგვისტოს შეჯიბრებაში ჩაებმება 200 მეტრზე 2018 წლის ევროპის და კონტინენტის სტუდენტური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს 2017 წლის ვერცხლისპრიზიორი, მცხეთელი ზაზა ნადირაძე. იგი ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრზე იასპარეზებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე წილისყრამ ჩვენებურს ააშორა სამი ძლიერი კონკურენტი - ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი არტიომ კოზირი (ბელორუსი, ვინც შარშან მსოფლიოს ფინალში ნადირაძეს აჯობა), ჰენრიკას ჟუსტაუტასი (ლიეტუვა) და ჰელდერ სილვა (პორტუგალია). სამაგიეროდ, ზაზას საკვალიფიკაციო ჯგუფშია ტიტულოვანი რუსი ნიჩბოსანი ივან შტილი. ქართველი ნიჩბოსანი სტარტს მე-5 ბილიკზე აიღებს.

კვალიფიკაციაში მას მეტოქეობას გაუწევენ: 1. შტეფან კირაი (გერმანია), 2. მარკო ელკიჩი (ხორვატია), 3. ვიქტორ გლაზუნოვი (პოლონეთი), 4. ივან შტილი (რუსეთი), 6. ალბერტო ფერდერო (ესპანეთი), 7.რიო ნაგამურა (იაპონია), 8. ჩაილინ ხატალი (თურქეთი) და ადრიან ბარტი (საფრანგეთი).

200 მეტრზე ერთადგილიანი კაიაკით (ბაიდარა) თბილისელი ბადრი ყაველაშვილი იბრძოლებს ფინალის საგზურისთვის.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ხდება ადმინ,ინტერესი დაკარგეთ?ასე შუაზე, ინფორმაციების შეწყვეტა არ შეიძლება.
სოსო
11:09 25-08-2018
0
ნაბიჯ ნაბიჯ, წინ მივიწევთ.
სოსო
11:20 24-08-2018
0

სიახლეები პოპულარული