თანატოლებში გამორჩეული 15 წლისა სერბულ "ვოივოდინაში" მიიწვიეს, შემდეგ ორი წელიწადი მონტენეგროს ჩემპიონ "იადრანში" გაატარა, ერთი წელიწადი კატალონიურ "ბარსელონაში" ითამაშა, შარშან ზაფხულს კი რომის "ვის ნოვასთან" გააფორმა ერთწლიანი ხელშეკრულება.
- იტალიის წყალბურთელთა ჩემპიონატის სერია-A ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. - გვითხრა ანდრია ბითაძემ. - იქ თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ შევიძინე სერბული, ჩერნოგორიული და ესპანური წყალბურთიდან. განსაკუთრებით კატალონიური სტილი მომეწონა
- მაშინ, იტალიურზე რატომ გაცვალეთ?
- აპენინელები მოძრავ, სწრაფ, გახსნილ წყალბურთს მისდევენ. სერბეთში თუ ის უფრო ძალისმიერია, იტალიაში ინდივიდუალური, იმპროვიზებული თამაში ჭარბობს, მკაცრი სქემებით შებოჭილი არ ხარ. ეს კი ჩემი სტილია.
- ოთხი თვეა, "ვის ნოვას" წევრი ხართ. რომაული პრესის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გუნდის ერთ-ერთ ლიდერი გახდით...
- ლიდერობისა რა გითხრათ, მაგრამ ბიჭებს კარგად შევეწყვე. კლუბში რვა ახალწვეულია. სამნი უცხოელები ვართ. ჩემთან ერთად არიან მაკედონიის ნაკრების 34 წლის ვეტერანი ზდრავკო დელაში და ხორვატი იოსიპ იერკოვიჩი. ჩვენი მწვრთნელია 50 წლის იტალიელი პროფესიონალი კრიშტიანო ჩოკეტი.
სექტემბერში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვითამაშე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ამიტომ მოსამზადებელ პერიოდში "ვის ნოვასთან" ერთად არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც კი ჩავედი რომში, მესამე დღეს ჩოკეტიმ იტალიის თასის გათამაშებაზე Ortigia-ს წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. სადებიუტო მატჩში ერთი გოლი გავიტანე. თუმცა მთავარი ის იყო, რომ გუნდში თავი შინაურულად ვიგრძენი. მწვრთნელები და თანაგუნდელებიც ყოველმხრივ მიწყობენ ხელს, რომ ოსტატობა ავიმაღლო.
- სადებიუტო მატჩის გარდა, იტალიის ჩემპიონატიდან კიდევ რომელი ორთაბრძოლები დაგამახსოვრდათ განვლილ ოთხ თვეში?
- სერია A-ში მსოფლიო წყალბურთის ვარსკვლავები თამაშობენ, როგორებიც არიან მონტენეგროელი ალექსანდრე ივოვიჩი, ხორვატები - დუშან პიეტლოვიჩი და სანდრო სუკნო, იტალიელები - პიეტრო ფილიოლი, ვალენტინო გალო და მისი თანაგუნდელი, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მარკო ელაჩა. რომელი ერთი ჩამოვთვალო. მათ წინააღმდეგ თამაში დიდი სკოლაა.
რაც შეეხება მატჩებს, გამოვყოფდი "ნაპოლისთან" გასვლით შეხვედრას, რომელიც ფრედ - 11:11 დამთავრდა. არადა, მატჩის მიწურულს რამდენიმე შეცდომა რომ არ დაგვეშვა, მისი მოგებაც შეგვეძლო. თუმცა ჩვენი ახალგაზრდული გუნდისთვის იტალიის ერთ-ერთ გრანდთან, რომელიც ამჟამად მეოთხე ადგილზეა და საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის, ფრეც საპატიოა. მის შემადგენლობაში თამაშობენ იტალიის ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი ფაბიანო ბარალდი და ამ ქვეყნის წყალბურთის ამომავალი ვარსკვლავი ალესანდრო ბელოტო, რომელმაც ორი წლის წინათ თბილისში გამართულ ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატის ფინალში საუკეთესო მოთამაშის პრიზი დაიმსახურა. "ნაპოლისთან" მატჩში ორი გოლი გავიტანე და მსაჯებს შვიდი მეტოქე გავაძევებინე.
ასევე საინტერესო იყო რომაული დერბი - "ლაციოს" და "ვის ნოვას" შეხვედრა. სპეციალისტები დაძაბულ პაექრობას მოელოდნენ, მაგრამ მეტოქეს მის მოედანზე 10:5 მოვუგეთ. აქტივში თითო გოლი და პენალტი, ასევე, ოთხი გაძევება ჩავიწერე.
- სამომავლოდ რას ფიქრობთ?
- "ვის ნოვას" კარგად შევეწყვე, ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კონტრაქტის დასრულების შემდეგ დავრჩები თუ არა გუნდში, ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს. გააჩნია, რომაელები ან სხვა კლუბების წარმომადგენლები რა პირობებს შემომთავაზებენ. ძალიან მინდა "პრო რეკოში" თამაში, თუმცა "ვის ნოვაში" დარჩენაც მსურს.
- 10 იანვარს მსოფლიო ლიგაზე იტალიასთან გასვლითი შეხვედრა გაქვთ...
- ათ დღეზე მეტია, თბილისში ვარ და "ოლიმპიკის" აუზში ნაკრების წევრებთან ერთად ვვარჯიშობ. თან იტალიის ჩემპიონატიდან ამ პაუზით ვისარგებლე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საკურსო გამოცდებიც ჩავაბარე. რაც შეეხება მსოფლიო ლიგის ორთაბრძოლას, ცხადია, ფავორიტები მასპინძლები იქნებიან, მაგრამ უწინდელივით იოლად ვერ შეძლებენ ჩვენს დამარცხებას. კარგი გუნდი გვყავს, ახალგაზრდული და მოტივირებული. ისეთ გრანდთან შეხვედრა, როგორიც იტალიაა, ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაცაა და გაკვეთილიც, რომლისგანაც ფასდაუდებ გამოცდილებას შევიძენთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"