ქართველი ჩოგბურთელების ცხელი თებერვალი - ინტერვიუ ალექსანდრე მეტრეველთან

AutoSharing Option
3-5 თებერვალს თბილისის ახალი სპორტის სასახლე დევისის თასის გათამაშების მეორე ევროაფრიკული ზონის გუნდების შეხვედრას უმასპინძლებს: საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ფინეთის გუნდს დაუპირისპირდება.

მეტოქეები შარშანაც მე-2 ზონაში იყვნენ, ოღონდ ერთმანეთს არ შეხვედრიან.

სუომელებმა პირველ მატჩში ზიმბაბვეს კი აჯობეს 4:1, მაგრამ ზედა ეშელონში დასაწინაურებლად ქართველ ჩოგბურთელთა მძლეველ (5:0) დანიელებთან დამარცხდნენ 2:3. ჩვენებმა მეორე წრეში ზიმბაბვეს მოუგეს 3:2 და ჯგუფში ადგილი შეინარჩუნეს.

წილისყრამ ამჯერად საქართველო და ფინეთი შეახვედრა ერთმანეთს. ამ წყვილში გამარჯვებული ლიტვასა და მადაგასკარს შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას პირველი ზონის პლეი ოფის
საგზურისთვის, ხოლო წაგებულები ზონაში ადგილის დასაბევებლად ერთმანეთს გაუწევენ მეტოქეობას.

- ფინეთის ნაკრები ყოველთვის იყო ანგარიშგასაწევი ძალა, რაზეც ისიც მიანიშნებს, რომ სამჯერ მსოფლიო ჯგუფის პლეი ოფში ითამაშა, - გვითხრა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა. - შარშანაც დანია ძლივს გადაურჩა მასთან წაგებას. ჯერჯერობით უცნობია, რა შემადგენლობით გვეწვევიან ფინელები.

როგორც შევიტყვე, მათი ვეტერანი ჩოგბურთელი, 35 წლის იარკო კალერვო ნიემინენი გუნდის კაპიტანი იქნება. არ არის გამორიცხული - მოთამაშე კაპიტანი. წლების წინათ იგი ერთ-ერთი უძლიერესი გახლდათ მსოფლიოში - 2006 წლის 10 ივლისს რეიტინგით მე-13 იყო. 2008 წლის ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალისტმა მსგავს წარმატებებს წინა წლებში უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობაზე მიაღწია. წყვილებში 2008 წლის 28 იანვარს 42-ე ადგილი ეკავა კლასიფიკაციაში, 2010 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ითამაშა, 2004 და 2012 წლების ოლიმპიურ თამაშებში მოსინჯა ძალები.

მართალია, ვეტერანია, მაგრამ შარშან, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, გავიდა კორტებზე და ორივე შეხვედრა მოუგო დანიელებს.

ფინელთა გუნდის წევრია წყვილებში ამჟამად მე-7 ადგილზე მყოფი 26 წლის ჰენრი კონტინენი, 190 სანტიმეტრი სიმაღლის ჩოგბურთელი. შარშან მან მიქსტში ვატსონთან ერთად უიმბლდონის ტურნირი მოიგო, ვაჟთა წყვილებში მეოთხედფინალს უწია, ხოლო პარიზის მასტერსში პირველი ადგილი დაიკავა.

ყოველივე ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ წინასწარ თავი დავიზღვიოთ. უბრალოდ, მინდა გულშემატკივრებმა იცოდნენ, როგორი ძალის მეტოქესთან გვექნება საქმე. თუმცა ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა.

საქართველოს ნაკრების ლიდერია კლასიფიკაციით 94-ე ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ამჟამად ავსტრალიაში იმყოფება. მან ახალ წელს უკვე ითამაშა სიდნეის საერთაშორისო ტურნირში, სადაც ბრაზილიელ სილვას აჯობა, ხოლო რეიტინგით 81-ე პორტუგალიელ ელიასთან დამარცხდა. ეს იყო ერთგვარი ძალების მოსინჯვა ავსტრალიის ღია პირველობის წინ.

ჩვენს გუნდში მეორე ნომერია გიორგი ცივაძე. ნაკრების მესამე-მეოთხე ნომრების გამოსავლენად შარშან შესარჩევი ტურნირი ჩავატარეთ, რომელშიც რვა ჩოგბურთელი მონაწილეობდა. დევისის თასზე თამაშის უფლება ვაჟა შუბლაძემ და ზურაბ ტყემალაძემ მოიპოვეს. სამივე ჩოგბურთელი ნაკრების კაპიტნის - დავით კვერნაძისა და ირაკლი ლაბაძის ხელმძღვანელობით, ფინელებთან მატჩისთვის თბილისში მოემზადება. ქომაგების თანადგომით ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად.

- თებერვალში თქვენ მეორე ფრონტზეც მოგიწევთ ბრძოლა...
- დიახ, ასეა - ჩოგბურთელი ქალები 6 თებერვლიდან ტალინში ფედერაციის თასზე ევროაფრიკულ პირველ ზონაში ითამაშებენ. ჯგუფის შემადგენლობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ისე კი, ესტონეთის დედაქალაქში მომდევნო ეტაპზე გასასვლელი ორი საგზურისა და ჯგუფში დასარჩენად 14 ქვეყნის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს: ავსტრია, ესტონეთი, ისრაელი, სერბეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო, ლატვია, თურქეთი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ხორვატია, უნგრეთი და პორტუგალია.

ჩვენი ნაკრები ბალტიისპირეთში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრება: სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა და მარიამ ბოლქვაძე, კაპიტანია მარგარიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი.

2016 წელს ფედერაციის თასზე ბულგარეთს 2:1 მოვუგეთ, სამხრეთ აფრიკას 3:0 ვძლიეთ, ხოლო დიდ ბრიტანეთთან 1:2 დავმარცხდით.

- შარშან, წლის მიწურულს 12, 14 და 16-წლამდელთა საქართველოს პირველობები ჩაატარეთ...
- და ამ ასაკში გოგონათა და ვაჟთა ნაკრები გუნდები გამოვავლინეთ, რომლებიც იანვრის მიწურულს თურქეთში, უკრაინაში, უნგრეთსა და ჩეხეთში ევროპის ზამთრის თასების გათამაშებაში იასპარეზებენ...

12-წლამდელები
გოგონები. ნუცა ცინცაძე, ანა-მარია ქურციკაშვილი, ნატალია ჯაიანი;
ვაჟები. ლუკა ჯანუაშვილი, სეთ სადიკოვი, დავით სოლომონია.

14-წლამდელები
გოგონები. თათია გაგოშიძე, ნინო ნაცვლიშვილი, დეა გორგიძე;
ვაჟები. ცოტნე ძიმისტარიშვილი, დავით ტოტიკაშვილი, ნიკა ბიძინაშვილი.

16-წლამდელები
გოგონები. ანა შანიძე, ეკატერინე ჟორჟოლიანი, დალიდა ქადარია;
ვაჟები. საბა ფურცელაძე, ლაშა-გიორგი კიკვიძე, დავით აჯიევი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული