ფინალური ეტაპის ორი საგზურისთვის მასპინძლებთან ერთად ქართველები, ბელარუსები, მოლდოველები და კვიპროსელებიც იბრძოლებენ.
ამ შეჯიბრებისთვის მონდომებით ემზადებიან ჩვენი ბიჭები სახელოვანი სპორტსმენის, ოლიმპიური თამაშების პრიზიორის - რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით.
აპრილის მიწურულს ქართველმა წყალბურთელებმა საწვრთნელი შეკრება სერბეთში გაიარეს და რამდენიმე ტესტმატჩიც ითამაშეს. 3-6 მაისს კი პოლონური გორჟოვის საერთაშორისო ტურნირში ითამაშეს, ზედიზედ სძლიეს უკრაინას, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, ისრაელს, ბელარუსს და "სლოვიანკას თასი" მოიპოვეს.
ამჟამად ახალგაზრდები საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" ემზადებიან.
- მესამე წელიწადია, ამ
იქ კი ყველა ორთაბრძოლა წავაგეთ, თანაც სოლიდური ანგარიშებით. ეს მოსალოდნელიც იყო. მას შემდეგ ორ წელიწადზე მეტი გავიდა და ჩვენი ნაკრებიც გაძლიერდა.
ბიჭების დღევანდელი მომზადებით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, თუმცა, შესაძლოა, უკეთეს ფორმაშიც ვყოფილიყავით, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა გვაკლია. ევროპის პირველობიდან დღემდე მხოლოდ ერთ ოფიციალურ ტურნირში ვიასპარეზეთ, პოლონეთში.
- სტამბულში რას გეგმავთ?
- სერიოზული მეტოქეები გვეყოლება. გვსმენია მათი წარმატებების შესახებ, თუმცა გუნდებს, ფაქტობრივად, არც ვიცნობთ. ვიცით მხოლოდ, რომ თურქეთის ნაკრების ოთხი წევრი უფროსების გუნდში გამოდის.
წლეულს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპშიც მონაწილეობდნენ. ბელარუსებს პოლონეთში ვეთამაშეთ და დაძაბულ პაექრობაში 9:8 მოვუგეთ.
მოლდოველების და კვიპროსელების შესახებ არაფერი ვიცით. ყოველივეს მიუხედავად, ფინალის საგზურისთვის ვიბრძოლებთ. სტარტზე 24 მაისს ტურნირის ფავორიტ თურქებს ვხვდებით, 25-ში საღამოს - ბელარუსს, 26-ში დილით - მოლდოვას, საღამოს კი - კვიპროსს. დაძაბული გრაფიკია, მაგრამ საამისოდ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად აქედანვე ვემზადებით.
- ტესტმატჩებისთვის თქვენ კირიშის გუნდი მოიწვიეთ...
- დიახ. ამ გუნდს ჩემი ყოფილი მწვრთნელი ბორის პოპოვი ავარჯიშებს. რუსეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მეშვიდე ადგილზეა.
მათთან ორი მატჩი გავმართეთ და ორივე წავაგეთ, მაგრამ ჩვენთვის ანგარიში კი არა, იმ ხარვეზების გამოვლენაა მთავარი, რომელთა აღმოფხვრაც თურქეთში წარმატებით თამაშში შეგვიწყობს ხელს.
თანაც, ყოფილი დამრიგებლის რჩევა-დარიგებებიც გასათვალისწინებელია. სტუმრად გვყავს ჩეხოვოს "შტურმის" ჭაბუკი წყალბურთელები. ორივე გუნდის ჩამოსვლა ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი - იტყვიან, სავარჯიშო პირობები თბილისშიცაა და ისეთი წყალბურთელები ჰყავთ, სპარინგობა რომ შეიძლებაო. უნდა ვივარაუდოთ, რომ სამომავლოდ საქართველოში უფრო ძლიერ ევროპულ კლუბებსაც ვიხილავთ.
რევაზ ჩომახიძესთან საუბრის შემდეგ ინტერვიუ ბორის პოპოვსაც ვთხოვე:
- ქართველ წყალბურთელებთან ჩემი ნაცნობობა 1958 წლიდან იწყება, - თქვა სტუმარმა, - მაშინ თბილისში მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადა გაიმართა. მოსკოვის გუნდში ვთამაშობდი.
მეორე ადგილზე გავედით. თქვენმა ნაკრებმა ჩემპიონობა მოიპოვა, რომლის შემადგენლობაში, თუ არ ვცდები, გამოდიოდნენ სანაძე, შაშკინი, წიკლაური. მოგვიანებით თბილისის "დინამოსთან" შეხვედრებისას ბრწყინვალე წყალბურთელები: ლერი გოგოლაძე, გივი ჩიქვანაია, ირაკლი ჩხიკვაძე, დულულო მიმინოშვილი გავიცანი.
1962 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის გუნდში, სადაც მე ვთამაშობდი, მთავარ მწვრთნელად როსტომ ჩაჩავა მოვიდა. ხუთი წელიწადი გვავარჯიშებდა. ბევრი რამ ვისწავლეთ მისგან - როსტომი საბჭოთა კავშირში წყალბურთის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი გახლდათ. მგუ-ს გუნდში მან ქართული წყალბურთის თამაშის სტილი შემოიტანა.
მიბრძოლია ვოვა ისელიძის წინააღმდეგაც. 1976-77 წლებში, როცა საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში ვმუშაობდი, გუნდში მოვიწვიეთ მიშა გიორგაძე და გელა ტუკვაძე, რომლებმაც 1978 წელს ახალგაზრდებში ევროპის პირველობა მოიგეს. სასიამოვნო იყო ჩემთვის რევაზ ჩომახიძესთან მუშაობა.
1999-2003 წლებში იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო წყალბურთელი იყო. 2002-03 წლებში ხომ ევროპაში ოფიციალურად აღიარეს საუკეთესოდ.
სწორედ რეზოს თხოვნით ჩამოვედით თბილისში. ჩვენი სურვილიც იყო, ქართულ წყალბურთთან ახლო ურთიერთობა გვქონოდა. ორი მატჩი გავმართეთ ახალგაზრდულ გუნდთან.
გამოუცდელი ბიჭები არიან, ცოტას ფიზიკურ მომზადებაშიც მოიკოჭლებენ. პირველი ორი პერიოდის განმავლობაში მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, გვიგებდნენ კიდეც. ბოლო ორ რვაწუთიან მონაკვეთში კი პოზიციები დათმეს.
დროთა განმავლობაში გამოცდილებას შეიძენენ და ეს გუნდი ევროპაში ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.
თურქეთში ფინალის საგზურისთვის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"