მიხაელ შუმახერი სიკვდილს გადაურჩა

AutoSharing Option
მთელი სპორტული სამყაროს მთავარი განსახილველი თემა იყო ალპურ კურორტ მერიბელში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც თავის ქალის სერიოზული ტრავმა მიიღო ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა მიხაელ შუმახერმა.

ფრანგული რადიოსადგურის, Europe 1-ის ინფორმაციით, შუმი ვერტმფრენით საფრანგეთის ქალაქ გრენბოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ის ვერტმფრენით იქნა ევაკუირებული. ამჟამად პოლიცია გამოძიებას ატარებს მომხდარის გარემოებებთან დაკავშირებით"
, - განაცხადა მერიბელის ტურისტული დეპარტამენტის წარმომადგენელმა კრისტოფ გერინიონ-ლეკომმა.

რადიოსადგურის ცნობით, შუმახერი გონზეა და მისი მდგომარეობა საფრთხეს არ წარმოადგენს.

"ის მერიბელის ტრასის მიღმა 11 საათსა და 7 წუთზე დაეცა,
- დაამატა
გერინიონ-ლეკომმა. - მას ჩაფხუტი ეხურა და როგორც თავად ამბობს, თავი კლდეზე დაარტყა. მაშველებმა ოპერატიულად იმუშავეს.

ის შოკურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ გონება არ დაუკარგავს. სავარაუდოდ, თავის ტრავმა მიიღო, მაგრამ ნაკლებად სერიოზული"
.

მოგვიანებით პრესისთვის კომენტარი გააკეთა მერიბელის პოლიციამ. სამართალდამცავებმა დაადასტურეს, რომ ინციდენტი ადგილობრივი დროით 11-დან 11.15 საათამდე მოხდა. თავდაპირველად მიხაელი დაბა მუტიეს ჰოსპიტალში მიიყვანეს, მაგრამ დაზიანება უფრო სერიოზული აღმოჩნდა და საჭირო გახდა გრენბოლის მთავარ კლინიკაში გადაყვანა.

"მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ორი სხვადასხვა სირთულის ტრასის გადაკვეთაზე დაეცა. ის მარტო მოძრაობდა და მართლაც ეხურა ჩაფხუტი, მაგრამ დაცემას უკვალოდ არ ჩაუვლია: მიხაელმა თავის ტრავმა მიიღო. წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ დაცემა გამოიწვია ტექნიკურმა შეცდომამ"
, - განაცხადეს პოლიციაში.

ამას მოჰყვა მიხაელ შუმახერის პრეს-მდივნის, საბინა კემის ოფიციალური განცხადება: "მიხაელი იმყოფებოდა ფრანგულ ალპებში, სადაც სამთო თხილამურებით სრიალებდა. მან თავის ტრავმა მიიღო და ჰოსპიტალში მოათავსეს, სადაც პროფესიული სამედიცინო შემოწმება უტარდება. მინდა გაგებით მოეკიდოთ იმ ფაქტს, რომ ჯერ არ არსებობს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ".

იმავე Europe 1-ის ინფორმაციით, მიხაელი მერიბელში თავის 14 წლის ვაჟთან ერთად ჩავიდა, მაგრამ ის არ ყოფილა დილის ინციდენტის მონაწილე.

ცნობილი მიმომხილველი ჯეიმს ალენი ფრანგ ჟურნალისტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ტრავმა საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ გერმანელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიხაელის ჯანმრთელობაზე პირადად იზრუნებს აღიარებული სპეციალისტი ნეიროქირურგიაში ჟერარ სეიანი, რომელიც შუმახერის ახლო მეგობარია, ხოლო ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი და "ფერარის" ყოფილი შეფი ჟან ტოდტი პირად კონტროლზე აიყვანს შექმნილ სიტუაციას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული