მაიამის მასტერსი: რეკორდებს არაფერი ემუქრება

AutoSharing Option
მსხვილი გაერთიანებული ტურნირი ფლორიდაში 33-ედ გაიმართება.

საინტერესოა, რომ მაიამიში ტურნირის დაარსებიდანავე იმართებოდა პირველობები ქალებსა და მამაკაცებს შორის.

1985 წელს, ჩემპიონატი დელრეი ბიჩში ჩატარდა, შემდეგ სეზონში გადავიდა ბოკა-რეიტონში, 1987 წლიდან დღემდე კი დაბანაკებულია მაიამისთან ახლოს, კი-ბისკეინის კუნძულზე.

2015 წელს, ტურნირმა დაკარგა სატიტულო სპონსორი, მაგრამ მისი საერთო საპრიზო ფონდი მაინც გაიზარდა - 10.76 მილიონს 15 პროცენტი დაემატა. აღვნიშნავთ, რომ ტრადიციულად, საპრიზო თანხები ამერიკაში თანაბრად იყოფა კაცებსა და ქალებს შორის. წელს, მომავალი ჩემპიონები 1 175 505 დოლარს მიიღებენ, ფინალისტები - 573 680 დოლარს.

WTA Premier Mandatory
საპრიზო ფონდი: 6 993 450$
საფარი: ჰარდი, ღია კორტები
ჩატარების თარიღი: 21 მარტი - 2 აპრილი
მონაწილეები: ანჟელიკ კერბერი (2), კაროლინა პლიშკოვა (3), სიმონა ჰალეპი (4), დომინიკა ციბულკოვა (5), აგნიეშკა რადვანსკა (6), გარბინ მუგურუსა (7), სვეტლანა კუზნეცოვა (8), მედისონ კისი (9), ელენა ვესნინა (15)...
უარი თქვეს მონაწილეობაზე: სერენა უილიამსი (1), ტიმეა ბაშჩინსკი (16), კამილა ჯორჯი (75).
მოქმედი ჩემპიონი: ვიქტორია აზარენკა.

მაიამიში ტიტულების რაოდენობით ულაპარაკო ლიდერია სერენა უილიამსი. მის ანგარიშზე რვა მოგებაა, მათ შორის ორჯერ, ზედიზედ სამჯერ შეძლო ტიტულის აღება (2002-04, 2007, 2008, 2013-15).

მაგრამ წელს, თავისი კოლექციის შევსებას ამერიკელი ვერ შეძლებს, რადგან ტრავმის გამო, უარი თქვა თამაშზე. შემდეგ მოდიან: შტეფი გრაფი (ხუთი ტიტული), ვინუს უილიამსი და ვიქტორია აზარენკა (სამ-სამი ტიტული), რომელიც დეკემბერში დედა გახდა და ჯერჯერობით, ტურში დასაბრუნებლად ემზადება.

ATP Masters 1000
საპრიზო ფონდი: 6 993 450$
საფარი: ჰარდი, ღია კორტები
ჩატარების თარიღი: 22 მარტი - 2 აპრილი
მონაწილეები: სტენ ვავრინკა (3), მილოშ რაონიჩი (4), კეი ნიშიკორი (5), რაფაელ ნადალი (6), მარინ ჩილიჩი (7), დომინიკ ტიმი (8), როჯერ ფედერერი (10), დავიდ გოფენი (11)...
უარი თქვეს მონაწილეობაზე: ენდი მარეი (1), ნოვაკ ჯოკოვიჩი (2), გაელ მონფილსი (9), ჟო-ვილფრიდ ცონგა (14), რიშარ გასკე (22), მარკოს ბაღდატისი (35), ნიკოლას ალმაგრო (44), სტივ დარცისი (59).
მოქმედი ჩემპიონი: ნოვაკ ჯოკოვიჩი.

მამაკაცთა ტურნირზე გასულ წელს ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა და გაუთანაბრდა ტიტულების რაოდენობით რეკორდსმენს - ანდრე აგასის. მათ ექვს-ექვსჯერ აქვთ მოგებული ეს "მასტერსი". თუმცა, ისევე, როგორც სერენა, ნოვაკიც არ თამაშობს წლევანდელ ჩემპიონატში, რისი მიზეზიც მარჯვენა იდაყვის ტრავმაა.

ასევე გამოიტანა განაცხადი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერმა ენდი მარეიმ. ასე რომ, განთესვის პირველი ნომერი იქნება სტენ ვავრინკა. სხვათა შორის, პირველად 2005 წლის შემდეგ, "მასტერსის" სერიის ტურნირზე პირველად ნომრად არ არის განთესილი "დიდი ოთხეულის" არც ერთი წევრი (როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი მარეი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული