მალაიზიის გრან-პრი ორმაგად ტრიუმფალური აღმოჩნდა "იამაჰასთვის" - ვალენტინო როსიმ დიდხნიანი შესვენების შემდეგ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპი, ხორხე ლორენსომ კი ვადაზე ადრე გაინაღდა ტიტული.
რბოლის სტარტი სწორედ ლორენსომ მოიგო. ტრავმირებული დანი პედროსა ზედიზედ მეორე ეტაპს ტოვებდა, ამიტომაც ჩემპიონატის ლიდერს წინ გასვლა არ გასჭირვებია. თუმცა შემდეგ პრობლემები შეექმნა - ანდრეა დოვიციოზომ შორს არ გაუშვა "იამაჰას" პილოტი და დიდი ხანი უტევდა ლიდერს.
იტალიელის იერიშები შვიდი წრე გაგრძელდა და ბოლოს წარმატებით დასრულდა - დოვიციოზო ლიდერი გახდა. მაგრამ ეს მხოლოდ ნამდვილი რბოლის დასაწყისი იყო. ვალენტინო
ცოტა ხანში ვალენტინო ლიდერების შევიწროებაზე გადავიდა. ერთი წრე დასჭირდა მას ლორენსოსთან და დოვიციოზოსთან ნახევარ წამამდე მისაახლოებლად, ორი წრის შემდეგ კი ლიდერობა თავად იგდო ხელთ. ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ როსის დარჩენილ წრეებზე იოლი ცხოვრება ელოდა. დოვიციოზომ არ მოისურვა ნაადრევად დანებება და ახლა როსიზე მიიტანა იერიში. ფინიშამდე ექვსი წრით ადრე ანდრეამ პირველი ადგილი დაიბრუნა, მაგრამ ერთი წრის შემდეგ ისევ მეორეზე აღმოჩნდა. ამის შემდეგ იტალიელებს აღარ გაურთულებიათ ურთიერთობის გარკვევა და პირველი-მეორე ადგილები გაიყვეს.
ხორხე ლორენსო კი რბოლის ბოლოს ჩამოშორდა ლიდერებს, რადგან მესამე ადგილიც ჰყოფნიდა ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. საპატიო წრის გავლისას ესპანელმა თავს ზემოთ ასწია წარწერა - "თამაში დასრულებულია" (Game over).
მალაიზიის გრან-პრი
1. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 20 წრე; 2. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +0,224; 3. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +6,035; 4. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +13,676; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "სუძუკი") - +15,402; 6. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +18,826
საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 313 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 228; 3. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 181; 4. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 180; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 179; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 152...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"