უიმბლდონის 10 დიადი მატჩი: პანჩო ჩარლის წინააღმდეგ

AutoSharing Option
"ჩარლიტო თითქმის ისევე კარგად თამაშობს, როგორც მე", - ამბობდა 1966 წელს არტურ ეში ლოს ანჯელესის უნივერსიტეტსა და დევისის თასზე ამერიკის ნაკრებში თავის პარტნიორზე, პუერტორიკოელ ჩარლი პასარელზე.

ჩარლი წყვილებში თამაშის სპეციალისტი იყო და კარიერის დასაწყისში დიდი პერსპექტივები ჰქონდა. 1967 წელს უიმბლდონზე მან სენსაცია მოახდინა, როცა პირველივე წრეში გამოთიშა ბრძოლას მოქმედი ჩემპიონი მანოლო სანტანა და მეოთხე წრემდე მიაღწია. 1968 წელს პუერტორიკოელს არ გაუმართლა - უკვე მეორე წრეში გადაეყარა კენ როზუოლს. შემდეგ წელს უიმბლდონის პირველ რაუნდში ჩარლის კიდევ ერთი ლეგენდა ელოდა.

რიჩარდ გონსალესი
(უფრო პანჩოდ ცნობილი) ერთ-ერთ უდიადეს მოთამაშედ ითვლება ჩოგბურთის ისტორიაში. ფლოტში სამსახურის შემდეგ ამერიკის ღია პირველობა ორჯერ მოიგო (1948, 1949) და პროფესიონალებში გადავიდა, სადაც 50-იანი წლების შუაში კარგა ხნით დაიმკვიდრა ადგილი პლანეტის საუკეთესო მოთამაშის რანგში. პანჩოს კორტზე აბსოლუტურად ყველაფერი ეხერხებოდა, ხოლო მისი მოწოდება მრავალი წლის განმავლობაში ეტალონად მიიჩნეოდა, მაგრამ, ამასთან, დიადი ამერიკელი მეტად ნერვული ადამიანი იყო, მუდმივად კამათობდა მსაჯებთან და საშინლად ცოფდებოდა წაგების გამო, თუნდაც საუკეთესო მეგობრებთან ბრძოლაში.

1961 წელს, შვიდწლიანი მსოფლიო დომინირების შემდეგ პანჩომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა, მაგრამ ერთი წლის თავზე დაბრუნდა და თამაში გააგრძელა, თუმცა ეს აღარ იყო ძველი დონე. 1963 წელს გონსალესი ამერიკის ნაკრების კაპიტანი იყო, რომელმაც დევისის თასის ფინალამდე მიაღწია. დროთა განმავლობაში პანჩო სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა სამწვრთნელო საქმეს. მისი შეგირდების რიცხვში შედიოდნენ არტურ ეში და... ჩარლი პასარელი. 1968 წელს, 40 წლის ასაკში რიჩარდ გონსალესი ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. თითქოს უკვე შეიძლებოდა დამსახურებულ პენსიაში გასვლა, მაგრამ იმავე წელს ჩოგბურთში ე. წ. "ღია ერა" დაიწყო. ამერიკელს კარიერის ბოლოსკენ უიმბლდონის მოგება მოუნდა...

1968 წელს გონსალესმა უბრალოდ ენერგია ვერ აღიდგინა საფრანგეთის ღია პირველობის შემდეგ. ამიტომაც უიმბლდონის მესამე წრეში ვეტერანმა ოთხ სეტში წააგო ალექსანდრ მეტრეველთან. შემდეგ სეზონში პანჩომ შეგნებულად თქვა უარი პარიზში გამგზავრებაზე და მიზანმიმართულად მოემზადა წლის მთავარი ტურნირისთვის. მას 41 წელი შეუსრულდა, მეტოქე 25 წლის იყო...

* * *
1969 წლის 24 ივნისს ლონდონში წვიმდა, ამიტომაც გონსალესისა და პასარელnს მატჩი მხოლოდ საღამოს ექვს საათზე დაიწყო. მწვრთნელისა და მოსწავლის შეხვედრისთვის ცენტრალური კორტი გამოყვეს, რადგან ამ დუელმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მაყურებელთა მოლოდინი გამართლდა - მეტოქეებმა პირველივე სეტში ბრწყინვალე შოუ დადგეს. პასარელს წინასწარ ჰქონდა შემუშავებული ტაქტიკა - მიღების შემდეგ ის ფეხებში ურტყამდა ბადესთან გასულ გონსალესს და შემდეგ შემოვლით დარტყმას ასრულებდა. ტაქტიკა მეტნაკლები წარმატებით მოქმედებდა - გონსალესი ბრწყინვალედ მოქმედებდა ბადესთან. ორსაათიანი ბრძოლა 46-ე გეიმში დასრულდა, როცა პასარელმა მოახერხა ბრეიკის გაკეთება - 24:22. უკვე საღამოს რვა საათი იყო, ცა ღრუბლებით დაიფარა.

