რბოლის დღეს ჰაერის ტემპერატურამ 37 გრადუსს მიაღწია. გუნდების ტაქტიკაზე პროგნოზი ერთმნიშვნელოვანი იყო - სამი პიტსტოპი, ძირითადად "მედიუმის" საბურავის გამოყენება, მაგრამ სტარტის "სოფტის" რეზინით აღება. ცხელ ასფალტზე რბილი საბურავის გამოყენება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ფავორიტთაგან, სტარტზე "სოფტის" საბურავები მხოლოდ მარკ უებერს ჰქონდა არჩეული.
სტარტზე თავიანთი პოზიციები შეინარჩუნეს ჰემილტონმა, ფეტელმა და რომენ გროსჟანმა.
საუკეთესო წრე ძალიან მალე გროსჟანმა დაისაკუთრა, რომლის "ლოტუსი" ცნობილია სიცხისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მახასიათებლებით. მისი თანაგუნდელი რაიკონენი მეექვსე პოზიციას ინარჩუნებდა. მეცხრე წრის შემდეგ დაიწყო მასიური შესვლა ბოქსებში "მედიუმის" საბურავების მისაღებად და ლიდერები "მაკლარენის" პილოტები გახდნენ. ასეთი ამინდისთვის უფრო ადაპტირებული ბოლიდებითა და გვიანი პიტსტოპებით, ისინი საკუთარი პოზიციების გამოსწორებას ცდილობდნენ.
პირველი პიტსტოპის შემდეგ, ლიდერებს შორის სიტუაცია არ შეცვლილა. უბრალოდ, მათ შორის დროში სხვაობა შეიცვალა. საქმე ისაა, რომ ჯენსონ ბატონი არ ჩქარობდა ბოქსებში შესვლას, მას ვერაფრით უსწრებდა ფეტელი, რომელიც სულ უფრო ჩამორჩებოდა დროში ჰემილტონს. სწორედ ამ დროს გაირკვა, რომ თუ რაიმე სასწაული არ მოხდებოდა, ლუისს "მერსედესის" ბოლიდით პირველი ეტაპის მოგებაში ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა. ამასობაში კი ფეტელს სერიოზულად ავიწროებდა გროსჟანი.
25-ე წრისთვის პიტსტოპის გარეშე რჩებოდნენ უებერი და ბატონი. ავსტრალიელმა, საბოლოოდ, მშვიდად დაუთმო ლიდერობა ჰემილტონს, ბატონმა კი ბოქსებში პირველ გაჩერებამდე გვარიანად აანერვიულა გროსჟანი. ფრანგი იძულებული გახდა ტრასიდან გადასულიყო და მოსახვევი მოეჭრა.
ამასობაში, ჰემილტონი მეთოდურად ზრდიდა უპირატესობას ფეტელზე და სხვაობამ დროში 12.7 წამს მიაღწია, თუმცა, რაღაც მომენტში, სებასტიანმა ამ ჩამორჩენის გაბათილება დაიწყო. ამის შესახებ ჰემილტონს რადიოთი შეატყობინეს და ოპერატიულად ბოქსებში იხმეს საბურავების მესამე კომპლექტის მისაღებად. და სულ მალე, ფეტელის მესამე პიტსტოპის შემდეგ, ბრიტანელსა და გერმანელს შორის სხვაობამ ისევ ზრდა დაიწყო, თანაც, მსოფლიოს ჩემპიონმა და გენერალური კლასიფიკაციის ლიდერმა გროსჟანი გაუშვა წინ.
მაგრამ ფრანგი დიდი ხანი არ დარჩენილა ფეტელის წინ. ფელიპე მასას გასწრებისას, მან მთლიანად დატოვა ტრასა და ამ შემთხვევაში რბოლის მარშლები მკაცრები იყვნენ - ფრანგი პიტლეინზე შესვლით დასაჯეს. ამით გროსჟანმა დაკარგა არა მხოლოდ მეორე, არამედ მესამე ადგილიც. ამ პოზიციისთვის მას დიდი ბრძოლა მოუწია ალონსოსთან.
მეორე პიტსტოპზე უებერმა რბილი საბურავები მიიღო და ის პირველი სამეულისთვის ბრძოლაში ჩაება. მაგრამ ბოქსებში მისი მალე დაბრუნება დროის საკითხი იყო. მით უმეტეს, რომ ჰემილტონმა მესამე პიტსპტოპის შემდეგ ძალიან იოლად გაუსწრო ავსტრალიელს. მარკი ვერ დაეხმარა ფეტელს - ვერ შეაყოვნა ლუისი, რომელიც დამაჯერებლად უახლოვდებოდა უნგრულ ტრიუმფს.
