ფორმულა 1. ევროპის გრანპრი: ევროპა ბაქოში

AutoSharing Option
ერთი კვირის წინ, კანადის გრანპრით გაიხსნა ფორმულა 1-ში საზაფხულო მარათონი, რომელიც რვა კვირის განმავლობაში ექვს ეტაპს მოიცავს. ევროპის გრანპრი, რომელიც ბაქოში გაიმართება, მეორეა ამ სიაში.
აზერბაიჯანის დედაქალაქში რბოლა პირველად ტარდება და ჯერჯერობით არავინ იცის, რას უნდა ელოდონ იქაური ეტაპისგან. რა თქმა უნდა, პილოტებმა ეს ტრასა სიმულატორზე შეისწავლეს, მაგრამ კომპიუტერული მოდელირება არ იძლევა პასუხს ყველა შეკითხვაზე.

ასეა თუ ისე, ტრასა ძალიან სწრაფი იქნება და იმის გათვალისწინებით, რომ ტრეკი ქალაქის ქუჩებშია გადებული და იქ არ არის უსაფრთხოების დიდი ზონები, ეს პილოტებს ურთულეს
ამოცანას უსახავს. ნებისმიერი შეცდომა რბოლიდან გამოვარდნას ნიშნავს. ამ მხრივ, ბაქოს ტრასა რაღაცით ჰგავს მონრეალს, სადაც სიჩქარე ასევე მაღალია, კედლები კი ახლოსაა.

ამასობაში, ჩემპიონატში სიტუაცია იძაბება. ლუის ჰემილტონი დიდი ნაბიჯებით ეწევა ნიკო როსბერგს. იმ უდიდესი უპირატესობისგან, რომელიც გერმანელმა ოთხი ეტაპის მოგების შემდეგ მიიღო, თითქმის აღარაფერი დარჩა - "მერსედესის" პილოტებს შორის სხვაობა სულ რაღაც ცხრა ქულაა. ამავდროულად, ჰემილტონისთვის და როსბერგისთვის დიდ საფრთხედ იქცა "რედ ბულისა" და "ფერარის" მანქანები. ეს ყველაფერი აზერბაიჯანში დიდ ბრძოლას გვპირდება. იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო სამ რბოლაში ვნახეთ, წინ საინტერესო ეტაპი გველოდება.

ბაქოს ტრასა
ბაქოში საქალაქო ტრასაა. წრის სიგრძე 6.003 კილომეტრს შეადგენს, წრეების რაოდენობაა - 51, საერთო დისტანცია კი 306.049 კილომეტრი. ტრასაზე 20 მოსახვევია - 12 მარცხენა და 8 მარჯვენა. ბაქოს ტრეკს ორი განსაკუთრებული მახასიათებელი აქვს: ჯერერთი, იქ არის ერთბაშად რვა 90-გრადუსიანი მოსახვევი და მეორე - ძალიან დიდი, 2.1-კილომეტრიანი სწორი მონაკვეთი, რომელიც ყველაზე გრძელია ჩემპიონატში. ეს მონაკვეთი მე-16 მოსახვევიდან იწყება და მართალია, პილოტებს უწევთძ მე-17, მე-18, მე-19 და მე-20 მოსახვევების გავლა, მაგრამ, რეალურად, მანქანები სწორზე მოძრაობენ. ამ მონაკვეთის ბოლოში მანქანის სიჩქარე საათში 340 კილომეტრს უტოლდება. ტრასაზე მინიმალური სიჩქარეა - 85 კმ/სთ. დროებითი ტრიბუნების ტევადობაა - 30 ათასი მაყურებელი.

წრე იწყება მენავთობეების პროსპექტზე, პირველი სექტორი დაგებულია ფეშენებელურ რაიონებში, მეშვიდე მოსახვევის შემდეგ, ტრასა უხვევს ძველი ქალაქის მხარეს, სადაც ტრეკი ვიწრო და ნელია, შემდეგ კი იწყება უკვე ნახსენები სწორი მონაკვეთი. წრის გავლის სავარაუდო დროა - წუთი და 41 წამი.

ტრასას ერთი საგულისხმო თავისებურება აქვს - მენავთობეების პროსპექტის ერთ ნაწილში მანქანები შემხვედრი მიმართულებით მოძრაობენ: მეექვსედან მეშვიდე მოსახვევისკენ ერთი მიმართულებით და მეცხრამეტედან მეოცემდე - საპირისპირო მიმართულებით. ეს მონაკვეთები გაყოფილია სპეციალური ბეტონის ბარიერით.

ისტორია
მოლაპარაკებები აზერბაიჯანის ეტაპის ჩატარებაზე 2013 წელს დაიწყო, 2014 წლის მარტში კი წინასწარი კონტრაქტი გაფორმდა. მანამდე, ბაქოში დიდი ინტერესს იწვევდა GT3-ის ეტაპები.

აზერბაიჯანის ეტაპის ორგანიზების საკითხი სახელმწიფო დონეზე წყდებოდა, რაც ხაზს უსვამდა პროექტის სტატუსს და მის მნიშვნელობას ქვეყნისთვის - მან მაშინვე მიიღო სახელწოდება - ევროპის გრანპრი. 2016 წელს, ბაქოს ეტაპი ოფიციალურად შეიტანეს მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარში. პირველი ეტაპის ბიუჯეტი 60 მილიონი დოლარია.

2014 წლის ოქტომბერში წარმოადგინეს ქუჩის დროებით ტრასის პროექტი, რომელიც გერმანელმა არქიტექტორმა ჰერმან ტილკემ წარმოადგინა. ტრასა ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს - ზღვისპირა ბულვარისა და მთავრობის სახლის გასწვრივ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული