ქართულ ხელბურთში ახალი თავკაცი მოვიდა

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა დოლიძე ამას წინათ თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა.

საჭირო გახდა რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის მოწვევა, რომელიც გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

არჩევნებში, რომელსაც სპორტის მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილიც ესწრებოდნენ, 16-მა დელეგატმა პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატ გიორგი გოდაბრელიძეს ერთხმად დაუჭირა მხარი.

ყრილობაზე სამი ვიცე-პრეზიდენტიც აირჩიეს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ვახტანგ მეიფარიანი, სახელბურთო გუნდ "ბათუმიდან" გიორგი კირთაძე და აგრარული უნივერსიტეტიდან ირაკლი კენჭაძე. ერთი წლის შემდეგ ფედერაცია საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ფედერაციისა და აღმასკომის
წევრებს ხელახლა აირჩევს.

ქართველ ხელბურთელთა ახალმა თავკაცმა დელეგატებსა და სპორტის მესვეურებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. აღნიშნა, რომ ორგანიზაციის პრიორიტეტი ბავშვთა ხელბურთი იქნება, აქედანვე მოემზადებიან 2012 წლის პლაჟის ხელბურთის ევროპის ჩემპიონატის ბათუმში სამასპინძლოდ. ითქვა ისიც, რომ გამორიცხული არ არის, 2013 წელს საქართველოში ხელბურთელთა მსოფლიოს ან ევროპის უნივერსიადა გაიმართოს, ხელს შეუწყობენ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ტელევიზიის მეშვეობით.

დავით ნამგალაური: "ქართულ ხელბურთს სასახელო ტრადიციები გააჩნია და მათი აღორძინება აუცილებელია. სპორტის სამინისტრომ პრიორიტეტად სათამაშო სახეობების განვითარება დაისახა. ახლა ხელბურთის ჯერი დადგა. გიორგი გოდაბრელიძე ნიჭიერი, საქმის მცოდნე პიროვნებაა და გვწამს, რომ ხელბურთში არსებული პრობლემების დაძლევას შეძლებს. მნიშვნელოვანია, რომ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში ხელბურთიცაა შეტანილი. ამ კომპლექსურ ღონისძიებას, მოგეხსენებათ, თბილისი უმასპინძლებს. მეტოქეებს კონკურენტუნარიანი გუნდით უნდა დავხვდეთ, საამისოდ კი აქედანვე უნდა მოვემზადოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული