ნორჩი ხელბურთელები 11-18 აგვისტოს უნგრეთის საერთაშორისო ტურნირზე მოსინჯავენ ძალებს.
1-7 აგვისტოს დუშეთში ერთკვირიანი საწვრთნელი შეკრება ექნებათ და მეცადინეობებს ევროპის ხელბურთის ფედერაციის დავალებით ნორვეგიელი სპეციალისტი - ბენტ დალა გამართავს.
შეკრებაზე გამგზავრებამდე 16-წლამდელთა გუნდის წევრებს მასტერკლასი სასპორტო კომპლექს "არენის" დარბაზში სერგო დათუკაშვილმა ჩაუტარა.
საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების წევრმა ხელბურთის თამაში 16 წლისამ დაიწყო გლდანში ჯიმშერ დვალიშვილის ხელმძღვანელობით, 4 წელიწადი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდში ჯემალ
"გეპეელებთან" ერთად ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ოცი წლისა იუგოსლავიის "მეტალოპლასტიკაში" მიიწვიეს და მას შემდეგ 15 წელიწადია, ეროვნული გუნდის ფორვარდი მოხეტიალე ცხოვრებას ეწევა: ამ ხნის განმავლობაში სად არ უთამაშია ორჯერ ჩერნოგორიის ჩემპიონი გახდა, თითო სეზონი იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში გაატარა, ელინელთა ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, შვედეთის ჩემპიონატში მისი გუნდი ორჯერ მეორე ადგილზე გავიდა, ერთხელ მესამე იყო, დათუკაშვილმა კი ერთხელ შვედეთის საუკეთესო მოთამაშის ტიტულსაც გამოჰკრა ხელი.
ორი სეზონი სლოვენიაში გაატარა, ბოლო წლებში ბეირუთისა და დუბაის გუნდების ღირსებას იცავს.
- ჩემთვის დაუვიწყარია "მეტალოპლასტიკაში" გატარებული წლები, - გვითხრა სერგო დათუკაშვილმა, - მართალია, განსაკუთრებული წარმატებებისთვის მის შემადგენლობაში არ მიმიღწევია, რადგან იმ წლებში ევროპული გრანდი, ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი დაღმასვლას განიცდიდა, მაგრამ იუგოსლავიის ხელბურთის სკოლის კლასი და გამოცდილება მაინც სხვა არის.
"მეტალოპლასტიკის" წევრთა უმრავლესობა მაშინაც ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა, გუნდს ამჟამინდელი სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვესელინ ვუკოვიჩი ედგა სათავეში. ამ გამოცდილი სპეციალისტისა და მისი შეგირდებისგან ბევრი რამ ვისწავლე.
- ბოლო წლებია, ერთდროულად სხვადასხვა ქვეყნის ორ გუნდში თამაშობ. როგორ ახერხებ?
- ბეირუთში ლიბანის ხელბურთელთა ჩემპიონატი მხოლოდ ოთხ თვეს გრძელდება. დანარჩენი დრო უქმად ხომ არ ვიქნები. ამ ხნის განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველობაში ვმონაწილეობ, დუბაის კლუბში ვარ. წლეულს ჩემი გუნდი ლიბანის ჩემპიონი გახდა და სექტემბრიდან აზიის თასის გათამაშებაში ვიასპარეზებთ.
- საქართველოს ნაკრებზე რას იტყვი?
- სამწუხაროდ, 3-4 წელიწადია, გუნდი ნორმალურად არ შეკრებილა. არც ის ვიცით, რისი შემძლენი ვართ.
არადა, 27 ივნისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში, 2015 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები პირველ ჯგუფში მოხვდა, სადაც პლეი ოფში გასასვლელად ლიტვას, თურქეთსა და ფინეთს დაუპირისპირდება.
- შანსები?
- ჩვენი ნაკრების წევრთა უმრავლესობა რუმინეთში თამაშობს, სხვა ქვეყნებშიც არიან. ალბათ, ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭებთან ერთად მათი შეკრება და საქმეში ნახვაა საჭირო. კარგი მწვრთნელი გვჭირდება. ხელბურთის ეროვნული ფედერაცია უცხოელის ჩამოყვანას გეგმავს.
რამდენიმე სპეციალისტთან გვაქვს მოლაპარაკება. ვფიქრობ, კარგი ნაკრების ჩამოყალიბება შეგვიძლია.
მეტოქეთაგან თურქეთთან სტუმრად ორი მატჩი გვაქვს ნათამაშები და წაგებული. ფინეთთანაც უარყოფითი ბალანსი გვაქვს - 1:2, ლიტვას კი არ ვიცნობ. თუმცა, სტატისტიკა არაფერს ნიშნავს.
ეს იყო დიდი ხნის წინათ. სამივე გუნდთან შეიძლება ბრძოლა და პლეი ოფში გასვლაზე ფიქრი.
მთავარია, ნაკრებს სათანადო დახმარება და მხარდაჭერა ექნეს. თორემ რა გამოდის, ორ-სამ წელიწადში ერთხელ მოგვიყრიან თავს, ერთ მატჩს წავაგებთ და მერე ყველაფერი დავიწყებას ეძლევა.
შეუძლებელია 2-3 წელიწადში ერთხელ ახალი გუნდის შექმნა. ხელბურთის ამჟამინდელი ფედერაცია ბატონი ზურაბ კაკაბაძის ხელმძვანელობით ძალიან მოწადინებულია. ჩვენც გვერდით დავუდგებით, რითაც შეგვიძლია.
- თექვსმეტწლამდელ ხელბურთელებს მასტერკლასი ჩაუტარეთ. ამ ბიჭებზე რას იტყვით?
- თავისი ასაკისთვის ურიგო ხელბურთს არ თამაშობენ. კარგია, რომ ფედერაცია მათს დაოსტატებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.
ამ გუნდსაც ხომ ორი წლის შემდეგ მნიშვნელოვანი შეჯიბრება ელის - თბილისის ოლიმპიური ფესტივალი. ნაკრებს სათანადო დაფინანსება თუ ექნება, ეს ბიჭები ჩვენზე წარმატებულ და უკეთეს ხელბურთს ითამაშებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"