"მარანელო. 2013 წლის 11 სექტემბერი. "ფერარი" აცხადებს კიმი რაიკონენთან მიღწეულ ხელშეკრულებაზე. ფინელი მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ფერნანდო ალონსოს მეწყვილე იქნება", - წერია გუნდის განცხადებაში.
ფინელი "ფერარის" საპრიზო პილოტი 2007-09 წლებში იყო და 2007-ში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯერჯერობით ეს არის იტალიური გუნდის ბოლო ტიტული საჯინიბოდან მიხაელ შუმახერის წასვლის შემდეგ. მიმდინარე სეზონში რაიკონენმა "ლოტუსის" მანქანით ერთი გრანპრი მოიგო
"ფერარიდან" წასვლის შემდეგ რაიკონენმა ორი სეზონი კლასიკურ რალიში გაატარა, შემდეგ კი ფორმულა 1-ში დაბრუნდა და "ლოტუსის" პილოტი გახდა.
"ძალიან ბედნიერი ვარ მარანელოში დაბრუნებით, სადაც სამი ფანტასტიკური და ძალიან წარმატებული სეზონი გავატარე. ბევრი მოგონება დამრჩა "ფერარიში" გამოსვლისგან, მაგალითად, დაუვიწყარი გამარჯვება მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონატზე.
მოუთმენლად ველოდები მომენტს, როცა ისევ ჩავჯდები წითელ ბოლიდში, განვაახლებ თანამშრომლობას ბევრ ადამიანთან, რომლებთანაც წარსულში მჭიდრო კავშირი მქონდა და ვიმუშავებ ფერნანდოსთან ერთად, ვინც დიად პილოტად მიმაჩნია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდმა იმ წარმატებას მიაღწიოს, რომელსაც ის იმსახურებს", - განაცხადა რაიკონენმა.
* * *
2014 წლისთვის "ფერარის” შემადგენლობის დადასტურებას ყველა გუშინ ელოდა, მაგრამ ერთი დღით ადრე ბრაზილიელმა პილოტმა ფელიპე მასამ გამოაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ დატოვებს იტალიურ გუნდს.
"2014 წელს მე არ ვიქნები "ფერარიში”. მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს ყველა გამარჯვებისთვის და იმ დაუჯერებელი მომენტებისთვის, რომელიც ერთად გადავიტანეთ. ასევე, მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის, გულშემატკივრებისა და სპონსორების. მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი.
მაქსიმალურად ვიაქტიურებ შვიდ დარჩენილ რბოლაში, რათა მაქსიმალური შედეგი მოვუტანო "ფერარის”. შემდეგი წლისთვის კი მინდა ვიპოვო გუნდი, რომელიც კონკურენტუნარიან მანქანას შემომთავაზებს და ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას მომცემს. ჩემპიონობა კვლავაც ჩემი მთავარი მიზანია!” - გამოაცხადა მასამ.
აღიარებულია, რომ ფელიპე მასა "ფერარის" საუკეთესო პილოტია იმათგან, ვისაც ტიტული არ მოუპოვებია. ის ლიდერობს "სკუდერიას" შემადგენლობაში რბოლების (132), მოგებების (11) და პოულების (15) რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ ფერნანდო ალონსომაც 11 რბოლა მოიგო "ფერარის" შემადგენლობაში, მაგრამ 63 სტარტში მხოლოდ ოთხი პოული ჰქონდა.
სხვათა შორის, ალონსო გამოეხმაურა გუშინდელ ტრანსფერს. "მივესალმები ახალ თანაგუნდელს: ჩვენ ერთად გავუმკლავდებით ახალ ტექნიკურ გამოწვევებს და ძალიან ძლიერ კონკურენციას მომავალ წელს, - მოჰყავს ალონსოს სიტყვები "გაძეტა დელო სპორტს". - მინდა მადლობა გადავუხადო ფელიპეს იმ წლებისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ; იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის მე და გუნდს გვაძლევდა. ძალიან რთული იქნება სეზონის ბოლოს მეგობართან გამოთხოვება, ვინც უნიკალური იყო თავისი პროფესიონალიზმით და ლოიალურობით. დარწმუნებული ვარ, ის ბოლომდე დაიხარჯება ამ სეზონში იმ გუნდისთვის, რომელიც ძალიან უყვარს".
ყველაზე მდიდარი ალონსოა
ჟურნალმა "ფორბსმა" შეადგინა ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტების სია 2012 ივნისიდან 2013 წლის ივნისის პერიოდში.
ამ რეიტინგში პირველ ადგილზეა "ფერარის" პილოტი ფერნანდო ალონსო - მისმა მონაგარმა 30 მილიონი დოლარი შეადგინა (28 მილიონი - ხელფასი, 2 მილიონი - სარეკლამო კონტრაქტები). მეორე პოზიციაზეა "მერსედესის" წევრი ლუის ჰემილტონი 27.5 მილიონით (26+1.5), მესამეზე დეილ ერნჰარდტი, რომელიც NASCAR-ის სერიაში გამოდის - 26 მილიონი (13+13).
მეოთხედან მეათე ადგილამდე პოზიციები დაიკავეს: ჯიმი ჯონსონმა (NASCAR) - 24 მლნ (17.3+6.7), ვალენტინო როსიმ (მოტოგრანპრი) - 22 მლნ. (12+10), ტონი სტიუარტმა (NASCAR) - 18.5 მლნ (12.5+6), ჯეფ გორდონმა (NASCAR) - 18.2 (12.7+5.5), სებასტიან ფეტელმა (ფორმულა 1) - 18 მლნ (17+1), დანიკა პატრიკმა (NASCAR) - 15 (6+9), ჯენსონ ბატონმა (ფორმულა 1) - 14 (14).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კიმი რაიკონენი "ფერარიში" გადასულა?