ფეტელი ფინიშამდე 12 წრით ადრე 10 წამზე მეტს აგებდა ჰემილტონთან და შეეძლო მშვიდად მისულიყო მეორე ადგილზე. მაგრამ, ამ დროს ცხადი გახდა, რომ მესამე პიტსტოპზე არ შევიდოდა რაიკონენი. გერმანელსა და ფინელს შორის სხვაობა წამზე ნაკლები იყო და მათი დაპირისპირება ბოლო წრეებზე ძალიან დაძაბული უნდა ყოფილიყო. ფეტელის მხარეს იყო უფრო ახალი საბურავები, ფინელის სასარგებლოდ ლაპარაკობდა - სიცხეზე უფრო მეტად მორგებული ბოლიდი. ამ დავაში "ლოტუსმა" გაიმარჯვა. ფეტელი კიდევ კარგად გადარჩა, რომ ნიკო როსბერგისა და ვალტერი ბოტასის ბედი არ გაიზიარა და ფინიშამდე ძრავა არ გადაეწვა.
ჰემილტონმა პირველი რბოლა მოიგო სეზონში და მეოთხე - უნგრეთში, რითაც გაიმეორა "ჰუნგაროგრინგზე" გამარჯვებებით მიხაელ შუმახერის რეკორდი.
"დაუჯერებელი გრძნობაა! მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მთელი უქმეების განმავლობაში დიდი მხარდაჭერისთვის. ჩვენმა გუნდმა ფანტასტიკური სამუშაო ჩაატარა და მხოლოდ ის გვაწუხებდა - გაუძლებდა თუ არა სიცხეს საბურავი. ფინიშამდე 20 წრით ადრე საბურავების ეკონომიაზე გადავედი და მთელი ძალით არ ვიხარჯებოდი.
ვფიქრობ, დღეს ყველამ დაინახა, რომ ძალიან მინდოდა მოგება და ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. როცა საჭირო იყო, გასწრებას არ ვერიდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ, მთელი სეზონის განმავლობაში არ მიმართლებდა, მაგრამ დღეს შევძელი ყველა იერიშის ბოლომდე მიყვანა.
ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩემს კარიერაში! ახალი გუნდში მისვლა და "მერსედესის" შემადგენლობაში რბოლის მოგება - ეს უდიდესი პატივია! ძალიან ბედნიერი ვარ! იმედია, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება მელოდება. თუ ჩვენ შევძელით "ჰუნგარორინგზე" საბურავების ნორმალური მუშაობის მიღწევა, ე. ი. ნებისმიერ ტრასაზე შევძლებთ ამას", - განაცხადა ფინიშის შემდეგ ჰემილტონმა.
უნგრეთის გრან-პრი. IX ეტაპი
ჰუნგარორინგი (70 წრე, 306.630 კმ)
1(1). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) 1:47.29,445 (3 პიტსტოპი)
2(6). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +10,298 (2)
3(2). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +12,459 (3)
4(10). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +18.044 (3)
5(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +31,411 (3)
6(3). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +52,293 (4)
7(13). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +53,819 (2)
8(7). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +56,447 (3)
9(9). სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) 1 წრე (2)
10(15). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 1 წრე (3)
11(12). ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) 1 წრე (3)
12(14). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 1 წრე (3)
13(8). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) 1 წრე (2)
14(20). გიდო ვან დერ გარდე (კატერჰემი, ჰოლანდია) 2 წრე (3)
15(19). შარლ პიკი (კატერჰემი, საფრანგეთი) 2 წრე (2)
16(21). ჟიულ ბიანკი (მარუსია, საფრანგეთი) 3 წრე (3)
17(22). მაქს ჩილტონი (მარუსია, ბრიტანეთი) 3 წრე (3)
18(18). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 4 წრე (4)
19(4). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 6 წრე (3)
20(16). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) 27 წრე
21(17). ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) 41 წრე
22(11). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 50 წრე
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 277; 2. მერსედესი - 208; 3. ფერარი - 194; 4. ლოტუსი - 183; 5. ფორს ინდია - 59; 6. მაკლარენი - 57; 7. ტორო როსო - 24; 8. ზაუბერი - 7; 9. უილიამსი - 1.
მოსალოდნელი სენსაცია: ალონსო "რედ ბულში"?
სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა გერმანულმა გამოცემა "ბილდმა" - ესპანელი ფერნანდო ალონსოს აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს "ფერარის" პილოტის "რედ ბულში" გადასვლასთან დაკავშირებით.
ირკვევა, რომ გასულ პარასკევს, ფერნანდოს მენეჯერი ლუის გარსია აბადი შეხვდა "რედ ბულის" ხელმძღვანელს კრისტიან ჰორნერს.
ალონსოს მოქმედი მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს "ფერარისთან", მაგრამ ავსტრიული საჯინიბო მარკ უებერის შემცვლელს ეძებს. გასულ კვირას ითქვა იმის შესახებ, რომ "რედ ბული" მარკის შემცვლელს უნგრეთის გრანპრის შემდეგ დაასახელებს.
ველოდებით მოვლენათა განვითარებას...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დევიდ კულტჰარდი: "ფერარი" ფერნანდო ალონსოს დაკარგავს