დაღლილმა გონსალესმა სამჯერ სთხოვა მსაჯს მატჩის შემდეგი დღისთვის გადადება. კოშკურის არბიტრმა მაიკ გიბსონმა უარი განაცხადა. პანჩო გაბრაზდა და მისი თამაში საერთოდ მოიშალა. მატჩი გაგრძელდა და მაყურებელმა, რომელიც მანამდე თბილად შეხვდა ვეტერანს, პანჩოს სტვენა აუტეხა. გონსალესს ბრძოლის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. პასარელმა მოიგო მეორე სეტი - 6:1. გიბსონმა, როგორც იქნა, ოთხშაბათისთვის გადადო მატჩი. გონსალესმა ჩოგანი კორტზე დაახეთქა და სტვენის თანხლებით გასახდელში გაემგზავრა.

ღამე მეტოქეებმა სხვადახვაგვარად გაატარეს. პასარელი ადრე დაწვა დასაძინებლად, გაღიზიანებულ გონსალესს კი არ ეძინებოდა. ის ღამის ორ საათზე ადგა და დილამდე შაშს ეთამაშებოდა თავის ყოფილ მეუღლეს.

* * *
ოთხშაბათს მზიანი დილა გათენდა. სანამ პასარელს ეძინა, გონსალესმა ცოტა ივარჯიშა და მალე თამაში გაგრძელდა. სრულიად მოულოდნელად ღამენათევი პანჩო არაფერში ჩამორჩებოდა ახალაზრდა და დასვენებულ მეტოქეს. 14:14-ზე პასარელმა თავისი მოწოდებისას ორჯერ გაწყვიტა სიმები საკუთარ ჩოგანზე.

შესაძლოა, სწორედ ეს გახდა გარდამტეხი მომენტი - პანჩომ მეტოქის მოწოდება აიღო და შემდეგ სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. საინტერესოა, რომ ყოველთვის ნერვული გონსალესი დემონსტრატიულად მშვიდი იყო, იმ დროს, როცა მისი ოპონენტი აშკარად ნერვიულობდა. მეოთხე სეტში გადამწყვეტი მომენტი გახდა პასარელის ორმაგი შეცდომა 3:4-ზე. პანჩომ ბრეიკი გააკეთა, შემდეგ გეიმში კი სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

მეხუთე სეტის მსვლელობისას ცხადი გახდა, რომ ცენტრალურ კორტზე ახალი ისტორია იწერებოდა. ტრიბუნები სავსე იყო, მაყურებელი გასასვლელებშიც კი იდგა, კიდევ 30 ათასი კორტის გარშემო იყო შეკრებილი და ელექტრონულ ტაბლოზე აკვირდებოდა მიმდინარე მოვლენებს. დროთა განმავლობაში გამოიკვეთა პასარელის ფიზიკური უპირატესობა.

გონსალესი ხშირად ცდებოდა, პერიოდულად არ მუშაობდა მისი მთავარი იარაღი - უნაკლო მოწოდება. 4:5-ზე პანჩომ მეტოქეს თავის მოწოდებაზე სამმაგი მატჩბოლი მისცა. "მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა", - ამბობდა მატჩის შემდეგ გონსალესი. მაგრამ ნერვებმა მის მეტოქესაც უმტყუნა - პასარელმა ზედიზედ სამი შეცდომა დაუშვა და გეიმებში ანგარიში გათანაბრდა. სიტუაცია გონსალესის მომდევნო ჩაწოდებისას განმეორდა - ისევ 0:40 და ისევ სამი მატჩბოლი. პირველი პანჩომ შესანიშნავი "სმეშით" მოიგერია, მეორეში პასარელს კარგი მიღება გამოუვიდა, მაგრამ გონსალესი მიუხვდა ჩანაფიქრს და ბრწყინვალე კროსით ჰაერიდან მოიგო ქულა. მესამე მატჩბოლი მაშინ მოიგერია, როცა ჩარლიმ ცუდად მიიღო მოწოდება.

7:8-ზე პუერტორიკოელმა კიდევ ერთი მატჩბოლი მიიღო - რიგით მეშვიდე. ამჯერად გონსალესი მოწოდებისთანავე გავიდა ბადესთან, ჩარლიმ მეტოქისთვის ბურთის თავზე გადაგდება მოინდომა, მაგრამ დარტყმა აუტში გაუშვა. ახალგაზრდა ჩოგბურთელს კიდევ უფრო მეტად დაეტყო ნერვიულობა, მისი ასაკოვანი ოპონენტი კი პირიქით, ყოველგვარი ემოციის გარეშე თამაშობდა.

საბოლოოდ, მე-19 გეიმში პანჩომ შეძლო ბრეიკის გაკეთება, რის შემდეგაც საკუთარი გეიმის აღება რჩებოდა. მან ზედიზედ სამი გათამაშება მოიგო და პირველი მატჩბოლი მიიღო. მოკლე გათამაშებისას გონსალესმა ბადესთან გაიტყუა მეტოქე, რის შემდეგაც აკურატულად გადაუგდო ბურთი თავზე. ამჯერად ყველაფერი იდეალურად იყო შესრულებული - ჩარლი გაშეშებული ადევნებდა თვალს, როგორ ეშვებოდა ბურთი პირდაპირ ხაზზე...

არც ერთ ჩოგბურთელს არ დარჩა ძალა ემოციების გამოსახატავად. ბადესთან მათ ხელი ჩამოართვეს და ერთმანეთს გადაეხვივნენ. 50 ათასი მაყურებელი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს ამ დიადი მატჩის მონაწილეებს.

პასარელმა მხოლოდ გასახდელში გააცნობიერა მომხდარი და ატირდა. რამდენიმე წუთში მასთან გონსალესი შევიდა. მან მოსწავლეს მხრებზე პირსახოცი მოახურა და უბრალოდ უთხრა - "მაპატიე!"...

მატჩის ანგარიში იყო - 22:24, 1:6, 16:14, 6:3, 11:9. ის ხუთ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. 41 წლის შემდეგ უიმბლდონზე ხანგრძლივობის რეკორდი დაამხეს ჯონ ისნერმა და ნიკოლა მაუმ.

* * *
იმ ტურნირზე გონსალესმა კიდევ ორი მატჩი მოიგო, მაგრამ მეოთხე წრეში მას სხვა მოსწავლემ გადაუღობა გზა. არტურ ეში აჭარდებდა, როცა ამბობდა, რომ ჩარლიტო მასსავით კარგად თამაშობდა. ოთხ სეტში ახალგაზრდობამ გამოცდილება დაამარცხა. ეში უფრო შორს წავიდა - ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ წააგო ჩოგბურთელთან, რომელთანაც 1969 წელს ყველა მარცხდებოდა. როდ ლეივერმა იმ წელს თავისი მეორე სეზონური "დიდი სლემი" მოიგო.

პანჩოს კარიერა 1973 წლამდე გრძელდებოდა. ერთი წლით ადრე, 43 წლისა და 9 თვის ასაკში მან მოიგო დე-მინეს ტურნირი, რითაც ისტორიაში ATP-ის ტიტულის ყველაზე ასაკოვანი მფლობელი გახდა. ეს რეკორდი დღემდე არავის დაუმხია. მრავალი წელი გონსალესი ლას ვეგასში ცნობილი სასტუმროს - Caesar's Palace-ის საჩოგბურთო ცენტრს ხელმძღვანელობდა, მაგრამ მძიმე ხასიათის გამო ურთიერთობა გაიფუჭა ხელმძღვანელობასთან და იძულებული იყო ცენტრი დაეტოვებინა. 80-იანი წლების ბოლოს პანჩო ლას ვეგასში თავის მორიგ, მეექვსე ცოლთან რიტასთან ერთად ცხოვრობდა. პარალელურად ის სპარინგებს მართავდა რიტას ძმასთან, ვინმე ანდრე აგასისთან...

რიჩარდ "პანჩო" გონსალესი 1995 წლის 3 ივლისს კიბოთი გარდაიცვალა. ეს უიმბლდონის მატჩის ყურებისას მოხდა. მან რამდენიმე დღე ვერ გაძლო პიტ სამპრასის მორიგ გამარჯვებამდე. თამაშის მანერით სწორედ პიტს მიიჩნევდნენ გონსალესის მემკვიდრედ.

ჩარლი პასარელი ინდიან უელსის მასტერსის დირექტორად მუშაობს, პარალელურად კომენტარს უკეთებს საჩოგბურთო მატჩებს. შეიცვლებოდა თუ არა მისი ბედი იმ მატჩის მოგების შემთხვევაში? პასარელს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, თუმცა ცხოვრებით კმაყოფილია. თუნდაც იმიტომ, რომ ლეგენდა გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული