სებასტიან ფეტელის გაჩემპიონებას ინდოეთში ველოდებით

AutoSharing Option
იაპონიის გრანპრის შემდეგ საჩემპიონო რბოლას გამოეთიშნენ კიმი რაიკონენი და ლუის ჰემილტონი და ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი რბოლით ადრე ტიტულს ორი პრეტენდენტი ჰყავს - სებასტიან ფეტელი და ფერნანდო ალონსო.

ფეტელისთვის საკმარისია, ერთ რბოლაში დაიკავოს მინიმუმ მერვე ადგილი და სამში - მინიმუმ მეცხრე, რათა გაინაღდოს ტიტული, ალონსოს ნებისმიერი შედეგის მიუხედავად. თუ ფერნანდო მოიგებს ოთხივე რბოლას, მაშინ ქულების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გერმანელი ჩემპიონი გახდება უფრო მეტი მოგებული ეტაპის რაოდენობით (9 6-ის წინააღმდეგ).

ფერნანდო ალონსოს სჭირდება ყოველ რბოლაში გამარჯვება და იმის იმედად ყოფნა, რომ ფეტელი
ყოველ ჯერზე მეცხრე ან უფრო დაბალ ადგილს დაიკავებს.

* * *
სპეციალისტების შეფასებით, ყველაზე სავარაუდოა ფეტელის ვადაზე ადრე ჩემპიონობა ინდოეთის გრანპრიზე. ეს შემდეგ შემთხვევაში მოხდება:

- თუ ფეტელი პირველ ხუთეულში მოხვდება;

- ფეტელი დაიკავებს მე-6, მე-7 ან მე-8 ადგილს, ხოლო ალონსო ვერ მოიგებს რბოლას;

- ფეტელი გავა მე-9 ან უფრო დაბალ ადგილზე, ხოლო ალონსო ფინიშზე მესამე ან უფრო დაბალ პოზიციაზე მივა.

ალონსო ინდოეთის გრანპრის შემდეგ შეინარჩუნებს ტიტულის თეორიულ შანსს იმ შემთხვევაში, თუ:

- მოიგებს რბოლას, ფეტელი კი მეექვსე ან უფრო დაბალ ადგილს დაიკავებს;

- მეორე ადგილზე დაასრულებს რბოლას, ფეტელი კი მეცხრე ან უფრო დაბალ ადგილზე გავა.

ერთწლიანი თუ სამწლიანი ბატონისთვის
ბრიტანული საჯინიბოს, "მაკლარენის" ხელმძღვანელობამ ადრე დაადასტურა, რომ ჯენსონ ბატონი მომავალ წელს გააგრძელებს გამოსვლას გუნდში, თუმცა გაზეთ "დეილი მეილის" გუშინდელი ინფორმაციის თანახმად, "მაკლარენი" ბრიტანელ პილოტს არა ერთწლიან, არამედ სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

2015 წლის სეზონში ფორმულა 1-ში დაბრუნდება კომპანია "ჰონდა" - ის ძრავებით მოამარაგებს "მაკლარენს", ბატონს კი დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს იაპონურ კომპანიასთან: ბრიტანელი 2003-08 წლებში გამოდიოდა BAR Honda-სა და Honda Racing-ის რიგებში. ჭორების თანახმად, იაპონელები მზად არიან, გააგრძელონ მასთან თანამშრომლობა.

ამასთან, "დეილი მეილის" ინფორმაციით, ბატონით დაინტერესებას გამოთქვამენ სხვა ტოპ-გუნდები, რომლებშიც 2015 წლისთვის, შესაძლოა, ვაკანსიები გაჩნდეს - "რედ ბული", "ფერარი" და "მერსედესი". მათთვის ჯენსონის გამოცდილება სასარგებლო იქნება. ამიტომაც ბატონი მზადაა, მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმოს "მაკლარენთან", რათა მომავალი სეზონის ბოლოს შეაფასოს სიტუაცია და ჰქონდეს გუნდის შეცვლის შესაძლებლობა.

მალდონადო "ფორს ინდიაში" მიდის?
ოქტომბრის დასაწყისში ვენესუელელი პილოტი პასტორ მალდონადო, რომელიც ადრე ყოველთვის კორექტული იყო "უილიამსთან" მიმართებაში, საკმაოდ მკვეთრად ლაპარაკობდა თავის სურვილზე - მიეღო უფრო სწრაფი მანქანა. იაპონიაში კრიტიკა ისევ გაისმა - თავიდან მალდონადომ ხისტი მანევრით გაუსწრო თანაგუნდელს არაფრისმომცემ მე-16 ადგილისთვის ბრძოლაში - ვალტერი ბოტასს ტრასის მიღმა გადასვლა მოუწია შეჯახების თავიდან ასაცილებლად. რბოლის შემდეგ კი ვენესუელელმა განაცხადა, რომ გუნდმა მცდარი ტაქტიკა აირჩია.

გავრცელდა ჭორები, რომ პასტორის ვენესუელელი სპონსორები არ არიან მზად, თანხა გადაიხადონ არაკონკურენტუნარიანი მანქანით გამოსვლაში, არადა, "უილიამსთან" კონტრაქტი 2015 წლამდეა ძალაში. ამიტომაც მალდონადომ სხვა ვარიანტის ძებნა გადაწყვიტა. არაოფიციალური ინფორმაციით, მან შეიძლება კონტრაქტი გააფორმოს "ფორს ინდიასთან" და ამ გუნდში მომავალი სეზონისთვის პოლ დი რესტა შეცვალოს. ამით მალდონადო ინდურ საჯინიბოში ვენესუელურ ფულს მიიტანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იაპონიის გრანპრი: სებასტიან ფეტელის მეხუთე, მეცხრე და 35-ე გამარჯვებები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული