ესპანეთმა, რუმინეთმა, ხორვატიამ, მაკედონიამ, თურქეთმა და ჰოლანდიამ პლეი ოფში დაიბევეს ადგილები. კონტინენტის დანარჩენი 16 გუნდი სწორედ პლეი ოფში გასასვლელი 6 საგზურისთვის იბრძვის. მათ შორისაა საქართველოს ნაკრები, რომელმაც შესარჩევი ეტაპის ორი რაუნდი წარმატებით განვლო.
ასპარეზობის სტარტზე ჩვენმა ბიჭებმა თბილისის "ოლიმპიკის" აუზში დაამარცხეს დიდი ბრიტანეთი (12:3), პოლონეთი (16:10) და ჩეხეთი (16:5), ხოლო სლოვაკებს დაუზავდნენ (7:7).
მეორე ეტაპს მალტამ უმასპინძლა. იქ საქართველოს ნაკრებმა ოთხივე შეხვედრა მოიგო
შესარჩევი ეტაპის მესამე, დასკვნით რაუნდში საქართველოს ნაკრები ექვსგუნდა ჯგუფში მოხვდა სლოვაკეთის, მალტის, პორტუგალიის, ბელორუსისა და შვეიცარიის წარმომადგენლებთან ერთად. შეჯიბრება 7 ნოემბრიდან პორტუგალიურ პორტოში გაიმართება.
გთავაზობთ G ჯგუფის კალენდარს:
7 ნოემბერი. საქართველო (28 ქულა)-შვეიცარია (3), მალტა (16)-ბელორუსი (9), პორტუგალია (15)-სლოვაკეთი (20).
8 ნოემბერი, დილით: შვეიცარია-სლოვაკეთი, მალტა-საქართველო, პორტუგალია-ბელორუსი. საღამოს: სლოვაკეთი-მალტა, ბელორუსი-საქართველო, შვეიცარია-პორტუგალია.
9 ნოემბერი. შვეიცარია-ბელორუსი, საქართველო-სლოვაკეთი, მალტა-პორტუგალია.
10 ნოემბერი. შვეიცარია-მალტა, სლოვაკეთი-ბელორუსი, პორტუგალია-საქართველო.
საქართველოს ნაკრები (კონსტანტინე გეგელაშვილი, ზურაბ რურუა, გიორგი ხვედელიანი, მარკო ელეზი, მარკო ელაჩა, ბექა ქავთარაძე, ხვიჩა ჯახაია, რევაზ იმნაიშვილი, ლევან ჩიქვინიძე, დამირ ცრეპულია, გალაქტიონ ლაითაძე, ზურაბ ჭუმბურიძე, მარინო ფრანიჩევიჩი, ბექა კაპანაძე, ალექსანდრე ურუშაძე, მიხეილ ბაღათურია, ბექა ქენქაძე, ალექსანდრე რუსიშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, ანდრია ბითაძე) გაფართოებული შემადგენლობით ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე იყო ჩერნოგორიაში. გუნდის 13 წევრს მთავარი მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი 7 ნოემბერს დაასახელებს.
გუნდების მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოს ნაკრებს პლეი ოფში გასვლა არ გაუჭირდება, მაგრამ აუცილებელია შესარჩევ ეტაპში მონაწილე 16 გუნდს შორის პირველ სამეულში მოხვედრა, რომ პლეი ოფში ესპანეთთან, რუმინეთსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ხორვატიასთან დაპირისპირებას ასცდეს.
დანარჩენ ორ ჯგუფში მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ითამაშებენ: H ჯგუფი: საფრანგეთი (28 ქულა), უკრაინა (19), პოლონეთი (12), დანია (9), ჩეხეთი (3); I ჯგუფი. რუსეთი (28), სლოვენია (25), დიდი ბრიტანეთი (17), ისრაელი (13), მოლდოვა (5).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"