ფორმულა 1: კიმი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ

AutoSharing Option
თუ კიმი რაიკონენს ჩემპიონატის წინა ეტაპებზე, ძირითადად, პრობლემები კვალიფიაციაში ჰქონდა, გასულ კვირას, მონრეალის საკვალიფიკაციო რბოლაში მესამე ადგილი აჩვენა. მაგრამ ამ პოზიციის შენარჩუნება ვერ შეძლო და ვერ ავიდა კანადის გრანპრის პოდიუმზე. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო პირველი პიტსტოპის შემდეგ მანქანის მოცურება. რაღაც მსგავსი შარშანაც მოხდა და კიმი, შესაძლოა, მართალია, როცა ამბობს, რომ ყველაფერში დამნაშავე ტექნიკური პრობლემებია.

შედეგად, პოდიუმზე ავიდა "უილიამსის" პილოტი ვალტერი ბოტასი, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის. სებასტიან ფეტელმა სულ ცოტა წააგო რაიკონენთან, არადა, მე-19 პოზიციიდან აიღო სტარტი.

შვეიცარიულ გამოცემა
Speedweek-ს მოჰყავს "სკუდერიას" ინკოგნიტო წარმომადგენლის სიტყვები: "რაიკონენის მოცურება ტექნიკური პრობლემის ბრალიც რომ ყოფილიყო, ეს უსიამოვნება ყველაზე ცუდ დროს მოხდა. "ფერარიში" ახლა სერიოზულად ფიქრობენ - 2016 წლისთვის ვინ მოიყვანონ სებასტიან ფეტელის თანაგუნდელად.

გარდა ამისა, კანადის გრანპრის ესწრებოდა "ფერარის" პრეზიდენტი სერჯო მარკიონე. ფეტელს ვარჯიშებზე პრობლემები ჰქონდა და მას ბოლო რიგიდან მოუწია სტარტის აღება. ამას, წესით, უნდა აემაღლებინა რაიკონენის მოტივაცია, მაგრამ ის შორს იყო იდეალური რბოლისგან. სამაგიეროდ, ფეტელი მე-18 პოზიციიდან მეხუთემდე მივიდა".

მაგრამ იტალიელი ჟურნალისტი ლეო ტურინი, რომელიც კარგად არის გაცნობიერებული "ფერარის" საქმეებში, დარწმუნებულია, რომ გუნდმა 2016 წელს თავისთან უნდა დაიტოვოს რაიკონენი: "პირადად მე კიდევ ერთი წლით გავახანგრძლივებდი ფინელთან კონტრაქტს, რათა მოქმედების თავისუფლება მქონოდა 2017 წლისთვის მოსამზადებლად.

მაგრამ კიმიმ უნდა გააცნობიეროს, რომ სიმულატორზე მუშაობა - არა წამება, არამედ აუცილებლობაა, რადგან ფორმულა 1-ში მუდმივად სწავლის პროცესში ხარ. ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული არ ვარ, რომ პრობლემა მხოლოდ ფინელშია და ნაკლებად მჯერა იმის, რომ რომელიმე სხვა პილოტი მის ადგილას შეძლებდა უფრო მაღალი შედეგების მიღწევას".

ბერნის ფავორიტი ლუისია
ფორმულა 1-ის გენერალურმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა Sky Sports-ის ეთერში განაცხადა, რომ კმაყოფილია დღევანდელი პილოტებით, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონის როლზე მათ შორის არჩევანისას, უპირატესობას მაინც ლუის ჰემილტონზე შეაჩერებდა.

"კმაყოფილი და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ დებიუტანტების წარმატებული გამოსვლით, - განაცხადა ბერნი ექლსტოუნმა. - რთულია პილოტების შედარება, სანამ ისინი ერთნაირი სიმძლავრის მანქანებზე არ დასხდებიან. გარდა ამისა, ზოგიერთებს, შესაძლოა, არ უმართლებდათ.

დანიელ რიკარდო ბრწყინვალეა! ჩემი აზრით, მას სახეზე ღიმილი ავარიის დროსაც არ მოშორდება, თუმცა იმედი მაქვს, ასეთი რამ არ მოხდება.

მაგრამ არ მგონია, რომ ვინმე ლუის ჰემილტონზე სწრაფი იყოს. საერთო ჯამში, ის საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონია. თან ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლუისს შეუძლია ბევრ ქვეყანაში საკუთარი გუნდის უნიფორმის გარეშე ჩავიდეს, მაგრამ მაინც ყველგან ცნობენ.

მოიგებს თუ არა ფერნანდო ალონსო მესამე ტიტულს? არა, მაგრამ ის რომ უფრო კონკურენტუნარიანი მანქანის საჭესთან გვეხილა, სხვანაირად გიპასუხებდით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული