ფორმულა 1. იტალიის გრან-პრის შემდეგ: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-12 ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ საინტერესო სტატისტიკური მონაცემების მორიგი პორცია შემოგვთავაზა...

კვალიფიკაცია
- ლუის ჰემილტონმა 49-ე პოული მოიპოვა კარიერაში. მან ზედიზედ მეშვიდედ დაიწყო რბოლა პირველი პოზიციიდან და ამით გაიმეორა ისტორიაში მეორე სერია, როგორიც ჰქონდათ აირტონ სენას (1990-91), ალენ პროსტს (1993) და მიხაელ შუმახერს (2000-01). ეს იყო ლუისის მე-11 პოული სეზონში და ზედიზედ მეოცე სტარტი პირველი რიგიდან.

- კიმი რაიკონენმა შეწყვიტა თავის კარიერაში ყველაზე გრძელი სერია - 44 რბოლა პირველი რიგიდან სტარტის გარეშე. მონცაში მას მეორე
სასტარტო ნომერი ჰქონდა, როგორც ჩინეთში - ორი წლის წინ. ფინელი ამ სეზონში მხოლოდ მეოთხე მრბოლელია, ვინც პირველი რიგიდან დაიწყო ეტაპი - ჰემილტონის, ნიკო როსბერგისა და სებასტიან ფეტელის შემდეგ.

- პირველად 2010 წლის შემდეგ, "ფერარიმ" მონცაზე პირველი რიგიდან აიღო სტარტი. პირველად თავის ისტორიაში, "ფერარიმ" ზედიზედ 60 გრან-პრი ჩაატარა პოულის გარეშე.

- 2013 წლის მალაიზიის გრან-პრიდან მოყოლებული, "ფერარის" არ ჰყოლია თავისი ორი მანქანა სასტარტო ბილიკის პირველ სამეულში.

- ნიკო როსბერგმა 32-ედ აიღო სტარტი პირველი ორი რიგიდან, რითაც გაიმეორა მესამე სერია ისტორიაში, რომელიც აირტონ სენას ეკუთვნოდა (1990-92). ამასთან, კვალიფიკაციაში მეოთხე ადგილზე გასვლით, ნიკომ შეწყვიტა "მერსედესის" 19-რბოლიანი სარეკორდო სერია, როცა ამ გუნდის ორივე პილოტი პირველ სამეულში იყო სასტარტო ბილიკზე.

- პირველად სინგაპურის 2008 წლის გრან-პრის შემდეგ, კვალიფიკაციის პირველ ათეულში ვერ ვიხილეთ "რენოს" ძრავით აღჭურვილი ვერც ერთი ბოლიდი.

რბოლა
- ლუის ჰემილტონი გახდა პირველი მრბოლელი ისტორიაში, ვინც ზედიზედ მეორე წელს მოიპოვა ჰეთ-თრიკი (პოული, მოგება, საუკეთესო წრე) მონცაზე. წელს ლუისმა გააუმჯობესა თავისი მიღწევა და "დიდი სლემი" შეასრულა (პოული, მოგება, საუკეთესო წრე და ლიდერობა სტარტიდან ფინიშამდე). ეს მის კარიერაში მეორედ მოხდა (პირველი - მალაიზიაში 2014 წელს). ჰემილტონს უკვე ცხრა ჰეთ-თრიკი" დაუგროვდა - იმდენივე, რამდენიც ხუან-მანუელ ფანხიოს ჰქონდა.

- "დიდი სლემის" გარდა, ჰემილტონმა იტალიაში სამივე თავისუფალი პრაქტიკა მოიგო. ბოლოს ასეთი დომინირება ფორმულა 1-ში 1998 წელს, ბრაზილიაში ვიხილეთ მიკა ჰაკინენის მიერ.

- ჰემილტონმა კარიერაში 25-ე საუკეთესო წრე დააფიქსირა, რითაც ამ მაჩვენებლით ყველა დროის სიაში მეექვსე ადგილზე მყოფ მიკა ჰაკინენს გაუთანაბრდა.

- თავის 160-ე გრან-პრიზე და "მერსედესის" მანქანით 50-ე რბოლაში, ჰემილტონმა კარიერაში მე-40 გამარჯვება მოიპოვა. თუ ის სინგაპურში გაიმარჯვებს, მოგებების რაოდენობით გაუთანაბრდება სებასტიან ფეტელსა და აირტონ სენას, რომელსაც სწორედ 160 რბოლა დასჭირდა 41 გამარჯვების მოსაპოვებლად.

- სებასტიან ფეტელი კარიერაში 74-ედ ავიდა პოდიუმზე. მან 65-ე პოდიუმი მოუტანა "ფერარის" მონცაში. ფეტელს კარიერაში 1796 ქულა დაუგროვდა და ეს აბსოლუტური რეკორდია, თუმცა ადრე ქულათა დარიცხვის სისტემა განსხვავებული იყო.

- "უილიამსის" პილოტებმა იგივე პოზიციები დაიკავეს, რაც გასულ წელს. ფელიპე მასამ გაიმეორა თავისი საუკეთესო შედეგი მონცაზე - მესამე იყო 2010 და 2014 წლებში.

- პირველად ისტორიაში, "ფორს ინდიამ" მონცაზე ქულები მოიპოვა ორივე მანქანით.

- იტალიის გრან-პრიდან გამოვარდნა - პირველი იყო ამ სეზონში ნიკო როსბერგისთვის. ახლა, მხოლოდ ლუის ჰემილტონს აქვს გავლილი წლევანდელი ჩემპიონატის ყველა ეტაპი სტარტიდან ფინიშამდე.

- ზედიზედ 50 რბოლაა, "მაკლარენი" ვერ ახერხებს მოგებას, პოულის მოპოვებას ან საუკეთესო წრის გავლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული