12 წლის შემდეგ

AutoSharing Option
ბრაზილიაში დასრულდა ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში, რის შემდეგაც სპორტის ამ სახეობაში ნორვეგიელთა სრული დომინირება დაფიქსირდა.

ამ ქვეყნის მამაკაცთა ნაკრებს ქალთა გუნდმა მიბაძა და მანაც მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

სან პაულუში გამართულ ფინალში ნორვეგია საფრანგეთს ხვდებოდა. ბოლოს ეს სკანდინავიური ქვეყანა პლანეტის ჩემპიონი 1999 წელს იყო და მაშინაც ფინალში ფრანგებს დაუპირისპირდა. ასე რომ, ისტორია განმეორდა.

ფინალი უკეთ საფრანგეთმა დაიწყო - კამილ აილონმა ლინ იორუმ სულანდის პასი ჩაჭრა, კონტრშეტევაში გაიქცა და თავისი გუნდი - 5:3 დააწინაურა.

ნორვეგიამ მალე გამოასწორა სიტუაცია. იდა ალსტადმა,
მართალია, ტრავმის ფასად, მაგრამ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება - 6:6. ამ ხელბურთელმა ბლანდენ დანსეტთან შეჯახებისას მიიღო დაზიანება. ალსტადმა კოჭლობით დატოვა მოედანი და საბოლოოდ, თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.

ამასობაში, ფრანგებს პრობლემები შეექმნათ - ისინი ვერ უმკლავდებოდნენ სულანდს, რომელმაც ნორვეგიელთა პირველი რვა გოლიდან ოთხი თავის ანგარიშზე მიითვალა - სწორედ მან გახადა ანგარიში - 8:6.

საფრანგეთი ახერხებდა ასე თუ ისე თანაბარ ბრძოლას, მაგრამ მასზე ცუდად იმოქმედა ალექსანდრა ლაკრაბერის უხეშობამ - ჰეიდი ლოკეს წინააღმდეგ წესის დარღვევისთვის ეს ხელბურთელი ორი წუთით გააძევეს მოედნიდან - ამ დროს ნორვეგიის უპირატესობა მინიმალური იყო, მაგრამ კრისტინ ლუნდე-ბორგერსენმა სათავე დაუდო გაქცევას, რომლის შემდეგაც ნორვეგიის უპირატესობა 7 ბურთამდე გაიზარდა. ეს გაქცევა ჰეიდი ლოკემ დაასრულა და შესვენებისთვის დაფიქსირდა ნორვეგიის სოლიდური უპირატესობა - 19:13.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნორვეგიამ გააგრძელა ზეწოლა მეტოქეზე და სულ მალე ლუნდე-ბორგერსენის ზუსტი დარტყმით სკანდინავიელებმა თითქმის გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს - 23:15.

მაგრამ ფრანგების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ არ შეწყვიტეს წინააღმდეგობა, მინი-გაქცევა მოაწყვეს - 4:1 და კლოდინ მენდის მეოთხე გოლის წყალობით ხუთ ბურთამდე შეამცირეს სხვაობა.

ეს ჩამორჩენა შეიძლებოდა კიდევ შემცირებულიყო, მაგრამ 26:21-ზე ნორვეგიელთა სათადარიგო მეკარემ კარი გრიმსბომ შვიდმეტრიანი აუღო ლაკრაბერს და სწორედ ეს აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი მატჩში.

საფრანგეთი ფსიქოლოგიურად გატყდა და დარჩენილ დროში წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია ნორვეგიას. სკანდინავებმა უპრობლემოდ მიიყვანეს საქმე ბოლომდე - 32:24 მათ სასარგებლოდ.

ფინალის გმირები კრისტინ ლუნდე-ბორგერსენი და ლინ იორუმ სულანდი გახდნენ, რომელთა ანგარიშზე შესაბამისად ექვსი და ხუთი გოლი მოდის.

ნორვეგიამ 1999 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეს ამ გუნდის მეორე ტიტულია პლანეტის პირველობის ისტორიაში.

სიმბოლური ნაკრები: ჩანა მასონი (ბრაზილია) - ემილია ტურეი (რუსეთი), ანდრეა პენეჟიჩი (ხორვატია); ჰეიდი ლიოკე (ნორვეგია); ალისონ პინო (საფრანგეთი); ლინე იორგენსენი (დანია); კარმენ მარტინი (ესპანეთი).

საუკეთესო ბომბარდირები: 1. ალექსანდრა დო ნასიმენტო (ბრაზილია) - 57; 2. ლინ იარუმ სულანდი (ნორვეგია) - 51; 3. ანდრეა პენეჟიჩი (ხორვატია) - 49; 4. შიო ფუიჯი (იაპონია) - 46; 5. კარმენ მარტინი (ესპ) - 45.

საბოლოო კლასიფიკაცია: 1. ნორვეგია; 2. საფრანგეთი; 3. ესპანეთი; 4. დანია; 5. ბრაზილია; 6. რუსეთი; 7. ხორვატია; 8. ანგოლა; 9. შვედეთი; 10. ჩერნოგორია; 11. ს. კორეა; 12. ისლანდია; 13. რუმინეთი; 14. იაპონია; 15. ჰოლანდია; 16. კოტ დ'ივუარი; 17. გერმანია; 18. ტუნისი; 19. ყაზახეთი; 20. ურუგვაი; 21. ჩინეთი; 22. კუბა; 23. არგენტინა; 24. ავსტრალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული