დასკვნით ეტაპზე მოსახვედრად 8 საგზურისთვის ბრძოლაში 16 გუნდი ჩაება, რომლებიც კენჭისყრით 4 ჯგუფში გადანაწილდნენ.
A ჯგუფს თბილისმა უმასპინძლა. "ოლიმპიკის" აუზში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საქართველო, სლოვაკეთი, პორტუგალია და შვეიცარია.
ჯგუფის ფავორიტად 2014 წლის ჩემპიონატის ფინალისტი საქართველოს ნაკრები მიიჩნეოდა, თუმცა მას მოწინააღმდეგედ საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავდა: სლოვაკებთან ორი წლის წინათ შესარჩევი მატჩი ფრედ დამთავრდა.
თბილისის ამჟამინდელი ტურნირის პირველი დღის მატჩი მეტოქეებს შორის, ფაქტობრივად, მსგავსი სცენარით
საქართველო-სლოვაკეთი 10:11
1:1, 4:5, 2:2, 3:3
საქართველო: ნიკოლოზ შუბლაძე, ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია (1), მარკო ელეზი (1), რევაზ იმნაიშვილი, მარკო ელაჩა (4), გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია (1), დავით რურუა (1), კონსტანტინე გეგელაშვილი (1), ხვიჩა ჯახაია, ანდრია ბითაძე (1), ივან სტრუიჩი. მთავარი მწვრთნელი - ივან პოპოვიჩი, მწვრთნელი - ვლადიმერ ისელიძე.
სლოვაკეთი: ჰოფერიცა, მაროშ ტკაჩი, ზატოვიჩი, ბიელიკი (1), დურიკი (4), ბალაში, სემანი (1), მოლნარი, მარეკ ტკაჩი, პოლოვიჩი (1), კოლარიკი (3), ბრუდერი, გოგოლა, მწვრთნელები - სერაჰიმა, კაიო.
მატჩის დასაწყისი ორმხრივი იერიშებით წარიმართა. მესამე წუთზე ანგარიში კოლარიკმა გახსნა, მაგრამ ელეზმა მალევე აღადგინა წონასწორობა. ყველაზე უხვგოლიანი პაექრობის მეორე რვაწუთიანი მონაკვეთი აღმოჩნდა - მეტოქეებმა 9 ბურთი გაიტანეს, ქართველებმა - გოლით ნაკლები და ეს რაუნდი 4:5 დათმეს დაცვაში დაშვებული ზედიზედ სამი მიუტევებელი შეცდომის გამო.
შესვენების შემდეგ ორთაბრძოლის სცენარი არ შეცვლილა: ხან ერთი გუნდი აღწევდა მიზანს, ხან - მეორე. ბოლო პერიოდის მეოთხე წუთზე, ბაღათურიას გოლის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა - 9:9; დარჩენილ ოთხ წუთში სტუმრებმა ორჯერ აიღეს სტრუიჩის კარი, რასაც ჩვენებმა ერთით (ელჩა) უპასუხეს და შეხვედრაც დათმეს - 10:11.
იმავე დღეს პორტუგალიამ შვეიცარიას 13:7 (1:2, 1:1, 6:2, 6:2) აჯობა.
ასპარეზობის მეორე დღეს მასპინძლები შვეიცარიელებს დაუპირისპირდნენ.
საქართველო-შვეიცარია 21:9
6:1, 5:3, 4:2, 6:3
საქართველო: შუბლაძე (1), ქავთარაძე (1), ცრეპულია (6), ელეზი, იმნაიშვილი (2), ელაჩა (2), ხვედელიანი (1), ბაღათურია (3), რურუა (2), გეგელაშვილი, ჯახაია (2), ბითაძე (1), სტრუიჩი; მწვრთნელები - პოპოვიჩი, ისელიძე.
შვეიცარია: ჰენზი, მიულერი (3), ლუკატო, ჰერცოგი, ფროლი (1), რადივოიევიჩი (1), გალიაში, ველიკოვი, გასინა (1). ბიელაიაჩი. დამიანოვიჩი (2).
საქართველოს წყალბურთელებმა ორთაბრძოლის პირველსავე პერიოდში გადაუწურეს სტუმრებს წარმატების ყოველგვარი იმედი, როცა 5:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებს არც დანარჩენ პერიოდებში გაუშვიათ ხელიდან ინიციატივა და საბოლოოდ 21:9 გაიმარჯვეს.
ქართველებს არც სლოვაკები ჩამორჩნენ - მეორე ტურში მათაც დიდი სხვაობით - 15:6 (4:2, 3:1, 4:0, 4:3) სძლიეს პორტუგალიას.
მესამე ტურში ჩვენმა გუნდმა გათამაშების ცხრილში მეორე გამარჯვება ჩაიწერა და ისევე დიდი ანგარიშით, ამჯერად, პორტუგალიასთან პაექრობისას.
საქართველო-პორტუგალია 21:3
4:1, 7:1, 4:0, 6:1
საქართველო: შუბლაძე, ქავთარაძე (3), ცრეპულია (3), ელეზი, იმნაიშვილი (3), ელაჩა (4), ხვედელიანი (1), ბაღათურია (1), რურუა (3), გეგელაშვილი (3), ჯახაია (1), ბითაძე (1), სტრუიჩი; მწვრთნელები - პოპოვიჩი, ისელიძე.
პორტუგალია: ტიეშეირა, ლეიტა, ფერეირა რამოსი (1), პ. სოუზა (1), ლოპესი, კარდოსო, მორეირა, რ. სოუზა, სეკიერუ (1), რარტი, აპარიგი, მწვრთნელები - ხორხე, ფრანცისკო.
პირველივე წუთებიდან მასპინძლების უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა - პირველი პერიოდი მათ 4:1 მოიგეს, მეორეში ანგარიშში უფრო სოლიდური სხვაობა იყო - 9:2. საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩშიც მიაღწია წარმატებას - 21:3. ასპარეზობის დასკვნით დღეს სლოვაკებიც თავის სტიქიაში იყვნენ, რაც შვეიცარიელებთან პაექრობის ანგარიშშიც აისახა - 25:6 (6:0, 7:2, 9:3, 3:1).
ოთხივე გუნდი 9-11 ოქტომბერს მეორე საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშებს და საგზურების მფლობელებიც მერე გამოვლინდებიან, როდესაც ოთხივე ჯგუფის შედეგები შეჯამდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"