"ლიგამუსი" და "ივერია" დაწინაურდნენ

AutoSharing Option
დასასრულს უახლოვდება წყალბურთელ ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც წლეულს ოთხი გუნდი მონაწილეობს. გუშინ "ოლიმპიკის" აუზში ორი შეხვედრა გაიმართა. ოქროს მედლებისთვის პირველ ფინალურ მატჩში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსი" "თბილისს" დაუპირისპირდა. ამ გუნდების ჯგუფური ტურნირის პაექრობაში ილიაუნელებმა 15:11 გაიმარჯვეს.

ფინალში ოქროს და ბრინჯაოს მედლებისთვის ორ-ორი ორთაბრძოლაა დაგეგმილი. პირველი მატჩები, როგორც აღვნიშნეთ გუშინ ჩატარდა. თბილისელები რევანშის წყურვილით გავიდნენ სარბიელზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოეცარათ ხელი - ისევ "ლიგამუსმა" იმარჯვა 17:13. აქვე შევნიშნავთ, რომ ორივე გუნდი საქართველოს ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული. გუშინდელი წაგებით "თბილისს" ჩემპიონობის შანსი არ
დაუკარგავს, თუმცა მისი მდგომარეობა გაცილებით რთულია, რადგან განმეორებით შეხვედრაში "ლიგამუსს" ფრე და სამი ბურთით წაგებაც ხელს აძლევს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად.


"ლიგამუსი"-"თბილისი" 17:13
"ლიგამუსი": სტრუიჩი, ბაქრაძე, შენგელია, პოპოვიჩი, კორდიჩი, ხვედელიანი, ტაბატაძე, რუსიშვილი, რურუა, გეგელაშვილი, ნიკოლეიშვილი, ჭუმბურიძე, მანძულაშვილი.
"თბილისი": ნამორაძე, ქენქაძე, ყავლაშვილი, ჩომახაშვილი, ლაითაძე, ბაბუნაშვილი, მანძულაშვილი, ბაღათურია, ქავთარაძე, ჩერქეზიშვილი, გოგავა.

ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები - "ივერია" და "ზვიგენები" ბრინჯაოსთვის იბრძვიან. "ივერია" უმთავრესად 1993 წელს დაბადებულ წყალბურთელთა საქართველოს ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული, "ზვიგენებმა" კი ვეტერანები შემოიკრიბა. გუშინდელ დაძაბულ დაპირისპირებაში ახალგაზრდებმა 10:5 სძლიეს მეტოქეს და კვარცხლბეკის მესამე საფეხურისკენ ნაბიჯი გადადგეს.


"ივერია"-"ზვიგენები" 10:5
"ივერია": ფავლენიშვილი, ბუღაძე, დავითური, ცანკაშვილი, სხილაძე, ქართველიშვილი, გელაშვილი, ურუშაძე, სულაძე, ქარჩილაძე, პეიტრიშვილი, გოჩიტაშვილი.

"ზვიგენები": ჩიხლაძე, ალხაზოვი, ქერქაძე, თორდია, ბერიშვილი, ჟღენტი, კანდელაკი, ბროლაძე, ჩხეიძე, ალიბეგაშვილი, გიორგაძე, კინწურაშვილი, მაჭავარიანი.

"ოლიმპიკს" აუზში დღეს განმეორებითი შეხვედრები გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული