კვალიფიკაცია
- ლუის ჰემილტონმა ზედიზედ მეთორმეტედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან. ეს მეექვსე შედეგია ისტორიაში და ბრიტანელი ამ მაჩვენებლით დაეწია თანაგუნდელ ნიკო როსბერგს.- ბაჰრეინში "მერსედესმა" 39-ე პოული მოიპოვა. გერმანული საჯინიბო მეშვიდე ადგილს იყოფს "ბრებემთან" ყველა დროის სიაში.
- სებასტიან ფეტელმა ბოლო სამ რბოლაში ორჯერ აიღო სტარტი პირველი რიგიდან: "ფერარის" პილოტებს ასეთი შედეგი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონიათ.
- ჰემილტონმა და ფეტელმა 23-ედ აიღეს სტარტი ერთად პირველი რიგიდან.
- კიმი რაიკონენმა გერმანიის 2013 წლის გრანპრის შემდეგ პირველად აიღო სტარტი მეოთხე პოზიციიდან - ეს ფინელის საუკეთესო მიღწევაა ამ პერიოდში.
- ფერნანდო ალონსომ პირველად გადაიყვანა "მაკლარენ-ჰონდა" კვალიფიკაციის მეორე სეგმენტში.
- ჯენსონ ბატონმა "მაკლარენის" რიგებში მე-100 კვალიფიკაცია ჩაატარა და ზედიზედ 50-ედ ვერ შეძლო პოულის მოპოვება. ბრიტანელს ამ გუნდის რიგებში მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული საკვალიფიკაციო რბოლა - 2012 წელს ბელგიაში.
რბოლა
- ლუის ჰემილტონმა გააგრძელა თავისი წარმატებული სერია - ის ბოლო 11 რბოლაში პოდიუმზე ავიდა, ამასთან, ცხრაჯერ - პირველ საფეხურზე. ფორმულა 1-ის ისტორიაში ორჯერ იყო უფრო გრძელი სერია - მიხაელ შუმახერის 19 პოდიუმი (აშშ'2001 - იაპონია'2002) და ფერნანდო ალონსოს 15 პოდიუმი (თურქეთი'2005 - კანადა'2006).- ჰემილტონის გამარჯვება 240-ე იყო ბრიტანელი პილოტებისთვის. ეს ქვეყანა ლიდერობს ამ მაჩვენებლით - უსწრებს გერმანიას (151) და ბრაზილიას (101).
- ჰემილტონი ზედიზედ მეცამეტედ ლიდერობდა რბოლაში. ეს მესამე მაჩვენებელია ისტორიაში. ლუისზე წინ არიან ჯეკი სტიუარტი (17 რბოლა ზედიზედ, აშშ'1968 - ბელგია'1970) და მიხაელ შუმახერი (15 რბოლა ზედიზედ, ავსტრალია'2004 - იტალია'2004).
- კიმი რაიკონენი პირველად ავიდა პოდიუმზე 2013 წლის კორეის გრანპრის შემდეგ. ამით მან შეწყვიტა სერია - 25 რბოლა პოდიუმის გარეშე. ფინელი პირველად მოხვდა სამეულში "ფერარიში" დაბრუნების შემდეგ.
- რაიკონენმა კარიერაში 41-ე უსწრაფესი წრე აჩვენა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ალენ პროსტს. მასზე წინ მხოლოდ მიხაელ შუმახერია, რომელსაც 77 უსწრაფესი წრე ჰქონდა.
- რაიკონენი ბაჰრეინში მეშვიდედ ავიდა პოდიუმზე, თუმცა ამ ქვეყნის გრანპრი არასოდეს მოუგია. ამ მხრივ, რეკორდი ფერნანდო ალონსოს ეკუთვნის, რომელიც ბრაზილიაში რვაჯერ იყო პოდიუმზე, მაგრამ ერთხელაც ვერ მივიდა ფინიშთან პირველი.
- "ფერარიმ" 2010 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა პოდიუმი ბაჰრეინში.
- ნიკო როსბერგი კარიერაში 30-ედ ავიდა პოდიუმზე. ამ მაჩვენებლით ის ხუან-პაბლო მონტოიას დაეწია. ისინი ისტორიულ ცხრილში 31-ე ადგილს იყოფენ.
- სამი რბოლა ქულების გარეშე ფერნანდო ალონსოსთვის - ასეთი სერია ესპანელს 2009 წლის შემდეგ არ ჰქონია, როცა "რენოს" ღირსებას იცავდა.
- ჯენსონ ბატონმა ვერ აიღო სტარტი - პირველად 2005 წლის აშშ-ის გრანპრის შემდეგ. ამის გამო შეწყდა მისი 179-რბოლიანი სერია. ბრიტანელს რვა რბოლა დააკლდა რიკარდო პეტრეზეს რეკორდამდე (187 გრან-პრი ზედიზედ).
- ნიკო როსბერგი გახდა პირველი მრბოლელი, რომელმაც "მერსედესის" ბოლიდით 100 გრან-პრი ჩაატარა. ბატონს მე-100 რბოლა უნდა ჩაეტარებინა "მაკლარენში", მაგრამ ვერ შეძლო ტრასაზე გასვლა.
- "მაკლარენმა" ისტორიაში პირველად ვერ შეძლო სეზონის საწყის ოთხ რბოლაში ქულების მოპოვება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"