მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც თხილამურებით სრიალის დროს დაცემის შედეგად ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო, ბოლო მონაცემებით, სტაბილურია.

ამის შესახებ გერმანელი მრბოლელის მენეჯერმა საბინა კემმა განაცხადა.

"წითელ ბარონს" გრენობლის ჰოსპიტალში სამშაბათს მეორე ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

თავის მხრივ, ჰოსპიტლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, აღარ გამართოს ყოველდღიური პრესკონფერენცია,  მასმედიისთვის კი კლინიკის კარი ჩაიკეტა. ამიერიდან ჟურნალისტებს ინფორმაციას მხოლოდ მიხაელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი ცვლილების შემთხვევაში მიაწოდებენ.

შუმახერის მდგომარეობაზე მისმა ყოფილმა მენეჯერმა ვილი ვებერმა ილაპარაკა:

"მოვლენებზე ზეგავლენას ვეღარ მოვახდენთ
და ახლა შეგვიძლია მხოლოდ ვილოცოთ. მუდმივად მაქვს კავშირი მიხაელის მეუღლესთან. სიტუაცია რთულია, მაგრამ მიხაელი - ნამდვილი მებრძოლია და ეჭვი არ მეპარება, რომ ის აუცილებლად მომჯობინდება"
, - თქვა ვებერმა.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, ფრანგულ კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალისას შუმახერი დაეცა და თავი ქვას დაარტყა. 44 წლის მრბოლელი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ექიმებმა მიხაელს თავის ტვინის სერიოზული დაზიანება დაუდგინეს და ის ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.

პირველი ოპერაციის შემდეგ გრენობლის ჰოსპიტლის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ ლეგენდარული მრბოლელის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული