უილიამსი მაიამის ტურნირის მესამე ნახევარფინალისტი გახდა. ის დომინირებდა კერბერის წინააღმდეგ, რაზეც მეტყველებს 13 გამომუშავებული ბრეიკ-პოინტი, თუმცა, ამერიკელს რეალიზაციის მხრივ ჰქონდა გარკვეული პრობლემები - 5 ბრეიკი შეასრულა. საინტერესოა, რომ ორივე სეტს კერბერი ბრეიკით იწყებდა. პირველ პარტიაში ვინუსმა მალე გაათანაბრა ანგარიში. შემდეგ მეტოქეებმა ისევ გაცვალეს გეიმები
მეორე სეტი კერბერმა ბრეიკით გახსნა, მაგრამ შემდეგ ინიციატივას მთლიანად უილიამსი დაეუფლა. მატჩის ბოლომდე გერმანელს მეტოქის მოწოდების აღების ერთი შანსიც აღარ ჰქონია, ვინუსმა კი ზედიზედ ორი ბრეიკი გააკეთა. ამერიკელს ბოლოსკენ გაეწელა გამარჯვების გაფორმება - მხოლოდ მეხუთე მატჩბოლი გამოიყენა.
კერბერმა ამ სეზონში მეშვიდე მატჩი წააგო.
* * *
ვინუსი ფინალში გასასვლელად ბრიტანელ იოჰანა კონტას შეხვდება, რომელმაც ორსაათნახევრიანი "თრილერი" გადაიტანა რუმინელი სიმონა ჰალეპის წინააღმდეგ.
კერბერის მსგავსად, ჰალეპიც ძალიან წარუმატებელ სეზონს ატარებს, თუმცა მაიამიში ნახევარფინალში გასვლის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა. პირველი სეტი ერთადერთი ბრეიკით მოიგო, მეორეში 0:3-დან იმდენი გააკეთა, რომ 5:4-ზე მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ამის შემდეგ იყო მარათონული და თან უცნაური ტაი-ბრეიკი - გათამაშდა 16 ბურთი და 11-ჯერ მინი-ბრეიკი დაფიქსირდა. ჰალეპი ერთხელაც ვერ მივიდა მატჩბოლამდე და მე-13 გეიმი 7:9 წააგო.
მეორე სეტის წაგებით გაწბილებული ჰალეპი უშანსოდ იყო მესამეში - რუმინელმა ერთი ბრეიკ-პოინტიც ვერ გამოიმუშავა და ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება - 3:6, 7:6(7), 6:2.
1/4 ფინალი
კონტა (ბრიტ, 10)-ჰალეპი (რუმ, 3) 3:6, 7:6(7), 6:2
ვ. უილიამსი (აშშ, 11)-კერბერი (გერ, 1) 7:5, 6:3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"