მათ შორისაა საქართველოს სამგზის ჩემპიონი "ლიგამუსი-თბილისი", რომელიც წილისყრით A ჯგუფში მოხვდა.
ის საბერძნეთის "ვოულიაგმენს", ჰანოვერის (გერმანია) "ვასპო-98"-ს, ვოლგოგრადის (რუსეთი) "სპარტაკს", ჰოლანდიის "შუურმანსა" და უნგრეთის "ეგერს" გაუწევს მეტოქეობას.
ჩვენმა გუნდმა სასტარტო მატჩი "ეგერთან" სავიზო პრობლემების გამო გამოტოვა. ამდენად, დებიუტი "შუურმანთან" ექნებათ სტუმრად.
ნიდერლანდელებმა პირველ ტურში შინ "ვასპო-98"-ს მინიმალური ანგარიშით, 6:5 სძლიეს, რაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელი ოთხი საგზურისთვის პაექრობაში ურიგო დასაწყისი არ არის.
"ლიგამუსის" მომავალი მეტოქე თავისი ქვეყნის
ცხადია, წლეულს ოთხეულში მოსახვედრად არაფერს დაიშურებს. არადა, მერვედფინალში გასასვლელად საქართველოს ჩემპიონისთვის უპირველესი კონკურენტი სწორედ "შუურმანია". ჩვენი ბიჭები ამ მატჩისთვის საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" ემზადებიან სახელოვანი წყალბურთელის - რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით.
გუნდის მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს, თუმცა ტიტების ქვეყანაში იოლ გასეირნებას არ ელიან. კლუბის გაფართოებული შემადგენლობიდან თუ ვის მოუწევს 6 ოქტომბერს ქვეყნის სპორტული ღირსების დაცვა, ეს 3 ოქტომბერს, საღამოს გახდება ცნობილი.
- გუნდში საბრძოლო განწყობილებაა, ბიჭები მონდომებით ემზადებიან მომავალი შეხვედრისთვის, - გვითხრა რევაზ ჩომახიძემ. - ვიზების საკითხი მოგვარებულია.
ჰოლანდიაში 5 ოქტომბერს გავემგზავრებით, ექვსში საღამოს კი "შუურმანს" დავუპირისპირდებით. მეტოქეს არ ვიცნობთ. სამწუხაროდ, მათი თამაშის ვიდეოჩანაწერიც ვერ ჩავიგდეთ ხელთ. ერთადერთი - გერმანელმა კოლეგებმა მოგვაწოდეს მწირი ინფორმაცია მეტოქის თამაშის სტილსა და ტაქტიკაზე. ყოველივეს მიუხედავად, წარმატების მისაღწევად არაფერს დავიშურებთ.
- "ეგერთან" მატჩს რა ბედი ეწევა?
- სექტემბრის მიწურულს ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის კონგრესზე ვიყავი. იქ გვითხრეს, რომ უნგრელებთან პაექრობა გაისად გაიმართება, ოღონდ თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.
- წლეულს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიც უნდა დაწყებულიყო. როგორც შევიტყვეთ, შეჯიბრების ფორმატი შეუცვლიათ...
- დიახ, უწინდელი სისტემა გაუქმდა. შესარჩევ ეტაპზე შეიქმნება ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფი. ისინი წრიული სისტემით აპრილში, ივლისსა და დეკემბერში სამ ტურად გაითამაშებენ საგზურებს.
წილისყრა მოგვიანებით გაიმართება. ევროპის წყალბურთის მამებთან უკვე გვქონდა წინასწარი მოლაპარაკება და გამორიცხული არ არის, ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ ტურს თბილისმა უმასპინძლოს. ჩვენ ხომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საკლუბო გუნდების ორი ჩელენჯტროფისა და ერთი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის სათანადო დონეზე ჩატარებისთვის უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ...
ისევ ჩემპიონთა ლიგას გვინდა დავუბრუნდეთ: ზემოთ აღვნიშნეთ და გავიმეორებთ, რომ ჯგუფური ტურნირის სტარტზე "შუურმანმა" შინ "ვასპო-98"-ს სძლია 6:5, ხოლო "ვოულიაგმენმა" ვოლგოგრადის "სპარტაკს" აჯობა - 11:6. ექვს ოქტომბერს კი ითამაშებენ: "შუურმანი"-"ლიგამუსი-თბილისი", "სპარტაკი"-"ეგერი", "ვასპო-98"-"ვოულიაგმენი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"