კიმი სიტროენში დარჩება

AutoSharing Option

პრაქტიკულად გადაწყვეტილია ფინელი კიმი რაიკონენის რალიში დარჩენა. ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს რალის გუნდ Citroen Junior-თან კონტრაქტის გაგრძელებას. ამის შესახებ იტალიურ ჟურნალ Autosprint-თან ინტერვიუში განაცხადა Citroen Racing-ის ხელმძღვანელმა ოლივიე კესნელმა.

როგორც ცნობილია, ფინელის "სიტროენთან" კონტრაქტს კონცერნი "რედ ბული" აფინენსებს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ავსტრიული კომპანია რალიში ხარჯების შემცირებას აპირებს და მათ შორის, უარს ამბობს რაიკონენის სპონსორობაზე. მაგრამ კესნელმა ეს ცნობა უარყო.

"კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე კიმისა და Citroen Junior-ის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, -

განაცხადა კესნელმა. - თუმცა არ ვიცი, როდის გააკეთებენ მხარეები ოფიციალურ განცხადებას".

რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ეტაპით ადრე რაიკონენი საერთო ჩათვლაში 21 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება. მას ბოლო შედეგიანი ფინიში აგვისტოში გერმანიის რალიზე ჰქონდა. ბოლო ორ რბოლაში სკანდინავიელი სეროიზულ ავარიაში მოყვა.

სხვა ცნობების თანახმად, კიმი რაიკონენის მიმართ ინტერესს გამოთქვამდა ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი მეორე კომპანია - Monster, რომელიც რალის ნახევრად საქარხნო გუნდს - Ford Stobart-ს უწევს სპონსორობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული